"შუბლში გავლილმა ტყვიამ კედელი გახვრიტა" - პოლიციელმა თავი "რუსული რულეტკის" მეთოდით მოიკლა - კვირის პალიტრა

"შუბლში გავლილმა ტყვიამ კედელი გახვრიტა" - პოლიციელმა თავი "რუსული რულეტკის" მეთოდით მოიკლა

რევოლვერს 7 ვაზნიდან 6 ამოაცალა, დაცვის თანამშრომლების მოსასვენებელ ოთახი ჩაიკეტა, საიდანაც მოკლე ხანში გასროლის ხმა გაისმა...

"დღემდე ვერაფრით ვხსნით რატომ მოკილა თავი კაცმა, რომელსაც ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი ჰყავდა..."

"ბანკის ვალი თუ თვითმკველეობის მიზეზია, გამოდის საქართველოს 90% უნდა ამოიჟუჟოს! ეს რა ხდება, რა გადარევს ხოლმე ადამიანს ასე, რომ ვფიქრობ, ლამის შემეშინდეს, მეც არ გადამიტრიალდეს ტვინი და თავი არ მოვიკლა"

ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა ბოლო ხანს ქვეყანაში აშკარად იმატა. ფსიქოლოგთა ნაწილი ამის მიზეზად მძიმე სოციალურ ფონს და უპერსპეტივობის განცდას ასახელებს, რომელსაც საზოგადოებაში მოჭარბებული ფსიქოლოგიური პრობლემებიც ემატება... თუმცა ყველა თანხმდება, რომ ვიდრე ადამიანი სახრჩობელაზე ჩამოკიდებას ან საფეთქელზე რევოლვრის მიდებას გადაწყვეტს, აუატანელი სულიერი ტკივილის გადალახვა უწევს. ამ რამდენიმე დღის წინ ქედის მუნიციპალიტეტში ტრაგედია დატრიალდა, რომლის მიზეზიც დღემდე სრულიად აუხსნელია. ვერავინ ამბობს, მათ შორის ვერ ოჯახის წევრები, რა გახდა 34 წლის გელა ბეჟანიძის თვითმკვლელობის მიზეზი. ახალგაზრდა კაცი აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი იყო და ბოლო 5 წლის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტის დაცვის ცვლის უფროსად მუშაობდა. იმ დღესაც სამსახურში თავის მოვალეობას ასრულებდა. ამბობენ, რომ მშვიდი და გულღია ადამიანი სამსახურში ყველას უყვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან თავი სამსახურეობრივი ტაბელური იარაღით მოიკლა. ტყვია საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. თვითმხილველთა თქმით, მან რევოლვერს 7 ვაზნიდან 6 ამოაცალა, დაცვის თანამშრომლების მოსასვენებელ ოთახი ჩაიკეტა, საიდანაც მოკლე ხანში გასროლის ხმა გაისმა, სროლის ხმაზე ოთახში შესულ თანმშრომლებს, რომელთაც კარის შემტვრება დასჭირდათ, პოლიციელი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. "ისე მოიქცა, თითქოს "რულეტკას" თამაშობდა და ბედი გამოსცადა, დღემდე ვერაფრით ვხსნით რატომ მოკილა თავი კაცმა, რომელსაც ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი ჰყავდა." - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ჩვენთან საუბარში.

როინ რ; გარდაცვლილის ახლობელი:

- ლაპარაკი მიჭირს, რადგან ისეთმა ადამიანმა მოიკლა, თავი, რომლის სიკვდილი არ შეიძლებოდა. გელა ყველას გვიყვარდა, ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა გამოლაპარაკება კი არა, დანახვაც ადამიანს კარგ ხასიაზე გაყენებს. გელაც ასეთი იყო. ქალი ვერ გცდებოდა მცირე ტვირთითაც კი, უკან რომ არ გაკიდებოდა და დახმარება არ შეეთავაზებინა. ცუდ ხასიათზე მაგას ვერ ნახავდი, ამბობდა, რატომ უნდა ჩამოვუშვა ცხვირი, ცოცხალი და ჯანმრთელი ვარო! ასეთი იყო სულ, უკანასკნელ წამამდე! როგორც ამბობენ, გამგეობაში, სადაც მუშაობდა, ხალხს ელაპარაკა, ეხუმრა. ბოლოს თანამშრომელს უთხრა, ერთი წამით გავალ და ისევ დავბრუნდებიო. პოლიციელებისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა და გაისროლა. თანაც, რანაირად, რევოლვრიდან ტყვიები ამოიღო, მარტო ერთი დატოვა, იმ ერთმა ტყვიამ მოკლა! არ ვიცი ეს რა ბედისწერა ჰქონია...

გამგეობაში გელას ნათესავი მუშაობს, რომელსაც თურმე რამდენიმე წუთით ადრე ჩვეულებრივად დასცილდა. იმ კაცს რომ უთხრეს, გელა პოლიციელების ოთახში შევიდა და თავი მოიკლაო, არ დაიჯერა, - რას მელაპარაკებით, რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებრივად მელაპარაკებოდა, თუ რამე უჭირდა, რატომ არ მითხრაო! კაცმა კინაღამ ინფარქტი მიიღო... რა დასანანია, რომ ახალგაზრდა კაცი ასეთი საშინელი სიკვდილით მოკვდა - პოლიციელების ოთახის კარი რომ შეამტვრიეს, ნახეს, რომ გელა იატაკზე სისხლის გუბეში იწვა, შუბლში გავლილ ტყვიას კედელი გაეხვრიტა და ზედ სისხლისა და ტვინის ფრაგმენტების კვალი იყო...

- გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბეჟანიძე 3 მცირეწლოვანი შვილის მამა იყო, იქნებ, სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდა და ამის გამო მოიკლა თავი?

- დაცვის წევრი, რა თანამდებობის პირია ასეთი, რომ სამსახურიდან გამოაგდონ?! ასეც რომ იყოს, განა ნორმალურია 3 შვილის მამა სამსახურის დაკარგვის გამო თავს იკლავდეს?! ოჯახი ფუფუნებით განდვილად არ ცხოვრობდა, მაგრამ არც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ.

- თავის მოკვლის მიზეზად ბანკის ვალებიც სახელდება...

- ბანკის ვალი თუ თვითმკველეობის მიზეზია, გამოდის საქართველოს 90% უნდა ამოიჟუჟოს! ეს რა ხდება, რა გადარევს ხოლმე ადამიანს ასე, რომ ვფიქრობ, ლამის შემეშინდეს, მეც არ გადამიტრიალდეს ტვინი და თავი არ მოვიკლა.

პ. ს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, თვითმკვლელობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ფსიქოლოგთა თქმით, აუცილებელია ჩვენში სპეციალური ფსიქოლოგიური სამსახურების გახსნა, სადაც კვალიფიციური ფსიქოლოგები ადამიანებს ფსიქოლოგირ პრობლემების გადალახვაში დაეხმარებ.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)