"ჩვენი ეპოქა" მკითხველს ელის
"ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულმა ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში უნდა დაიდოს ბინა, რადგან მომავალ თაობას ქვეყნის უახლესი ისტორია ფაქტებით, მოვლენებითა და ფოტოებით შემოვუნახოთ"
"ეს წიგნი 90-იან წლებს გამახსენებს და ჩემი ბიბლიოთეკის ერთგული ბინადარი გახდება"
"დღემდე იცის ჩვენი უბნის პრესის გამყიდველმა, რომ ორშაბათს, "კვირის პალიტრა" უნდა გადამინახოს"
"გაივლის წლები და ჩვენგან მხოლოდ ისტორია დარჩება. თუ შენი ქვეყნის წარსული არ იცი, ვერ შექმნი მომავალს! ფესვებიდან უნდა ისრუტავდე წარსულს და მომავალს უზიარებდეო", - მითხრა ერთმა კახელმა გლეხმა... მას საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქვეყნის ისტორია ზედმიწევნით იცოდა და ცდილობდა, ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინა... წუხდა, მომავალ თაობას ისეთი გამოცემა აკლია, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია ერთად იქნება შეკრულიო. თომა პაპა შარშან გარდაიცვალა, მისი სურვილი დღეს რეალობად იქცა...
"კვირის პალიტრას" გაისად, 18 აპრილს, 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რედაქციამ რჩეული პუბლიკაციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 20-წლიან პერიოდს ასახავს, ერთ სერიაში გააერთიანა.
საიუბილეო ხუთტომეულის პირველი ტომი დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. მსურველებს მისი შეძენა პრესის გამავრცელებლებთან და მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შეეძლებათ...
80 წლის თამარ პავლიაშვილი "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველია. გაზეთს გამოსვლის დღიდან ადევნებს თვალყურს და ბედნიერია, რომ 20 წლის განმავლობაში წაკითხულს მალე "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულში გაიხსენებს...
თამარ პავლიაშვილი: - "კარგად მახსოვს "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი. მართალია, მაშინ მხოლოდ პატარ-პატარა მასალები იბეჭდებოდა, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი ინფორმაცია იყო ერთ გაზეთში თავმოყრილი, რომ მას შემდეგ სხვა გაზეთის ყიდვის სურვილი აღარ გამჩენია. წლები გადიოდა, გაზეთში ახალი ავტორები ჩნდებოდნენ და სულ უფრო საინტერესო ხდებოდა. ჩვენი უბნის პრესის გამყიდველმა იცის, რომ ორშაბათს "კვირის პალიტრა" უნდა გადამინახოს.
სასიხარულოა, რომ უკვე გამოდის "კვირის პალიტრის" ხუთტომეული, რომელიც 90-იან წლებს გამახსენებს და ჩემი ბიბლიოთეკის ბინადარი გახდება.
თამაზ ბალიაშვილიც გაზეთის ერთგული მკითხველია. ამბობს, რომ შვილიშვილებს, რომელიც ჯერ მხოლოდ 3-4 წლისანი არიან, მომავალში სწორედ ამ წიგნით გააცნობს საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიას.
თამაზ ბალიაშვილი: - "ჩვენი ეპოქა" ერთგული მკითხველის დაფასება და პატივისცემაა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ რედაქციას. ვიცი, ყოველ ორშაბათს ჩემსავით ბევრი ელოდებოდა და კიდევ მრავალი წელი დაელოდება ორშაბათის ტრადიციულ სტუმარს. "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულმა ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში უნდა დაიდოს ბინა, რადგან მომავალ თაობას ქვეყნის უახლესი ისტორია ფაქტებით, მოვლენებითა და ფოტოებით შემოვუნახოთ.
მადლობა ყველა ავტორს, რედკოლეგიას, ვინც ქმნიდა, ქმნის და შექმნის "კვირის პალიტრას".
