რას ფიქრობს პლასიდო დომინგო საქართველოსა და ქართველებზე - კვირის პალიტრა

რას ფიქრობს პლასიდო დომინგო საქართველოსა და ქართველებზე

"უაღრესად მადლიერი ვარ საქართველოსი, რადგან მან ოპერის სამყაროს არაერთი არაჩვეულებრივი ვარსკვლავი აჩუქა."

"ქართველები და ესპანელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან ხასიათით, ტემპერამენტითა და ნიჭით"

პლასიდო დომინგოს არაერთი ქართველი ხელოვანი თავის ფავორიტად მიაჩნია... მათ შორისაა პიანისტი ნინო სანიკიძე, რომელსაც არაერთხელ მოუწია მაესტროსთან თანამშრომლობა. ექსკლუზიურ ინტერვიუში მეგავარსკვლავი წარმატებულ ქართველებზე გვესაუბრა.

- უაღრესად მადლიერი ვარ საქართველოსი, რადგან მან ოპერის სამყაროს არაერთი არაჩვეულებრივი ვარსკვლავი აჩუქა. მაგალითად, ნინო მაჩაიძე, რომელიც იყო დღემდე არის ჩემი ყველაზე გამორჩეული და ხშირი პარტნიორი მასნეს ოპერა "თაისში", რომელშიც ის მთავარ პარტიას ასრულებს. მან ასევე ბრწყინვალედ იმღერა ვიოლეტას პარტია "ტრავიატაში", რომელიც ლოს-ანჯელესში დაიდგა. შესანიშნავი მომღერალია ნინო სურგულაძეც, მადალენას არია იმღერა პირდაპირ ეთერში" "რიგოლეტოში", რომელიც მანტუაში დაიდგა, და რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ისეთი ვარსკვლავების მიმართ როგორებიც არიან: ჩინებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელმაც კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია კუბაში დადგმულ ,,ოპერალიაში" მონაწილეობის შემდეგ. ასეთი მომღერლების წყალობით საქართველო შესაძლოა მალე გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა საოპერო ხელოვნებაში! მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, ვითანამშრომლო ნინო სანიკიძესთან. ის არაჩვეულებრივი მუსიკოსია, გამორჩეული შრომისმოყვარეობით. ის და მისი და, თამარი, დაახლოებით 10 წელი იყვნენ და დღემდე არიან პიანისტები და მასწავლებლები ჩემს კონკურსში ,,ოპერალია". ნინო ისეთი მუსიკოსია, რომლითაც საქართველო უნდა ამაყობდეს.

ჩვენ ნინო სანიკიძესაც ვესაუბრეთ:

-10 წელია მეც და ჩემი და, თამარ სანიკიძე, პლასიდო დომინგოს საერთაშორისო კონკურს "ოპერალიას" ოფიციალური პიანისტები ვართ, რაც ძალიან დიდი პატივია... როცა საჭიროა, მაესტროს როლების მომზადებაშიც ვეხმარებით. იგი ბუმბერაზი ადამიანია, გენიოსის გონებით, უზარმაზარი მასალის ათვისება შეუძლია. საბედნიეროდ, მიწევს მონაწილეობა მის დომინგოს სპექტაკლებშიც. თუ როლს სწავლობს, ვეხმარები როგორც პიანისტი და ერთად ვმეცადინეობთ, თუ დირიჟორობს, მაშინ მისი ასისტენტი ვარ მომღერლების მომზადებაში, სუფლიორიც ვარ სპექტაკლის დროს...

- როგორ იხსენებს მაესტრო საქართველოში ჩატარებულ კონცერტს?

- ძალიან უყვარს და აფასებს ქართველ მომღერლებს. ხშირად ამბობს, რომ ქართველები და ესპანელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან ხასიათით, ტემპერამენტითა და ნიჭით. სიამოვნებით იგონებს ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, უდროობის გამო ბევრი რამ არ უნახავს.

-მან თქვა, რომ საქართველოს ისევ ეწვევა...

- დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით ჩამოვა. ვოცნებობ, რომ კონკურსი "ოპერალია" ერთხელ თბილისშიც ჩატარდეს.

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