"მთავრობას 2020 წლამდე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაზეც უნდა წარმოედგინა სტრატეგიული ხედვები" – "საქართველო 2020"-ის სამართლებრივი ანალიზი
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი პროგრამის შესახებ, რომელსაც სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგია საქართველო 2020 ეწოდება, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს ვესაუბრეთ:
-როგორ შეაფასებთ სტრატეგიულ გეგმა "საქართველო 2020"-ს და მის მოსალოდნელ გავლენას ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე. ხომ არ ტოვებს ეს პროგრამა საბჭოთა ხუთწლედების შთაბეჭდილებას?
-ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს პროგრამაც, ისევე როგორც სხვა მსგავსი პროგრამები, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც კეთდება, რაღაცის ან ვიღაცის მემკვიდრეობაა. მთავარი ამ შემთხვევაში არა პროგრამის დასახელება ან მასთან დაკავშრებული ასოციაციები, არამედ მისი შინაარსია. ეს შინაარსი კი ხშირ შემთხვევებში ასეთი გრძელვადიანი პროგრამებისათვის ზედაპირულია და უფრო სურვილებს წააგავს ხოლმე, ვიდრე რეალურ მიზნებს. სამწუხაროდ ამ მხრივ საქართველო 2020, გამონაკლისი არ არის. მე მის ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილზე ცხადია, არ შემიძლია შეფასებები გავაკეთო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს უმთავრესად სოციალური და ეკონომიკური პროექტია, ცხადია გვერდს ვერ ავუვლით მის პოლიტიკურ და სამართლებრივ შემადგენელს. ეს ნაწილი კი აშკარად პროპაგანდისტულად გამოყურება და განსაკუთრებულად ღრმა ანალიზით ვერ დაიკვეხნის, მით უფრო ჩვენი უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ათასობით ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია ამ ხელისუფლების მიერ.
-რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის გაანალიზება და ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების გამოძიება ეკონომიკური წინსვლისა და მომავალი სტრატეგიული ხედვებისათვის ასეთი სახის პროექტებში?
- საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მისი მიზანი სოციალური თანასწორობა, სოლიდარობა და ბიზნესის თავისუფლებაა. ეს ძალიან კარგია იმ სოციალურ დარვინიზმთან შედარებით, რაც ნაციონალურ ხელისუფლებას ახასიათებდა, მაგრამ ამავე დროს, რა ვუყოთ იმ ათასობით ბიზნესმენს თუ რიგით მოქალაქეს, რომლებმაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრება უსასყიდლოდ აჩუქეს მთავრობას და დღესაც პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე თუნდაც ელემენტარულ რეაგირებას ელოდებიან. პროექტის მიხედვით საკუთრების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, მაგრამ რა გარანტია უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს ან რომელიმე მოქალაქეს, როდესაც მან იცის, რომ არა მხოლოდ მისი საჩივარი არ გამოძიებულა, არამედ ის პროკურორი თუ ჩინოვნიკი, რომელმაც მის წინააღმდეგ უკანონობა განახორციელა დიდი ალბათობით ან ისევ მუშაობს, ან დაწინაურებულია. ამიტომაც ვიდრე წინ გავიხედებით, გუშინდელ და დღევანდელ პრობლემებს უნდა მივხედოთ. ეს მნიშვნელოვანია ასევე ამ პროექტით გაცხადებულ ფუნდამენტურ ღირებულებებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის კონტექსტში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები, სწორედ ადამიანის ბუნებითი უფლებების და საკუთრების აღიარების პრინციპით მოახდინეს ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა კომპენსაცია. ჩვენთან კი რა გამოდის. ერთის მხრივ გვაქვს 2012 წლის უმინიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტები ასობით პოლიტპატიმრების და ათასობით უკანონო პატიმრების შესახებ, მეორეს მხრივ კი ამ ადამიანების განცხადებებზე რეაგირება პრაქტიკულად ნულის ტოლია და სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს წამების და იძულების მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ აშკარად თავს არიდებს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, როდის იყო მოქმედი ხელისუფლება მართალი, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლებას რეჟიმს უწოდებდა და ათასობით პატიმარს უშვებდა ციხიდან, თუ ეხლა, როდესაც ათასობით განცხადებას, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით რეაგირების გარეშე ტოვებს?
-რამდენად შეუწყობს ხელს ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან და ხომ არ ეწინააღმდეგება მისი დებულებები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას?
-როდესაც 2013 წელს მთავრობა სტრატეგია 2020 წელს წერდა, მან ცხადია, იცოდა იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებაც, რომელიც დაეკისრებოდა ქართულ მხარეს ასოცირების ხელშეკრულებით. ამიტომაც მისი ძირითადი მიმართულებები ემთხვევა ასოცირების ხელშეკრულებას. ამ პროექტის და ასოცირების ხელშეკრულების საერთო სულისკვეთება თანმხვედრია და ორიენტირებულია ადამიანზე, კანონიერებაზე, ჰუმანურობაზე. საერთო ჯამში ის, რომ ასეთი პროექტი შეიქმნა და მისი ავტორი საქართველოს მთავრობაა, უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. ყველა მთავრობას უნდა ჰქონდეს გენერალური ხაზი, რომელსაც ის გაჰყვება ვიდრე მას ხალხის მანდატი გააჩნია. მაგრამ იქ სადაც არ არის აღდგენილი სამართლიანობა, ყველა გრძელვადიანი მიზნები სოციალურ თანასწორობაზე არის მხოლოდ ოცნება და მეტი არაფერი, რადგან თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა. ეს კაცობრიობის მწარე ისტორიული გამოცდილებით დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომელსაც გვერდს ვერც ეს ხელისუფლება აუვლის. ამიტომაც, მე ვისურვებდი ჯერ სამართლიანობის და სამართლებრივი სახელმწიფოს მშნებლობის გრძელვადიან გეგმებზე წარმოედგინა მთავრობას თავისი სტრატეგიული ხედვები და შემდეგ ან პარალელურად ესაუბრა ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
ესაუბრა ვაჟა თავბერიძე