"გელას მკვლელს ალბათ ურეკავდნენ და აგიჟებდნენ, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო" - რატომ მოკლეს ყვარელში პოლიციელი?! - კვირის პალიტრა

"გელას მკვლელს ალბათ ურეკავდნენ და აგიჟებდნენ, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო" - რატომ მოკლეს ყვარელში პოლიციელი?!

"მკვლელი პოლიციელს სადარბაზოში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა"

"როგორ დავიჯერო, რომ კაცი 3 წელიწადში ინგლისში იმაზე ფიქრობდა, - აი, ყვარელში გელა ფიცხელაურს რომ ვეჩხუბე, როდის ჩავიდე და როდის მოვკლაო?! ყვარელში ხალხი ლაპარაკობს, გელა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს."

"გამორიცხული არ არის, რომ ესეც ისევე იყოს მოწყობილი, როგორც თავის დროზე ლევან სამხარაულის მოკვლას "ტენიდნენ"..."

დეტექტივ-გამომძიებელ გელა ფიცხელაურის მკვლელობამ ყვარელში ვნებათაღელვა გამოიწვია. "ქუჩაში ჩვეულებრივ ამბად იქცა რიგითი ხალხის დახოცვა, ახლა პოლიციელების ხოცვაც დაიწყეს... ამის შემდეგ რაიმე კარგზე როგორ უნდა იფიქრო?!" - ამბობს დანაშაულის გახშირებით შეშფოთებული ხალხი. თუმცა, ყვარელის საზოგადოების დიდ ნაწილს ფაქტის მიმართ მძიმე განწყობა სხვა მხრივაც აქვს: "გელა ფიცხელაური საუკეთესო პოლიციელი და გამორჩეული ადამიანი იყო, მის სიკვდილს მთელი ქალაქი ვგლოვობთ; მისი ნაადრევად წასვლა დასანანია"... გელა ფიცხელაური გადაჭრილი სანადირო თოფიდან საკუთარ სადარბაზოში ზურგიდან დაცხრილეს. მკვლელი 1986 წელს დაბადებული ილია სეფაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ვაზნები ნადირის დასახოცი საფანტით იყო დატენილი. მკვლელი პოლიციელს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა. როცა ფიცხელაურმა ეზოში ავტომანქანა გააჩერა და საკუთარ სადარბაზოსკენ გაემართა, ის მსხვერპლს უკან მიჰყვა... მძიმედ დაჭრილმა პოლიციელმა, რომელსაც მსხვილი საფანტით მიყენებული ყველა ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა, ძალა მოიკრიბა და ცოლს დაურეკა, - მიშველეო. გელა ფიცხელააური სიკვდილს საოპერაციო მაგიდაზე დილამდე ებრძოდა... ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

ზურაბ ჩხაიძე, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

- გელა ფიცხელაურის სიკვდილს ნამდვილად მთელი ყვარელი გლოვობს, - აქ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გელასაგან არადამიანური საქციელი ან თუნდაც პირადი შეურაცხყოფა ახსოვდეს. გელას ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა და ყველა გაკვირვებულია მას რა უნდა გაეკეთებნა ისეთი, რომ მოეკლათ....

- თუმცა, მისმა სიკვდილმა ხალხს ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია გაახსენა, სადაც წერდნენ, რომ გარდაცვლილი პოლიციელი გარეული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობაში, რომ მას ლევან სამხარაულის მკვლელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მან "დაავერბოვკა..."

- სენსაციების მაძიებელი მედიის დაინტერესება გამოგონილი სკანდალური ფაქტებით ძნელი როდია. როგორც მე ვიცი, გელამ იცოდა, ვინ შეუკვეთა ეს წერილი გაზეთს, მაგრამ არ ამბობდა, - არ ღირს ამაზე გამოკიდებაო... მაგრამ გელა ლევან სამხარულის მკვლელობის დამგეგმავი და მომზადებელი კაცი ვერ იქნებოდა; მისგან ეს შეუძლებელი იყო...

რეზო ღელაღუტაშვილი: ყვარელის მცხოვრები:

- კარგი კაცი მოკლეს, ძალიან დასანანია...

- თუმცა, საზოგადოების ნაწილი ფიცხელაურის მკვლელსაც დადებითად ახასიათებს, - ამბობენ,  მშრომელი და წესიერი ადამიანიაო...

- მეც ასე ვიცოდი, მაგრამ საზღვარგარეთიდან იმისთვის რომ ჩამოხვალ, აქ კაცი ნადირის მოსაკლავი თოფით მოკლა, ეს რაღა წესიერებაა?

- მკვლელი საზღვარგარეთ იყო?

- დიახ. უცხოეთში წასვლამდე აქ პატარ-პატარა სამუშაოებზე მუშაობდა. მერე 3 წელიწადი ინგლისში იყო, ჩამოვიდა და კაცი მოკლა. თანაც, რანაირად?! - სანადირო თოფი იშოვა, გადაჭრა, რათა უბეში დაემალა, აბა, კაცის მოსაკლავად "პადიეზდში" მთელი დღე სანადირო თოფით ხომ არ იდგებოდა... ესე იგი, კარგად მოემზადა... რაც არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ როგორ შეძლო, კაცს ჰკლავდა, წიწილს ხომ, არა?!

- კაცის უმიზეზოდ მოკვლა ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანისთვის შეუძლებელია... ოფიციალური ინფორმაციით, ეს მკვლელობა რამდენიმე წლის წინანდელი კონფლიქტის გამო მოხდა.

- როგორ დავიჯერო, რომ კაცი 3 წელიწადში ინგლისში იმაზე ფიქრობდა, - აი, ყვარელში გელა ფიცხელაურს რომ ვეჩხუბე, როდის ჩავიდე და როდის მოვკლაო?! ყვარელში ხალხი ლაპარაკობს, გელა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. თუმცა, ჩემი ფიქრით, გამორიცხული არ არის, რომ ესეც ისევე იყოს მოწყობილი, როგორც თავის დროზე სამხარაულის მოკვლას "ტენიდნენ"... კეთილისმყოფელი კაცს საზღვარგარეთ მყოფს არასოდეს დაურეკავს, - ჩამოდი, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო; გელას მკვლელს კი ალბათ ურეკავდნენ და მეთოდურად აგიჟებდნენ. სხვანაირად ასე საგანგებოდ ვერ მოემზადებოდა მკვლელობისთვის, - კაცი მოკლა და მეორე დღეს უკვე საზღვარგარეთ გარბოდა. ესე იგი, გელას მოკვლა დიდი ხანია უნდოდა ვიღაცას.

- ვის და რატომ უნდა ნდომებოდა ყვარლის დეტექტივ-გამომძიებლის მოკვლა?

- რა შუაშია ყვარელი?! ის პოლიციელი იყო და გამორიცხული რატომ არის, რომ ისეთი ინფორმაცია ჰქონოდა, რომლის დაფარვა ვიღაცის ინტერესში შედიოდა?!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)