ირაკლი ალადაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" დაარსების დღიდან მუშაობს. პირველ ნომრებში სწორედ მისი საავტორო მასალები იბეჭდებოდა. "ჩვენს ეპოქაში" აფხაზეთის ომთან დაკავშირებული მასალების უმრავლესობა სწორედ მისი მომზადებულია. ინფოგრაფიკა, რომელიც აფხაზეთის ომის რეალურ სურათს ხატავს, ავტორმა საგანგებოდ წიგნისთვის შექმნა.
ირაკლი ალადაშვილი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი: - "1996 წლის შემოდგომაზე ჩემი მასალები მივიტანე გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციაში. მაშინ გაზეთი ერთი წლის იყო და თავისი ავტორები არ ჰყავდა. ჩემამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა ჟურნალისტი ზურაბ მჭედლიშვილი და პირველად სწორედ ჩვენი სტატიები გამოქვეყნდა "კვირის პალიტრაში". მანამდე სხვა გაზეთში ვმუშაობდი სამხედრო კორესპონდენტად. გამოვლილი მქონდა 1992 წლის ცხინვალის და 1992-93 წლების აფხაზეთის ომები. "კვირის პალიტრაში" ყოველ კვირას ქვეყნდებოდა ჩემი სტატიები. 1996 წლიდან დღემდე ასეა. გაზეთში მუშაობის პერიოდში ჩეჩნეთის ომიდან ვგზავნიდი ექსკლუზიურ რეპორტაჟებს. ექსკლუზიური რეპორტაჟები მუდმივად გვქონდა პანკისის ხეობიდან. შემდეგ იყო 2004 წლის ცხინვალის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო თემა საქართველოს ბეჭდურ მედიაში ყველაზე ინტენსიურად "კვირის პალიტრაში" შუქდებოდა. გაზეთის დამსახურებაა, რომ ამ რუბრიკით ბევრი მკითხველი მოვიზიდეთ და მათგან არაერთმა ქვეყნის დამცველის პროფესია აირჩია - ან სამხედრო გახდა, ან პოლიციელი...
ძალიან კარგი იდეაა, რომ "კვირის პალიტრამ" შეაჯამა და ერთგვარი ანალიზი გააკეთა განვლილისა. ამით ერთგულ მკითხველს შეახსენებს, რა ხდებოდა ამ პერიოდის საქართველოში, როგორ ვითარდებოდა ქართული დამოუკიდებელი მედია 90-იან წლებში. სასიამოვნო განცდაა, როდესაც ამ წიგნში ჩემი მასალების ამონარიდებს ვკითხულობ. ამ ეტაპზე "კვირის პალიტრის" უხუცესი თანამშრომელი ვარ".
ნინო ბურჭულაძეც "კვირის პალიტრის" ვეტერანი თანამშრომელია. თბილისის ომზე წიგნში შესული მისი მასალები 90-იანი წლების თბილისს კარგად ასახავს.
ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი: - "როდესაც "პალიტრა L"-მა დაიწყო "თაიმის" გამოცემა, გავიფიქრე, ნეტავ ჩვენც გავაკეთოთ ასეთი გამოცემა-მეთქი. "კვირის პალიტრას" ჰქონდა საკმაოდ დიდი რესურსი იმისა, რომ რამდენიმე ტომი გამოეცა ჩვენი არსებობის 20-წლიან ისტორიაზე და ეს ჩანაფიქრი უკვე რეალობად იქცა.
თბილისის ომზე მუშაობისას ვეცადე, შეფასებისას ობიექტური და ნეიტრალური ვყოფილიყავი. დასაწერადაც დიდხანს ვემზადებოდი. თბილისის ომის ციკლი, რომელიც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა, ძალიან რეიტინგული გამოდგა"...
შეგახსენებთ, რომ "ჩვენი ეპოქა" უნიკალური ფოტომასალით
XX საუკუნის საქართველოში გამოგზაურებთ. 5 ტომი 20-წლიანი ეპოქის სხვადასხვა პერიოდს მოიცავს:
I ტომი - 1995-1999
II ტომი - 2000-2003
III ტომი - 2004-2007
IV ტომი - 2008 (08.08.08)
V ტომი - 2009-2014
თორნიკე ყაჯრიშვილი