მტკვარი გაქრება?! - კვირის პალიტრა

მტკვარი გაქრება?!

ასპინძაში საქართველოს დედამდინარის ადგილზე გუბეებია დარჩენილი! - გარემოს დაცვის მინისტრმა თურქეთში სასწრაფო წერილი გაგზავნა

"აზერბაიჯანელები იმაზე წუხდნენ, მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება და ეს ჩვენს ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებსო! თუ ეს ამბავი აზერბაიჯანის ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებს, მაშინ ჩვენ რაღა მოგვივა?! - მთელი თბილისის კანალიზაციური ქსელი მტკვრით იწმინდება. იქამდე კი ნახევარი საქართველო სარწყავად იყენებს."

"მსგავსი ჯოჯოხეთის შეგრძნება სიცოცხლეში არ მქონია, დამშრალი მტკვარი რომ დავინახე"

ათასწლეულების განმავლობაში, საუკუნიდან საუკუნემდე და ალბათ დასაბამიდანაც, მტკვარი საქართველოს დედამდინარედ მიიჩნეოდა, შესაბამისად, საუკუნიდან საუკუნამდე ქართველი ერი ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ დადგებოდა დრო და მტყკარს დაკარგავდა. ჩვენს დროშიც კი, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამაზე ფიქრი ბოროტი ფანტაზიიის ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, არადა, როგორც ჩანს, ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, თუ უკვე არ მოხდა...  2 კვირაა, ასპინძაში, თურქეთის საზღვართან მტკვარი გაქრა! მტკვრის დაშრობაზე ასპინძის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის აგრონომმა ნუგზარ კაველიძემ განგაში მაშინ ატეხა, როცა თურქეთი საზღვარზე, ნასოფლარ ოლოდაში, - სადაც ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ადგილია, თვალი ჯერ კიდევ 2 კვირის წინანდელ ულამაზეს ხეობას შეავლო და იქ ჯოჯოხეთი დახვდა.

- მსგავსი ჯოჯოხეთის შეგრძნება სიცოცხლეში არ მქონია, დამშრალი მტკვარი რომ დავინახე, ისეთი საშინელება იყო, ჯერ დაჯერებაც არ მინდოდა, "თავის დასაცავად" ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ეს სიზმარია-მეთქი? თუმცა სიზმარი რომ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, - თურქეთის საზღვრიდან, ვიდრე ჩვენი მდინარეეები შეურთდებოდნენ, მტკვარი აღარ მოდის, აღარ არსებობს! მის ადგილზე მხოლოდ გუბეებია დარჩენილი. იმ ტერიტორიიდან კი. სადაც მტკვარს მარცხნიდან პატარა მდინარეები: დუმელია და ბუზმარეთი უერთდებიან. ხოლო მარჯვნიდან- ხავეთი და ოკამი მტკვრის კალაპოტში უკვე წყალი მიდის, მაგრამ ეს მტკვარი აღარ არის, - მარჯვნიდან და მარცხნიდან 2-2 მეტრით დავიწროებული და დათხელებულია. თანაც, ეს ახლა, როცა წვიმს, თორემ, გვალვებისას როცა ჩვენი პატარა მდინარეები დაშრება, გამოდის, მტკვრის კალაპოტში წყალი საერთოდ აღარ იქნება! ამას ისუც ემატება, რომ დამშრალ კლაპოტში უწყლობისაგნ დახოცილი თევზიც ყრია…

- როცა ეს ინფორმაცია შევიტყვეთ, ჩვენ ასპინძის გამგეობასაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ თევზი რომ არ დახოცილიყო, დამშრალი კალაპოტიდან, მტკვრის მცირე მდინარეების შესართავთან გადაიყვანეს…

- კი, როგორ, არა. რაო, რა თქვეს, იდგნენ მდინარის კალაპოტში, იჭერდნენ თევზს და სათითაოდ გადაჰყავდათ ჩამდინარე წყალში?! – ეს ხომ მტკნარი სიცრუეა! მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, - მე იმის შიში მაქვს, რომ მტკვარი რეალურად არ დავკარგოთ. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვეცნობოდი განგაშს აზერბაიჯანულ პრესაში, - თურქეთი საქართველოს საზღვრებთან ჰესს აკეთებს, რისთვისაც მტკვარს კალაპოტს უცვლისო! აზერბაიჯანელები იმაზე წუხდნენ, მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება და ეს ჩვენს ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებსო! თუ ეს ამბავი აზერბაიჯანის ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებს, მაშინ ჩვენ რაღა მოგვივა?! - მთელი თბილისის კანალიზაციური ქსელი მტკვრით იწმინდება. იქამდე კი ნახევარი საქართველო სარწყავად იყენებს. გარდა ამისა, მესხეთში მტკვრის ულმაზეს ხეობას ვკარგავთ. ეს ის მდგომარეობაა, რისი შედეგების აღწერა ადამიანურ ფანტაზიას აღემატება. - გარემოს დცვის სამინისტრო იმ ვერსიასაც განიხილავს, რომ მეზობელი სახელმწიფო მტკვრის წყლით ახალ ჰესს ავსებს. რის შემდეგაც მტკვარი უკანვე დაგვიბრუნდება. ამავე დროს განიხილავენ იმ ვერსიას, რომ მეწყერი ჩამოწვა და მტკვარი დააგუბა...

- მეწყერის ჩამოწოლის ვერსია სრული სისულელეა, - 2 კვირა დაგუბებული მტკვარი თურქეთსაც დატბორავდა და ჩვენც. ჩემი აზრით, არც ჰესის ავსებას უნდა სჭირდებოდეს 2 კვირა!

ამ საგანგაშო შემთხვევის თაობაზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დავუკავშირდით, საიდანაც მოგვწერეს: "თურქულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე დადგინდა, რომ თურქული მხარის მიერ ხდება არსებული წყალსაცავების შევსება ზამთრისთვის. შესაბამისად, მდინარე მტკვარში წყლის დონის კლება განპირობებულია ამ ფაქტით და არანაირად არ არის კავშირში ჰესის პროექტთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთთან თანამშრომლობის შედეგად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს ამ საკითხზე ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას. იმისთვის, რომ დადასტურდეს არაფორმალური არხებით მიღებული ინფორმაცია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სასწრაფო წერილი გაუგზავნა თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს, ბატონ ეროღლუს. წერილზე პასუხს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებით. მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ წყლის რესურს ვიდრე თურქეთიდან შემოდის, შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით დროებითი შემცირება არ წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს."

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)