"მიშა მსოფლიო მოქალაქე და მსოფლიო ლიდერია!.." - ვინ რას ფიქრობს ქართველი ექსმაღალჩინოსნების უკრაინულ წარმატებაზე
"სააკაშვილი რომელსაც ლამის მკვლელობაში ედება ბრალი, რა თანამდებობას სთავაზობდნენ, ვერ გავიგე"…
"ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით სთხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას"
"ვერაფრით ვხვდები რაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოხსნეს თანამდებობებიდან, ალბათ იმიტომ, რომ ხალხის ხარჯზე უფრო ბევრი ფული გააკეთონ"
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს ჯანდაცვის ექსმინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის დანიშვნა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ასევე ლაპარაკია უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს ექსპრემიერ ლადო გურგენიძის კანდიდატურის დასახელებაზე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკარინის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოროშენკო-ღარიბაშვილს შორის შემდგარი საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს: "ჩემი უკრაინული წყაროს მიხედვით, ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით თხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას. უკრაინის პრეზიდენტმა ზრდილობიანად უსმინა, მაგრამ ერთი სურვილი გამოთქვა - რომ ქართველ პრემიერს, ამდენ ხანს და ასეთი დაბეჯითებით, რუსეთის შემოჭრისას გამოეხატა შეშფოთება და დახმარების მზადყოფნა." ქართველების უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აფასებენ: პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და მსახიობი ბესო ზანგური.
დავით-დეფი გოგიბედაშვილი:
- საქართველოს და საერთოდ ევროპის უახლესი ისტორიისთვის უკრაინაში ქართველების ასეთი წარმატება ძალიან მაგარი ამბავია.
- ნორმალურია, რომ 50-მილიონიან უკრაინაში შესაფერისი კანდიდატები ვერ მოძებნეს და უცხოელები მიიწვიეს?
- აბსოლუტურად გასაგებია, რადგან საბჭოთა კავშირის ნაგავი ჯერ კიდევ ბევრის ტვინშია გამჯდარი, თანაც კრემლი, როგორც ამ უკიდურესად საშიში ნაგვის მთავარი ადგილი ჯერ კიდევ დგას. ამიტომ აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ არის პროგრესის მომტანი და ვინ - რეგრესის. ამ ფაქტმა ისტორიული განაჩენი გამოუტანა, საბჭოთა კავშირის ამ მენტალურ სანაგვეს.
- თქვენ რომ უკრაინელი იყოთ, უცხოელი მინისტრის დანიშვნაზე რა რეაქცია გექნებოდათ?
- ასეთი მაგარი პიროვნების, როგორიც ალექსანდრე კვიტაშვილია, დანიშვნა, მხოლოდ გამახარებდა.
- მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მას უკრაინაში ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო უკრაინის მხრიდან ძებნილი ადამიანისთვის ასეთი თანამდებობის შეთავაზება?
- მიშა მსოფლიო მოქალაქე და მსოფლიო ლიდერია! მას უსმენენ, ჭკუას ეკითხებიან, პატივს სცემენ და ყველგან ელიან, გარდა მისივე აშენებული ქვეყნისა და რუსეთის გარდა. ამ თანამდებობისთვის მიშამ საქართველოს მოქალაქეობა არ დათმო. ამ საქციელით ბევრი რამ აჩვენა მსოფლიოს. ის საქართველოში ძებნილია კრემლის ხაზით მოსული ივანიშვილის მიერ. ადვილი გასაგებია მთელ ამ ამაზრზენ ფარსში ვინ ვინაა. ამ უტიფარ სიბნელეშიც კი, როგორიც "ქართული ოცნების" საქართველოშია, პროგრესის და რეგრესის გარჩევა ძნელი არ უნდა იყოს. ლაპაპაკობენ, რომ თურმე ეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობებს გააფუჭებს, უკრაინა დღეს დასავლეთ ევროპის პროგრესის და საბჭოთა რუსული წარსულის რეგრესის გზაჯვარედინია. "ქართული ოცნება" რეგრესის გზაზე დგას, მიშა, პოროშენკო, კვიტაშვილი კი პროგრესის ნაწილი არიან. შესაბამისად, ამ ურთიერთოებში ცვლილებები ყველა ვარიანტში მოხდება. ეპოქას ერთეულები ქმნიან, ყველაფერ დანარჩენს კი ისტორია ამბობს.
ბესო ზანგური:
- უკრაინა ყოველთვის იყო კორუფციის და კორუმპირებულების თავშესაფარი, მაგრამ ეს ერთხელაც ხომ უნდა დასრულდეს?! ალბათ უკრაინელები კორუფციის გვირაბს თხრიან და სჭირდებათ ქართველი მინისტრები, რომლებიც საქართველოდან განდევნილები საკუთარი აღვირახსნილობისა და იმ დანაშაულებების გამო არაინ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ვერაფრით ვხვდები რაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოხსნეს თანამდებობებიდან, ალბათ იმიტომ, რომ ხალხის ხარჯზე უფრო ბევრი ფული გააკეთონ. უკრაინელებს ვურჩევდი, რომ თუ ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან, იქნებ, ცოტა გონს მოეგონ და სააკაშვილს გაანებონ თავი, რადგან ესაა კაცი- მონსტრი, რომელმაც ქართველები საშინელ დღეში ჩაგვყარა და არც უკრაინელებს დააყრის კარგ დღეს. სააკაშვილი ბრალდებულია, კაცს, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი, რა თანამდებობას სთავაზობდნენ ვერ გავიგე. ის ბრალდებულია იმაში, რო ჩემი მეგობრის სანდრო გვირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდა, რასაც შეეწირა ჩემი მეგობრის დედის ირინა ენუქიძე, აი, ეს კაცია სააკაშვილი...
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)