ვინ არის ქალი, რომელთანაც ედუარდ შევარდნაძეს 10-წლიანი სიყვარული აკავშირებდა
შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა...
შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა
- ძალიან ახლოს იყავით ერთმანეთთან და რა ზღვარი გაფერხებდათ?
ანა-მარია კიპაროიძე:
- ვერ აგიხსნით, თუმცა... ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო... ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ის-ის იყო, ოპერის თეატრში "ტოსკას" რეპეტიცია დავასრულე და გამოვედი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა: კიპაროიძე ბრძანდებითო? ჩემი დასტურის შემდეგ მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მერე მითხრა, ედუარდ ამბროსის ძემ გამომგზავნა, ხვალ მოსკოვში უნდა გაფრინდეთ, აი, თქვენი ბილეთიო - მომაწოდა. იმ პერიოდში შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. თეატრში გავეთავისუფლე, არადა, ედუარდ ამბროსის ძესაც დაერეკა ჩვენს დირექტორ დიმიტრი მჭედლიძესთან და ერთი კვირით ჩემი გათავისუფლება უთხოვია. მეორე დღეს ჩავფრინდი მოსკოვში. ტრაპთან მამაკაცი დამხვდა და მანქანით დომოდედოვოში, შევარდნაძის რეზიდენციაში წამიყვანა. მისაღებ ოთახში დავჯექი, ჟურნალების თვალიერება დავიწყე და ტელეფონმაც დარეკა: - ჩამოხვედიო? - ედუარდ ამბროსის ძე იყო. - ერთ საათში მოვალ, მანამდე რაიმე შეჭამე, დალიე, წაიკითხე და თავი შეიქციეო, - დააყოლა. მართლაც ერთ საათში მოვიდა - სიტყვას არასდროს გატეხდა. წამოსვლისას კატეგორიულად მითხრა: - ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, ნუთუ არ შეგიძლია, ედიკი დამიძახოო? - მშვიდად ვუპასუხე: - მაპატიეთ, არ შემიძლია-მეთქი.
- საწოლშიც არ ეძახდით "ედიკს"?
- არა, რას ამბობთ! ძნელი წარმოსადგენია, არა? და მაინც, ასე იყო... 2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა - ყოფილი "კა-გე-ბეშნიკი" იყო და ეს გაუჭირდებოდა? - როგორ ხარო? - მკითხა თუ არა, მაშინვე ვიცანი ხმით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და... რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი - მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.