"თქვენ ბედნიერები ხართ, თქვენ ჰყვარებიხართ უფალს!" - ჟესტების ენაზე შესრულებულმა სიმღერამ პატრიარქი აატარა
"პატრიარქი აღფრთოვანდა, იტირა, გულიდან მოიხსნა ღვთისმობლის ხატი და კურთხევა მისცა, რომ ეს ხატი სათითაოდ ყველამ ატაროს."
"როცა ჟესტებით ვმღერი, თითქოს სიტყვებს და მათი ჩადებულ ჩემ განწყობას ვხედავ..."
მათ გამოსვლას ტელეპროექტ "ნიჭიერის" სცენაზე გულგრილი არავინ დაუტოვებია. კოკა მუმლაძემ და ნინო დევაძემ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ჟესტების ენაზე შეასრულეს და საზოგადოებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კომპოზიციას კიდევ უფრო მეტი ენერგია, ფერი და ემოცია შესძინეს. ამ სიმღერამ კიდევ ერთხეილ აჩვენა, რომ ადამიანის უნარი და შესაძლებლობა მართლაც შეუზღუდავია. "თქვენ ბედნიერები ხართ, თქვენ ჰყვარებიხართ უფალს" - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეხვედრაზე მისულ "ყრუთა კავშირის წევრებს" და ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს. საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა უწმინდესს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ამ დღეს ძალიან დიდ ხანს ელოდნენ. შეხვედრა ემოციური გამოდგა არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ პატრიარქისთვისაც. კოკა მუმლაძემ და ნინო დევიძემ ჟესტების ენაზე შეასრულეს სიმღერა, რის შემდეგაც უწმინდესმა მკერდიდან მოიხსნა ღვთისმშობლის ოქროს ხატი და მათ უსახსოვრა.
ამირან ბატატუნაშვილი:
- პატრიარქის ნახვა ნებისმიერ ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად ემოციური იყო. ამ შეხვედრის თაობაზე როდესაც შეიტყვე, იმ დღიდან ჩემი მღელვარება არ გამქრალა... ჩვენ, სმენადაქვეითებულები პატრიარქის განსაკუთრებულად მადლიერები ვართ. მოგეხსენებათ, არ გვქონდა საშუალება ჟესტურ ენაზე მოგვესმინა წირვა-ლოცვა, მივმართეთ საპატრიარქოს წერილობით და ვითხოვეთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში გამოყოფილიყო ადგილი, სადაც სმენადაქვეითებულებისთვის ჩატარდებოდა წირვა-ლოცვა. პატრიაქრის ძალსიხმევით, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. პირველად მოხდა, რომ სასულიერო პირმა გამოთქვა სურვილი შეესწავლა ჟესტების ენა და დღეს მამამ გიორგი უკვე ჩვენთვის გასაგებად, ჟესტების ენაზე აღავლენს წირვა-ლოცვას და იბარებს აღსარებებს.
- თქვენმა სიმღერამ პატრიარქი ძალიან ააღელვა...
- ჩვენ გვაქვს კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია არაერთი სიმღერა... როდესაც შეხვედრის შესახებ შევიტყვეთ, საგანგებოდ შეირჩა სიმღერა, რომლიც მთელ მრევლს სურდა, რომ პატრიარქისთვის ემღერა. ეს სიმღერა მოვამზადეთ ჟესტების ენაზე... ამაში ჩავდეთ მთელი ემოცია. ასე მოვეფერეთ პატრიარქს. ეს იყო მთელი სმენადაქვეითებული ადამიანების სათქმელი... პატრიარქი აღფრთოვანდა, იტირა, გულიდან მოიხსნა ღვთისმობლის ხატი და კურთხევა მისცა, რომ ეს ხატი სათითაოდ ყველამ ატაროს.
- თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
- დიახ... წარსულში არ არსებობდა საშუალება, ადამიანებს ჟესტების ენით გამოეხატათ თავისი ემოცია. კომუნიკაციის საშუალება მხოლოდ წერილობითი გზა იყო. ადამიანები, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ, ჟესტებით გადმოსცემენ ადამიანურ განწყობებსა და განცდებს. როცა ჟესტებით ვმღერი, თითქოს სიტყვებს და მათი ჩადებულ ჩემს განწყობას ვხედავ... საუბრის დასასრულ, ორი სიტყვა ისევ პატრიარქზე მინდა ვთქვა, საქართველოში მასზე უკეთესი მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი მე არ მყავს. მისი სიტყვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უფალი მიყვარს და მიმაჩნია, რომ ღმერთის შემდეგ პატრიარქია, რომელსაც ჩემთან ღვთის სიტყვა მოაქვს.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)