"რუსეთი გვაჭმევდა წლების განმავლობაში, თქვენ კი ოკუპანტს ეძახით" - კვირის პალიტრა

"რუსეთი გვაჭმევდა წლების განმავლობაში, თქვენ კი ოკუპანტს ეძახით"

"მინდა, რუსეთ-საქართველოს გზა აშენდეს, რადგან რუსეთი ყველაფერში დამეხმარება. ტყუილად გვეჩხუბებიან ის ვიღაცები, გზა მაინც გაკეთდება და დავისვენებთ"

"აქ თავისას არავის გავატანინებთ. ეს ჩვენი მიწაა, დაბადებიდან აქ ჩვენ ვცხოვრობთ და შორიდან მოსული ვერ გვასწავლის რა ჯობია და რა - არა"

"აბა, იცხოვრეთ, ჩვენნაირად და მერე ნახავთ, როგორი მაგრები იქნებით, არც სამსახურია, არც ენა ვიცით წესიერად, არავის ვახსოვართ და არც ვახსოვდით არასდროს"

რუსეთმა ავარეთ -კახეთის გზის სარეაბილიტაციო მშენებლობა დაღესტანის ტერიტორიაზე ა.წ. აგვისტოში დაიწყო. "დაღესტნის ავტოგზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. გზის სრულად ფუნქციონირებისთვის სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამის თაობზე რუსულ მხარესთნ არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა და არც იგეგმება. ამ რამდენიმე დღის წინ, გზის მშენებლობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აქციით გააპროტესტა, რომელიც ყვარილის რაიონის იმ ტერიორიაზე განმარტეს, რომელზეც, სავარაუდოდ, ამ გზამ უნდა გაიაროს. პარალელურად საპროტესტო აქცია სოფელ სარუსოში მცხოვრებმა ლეკებმაც გამართეს, რომლებმაც მარტო გზის მშენებლობა კი არა, ლამის საბჭოთა კავშირის აღდგენა მოითხოვეს.

სარუსოს გარდა ყვარლის რაიონში ლეკებით კომპაქტურად დასახლებული კიდევ 2 სოფელია. სამივე სოფელში დაახლოებით 2000-ზე მეტი ეთნიკური ლეკი ცხოვრობს, როგორც ირკვევა ბევრ მათგანს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული. აქციაზე რუსული წარწერიანი მაისურებით მისული ლეკები რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ითხოვდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს ტელეფონით დავუკავშირდით:

ნარგო, სოფელ სარუსოს მკვიდრი:

საბჭოთა კავშირისას, სამსახურიც გვქონდა, საჭმელიც და განათლებაც. ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში არ გავრბოდით. ბოლოს როდის შევიკრიბეთ ოჯახის წვერები აღარ მახსოვს. ზოგი სად არის, ზოგი - სად. დაცლილია მთელი სოფელი ახალგაზრდებისგან. აი, ამიტომ გვინდა რუსეთი.

- რუსეთთან თუ ვიქნებით ეს რას შეცვლის?

- სამუშაო იქნება, მოსავალს რომ მოვიყვანთ, კი არ დაგვილპება, რუსეთში გავიტანთ და გავყიდით. ყველა თბილისში ხომ არ ჩამოვა, მით უფრო, ჩვენ ენა ცუდად ვიცით და რა უნდა ვაკეთოთ იქ?.. საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი ძმები და ქმრები რუსულ ჯარში მსახურობდნენ, ხელფასები ჰქონდათ და ოჯახებსაც არჩენდნენ. ჩვენ სახლის საქმეებს ვაკეთებდით და ასე გაგვქონდა თავი. ახლა სულ გვპირდებიან, ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ არაფერი იცვლება.

აბა, იცხოვრეთ, ჩვენნაირად და მერე ნახავთ, როგორი მაგრები იქნებით, არც სამსახურია, არც ენა ვიცით წესიერად, აარავის ვახსოვართ და არც ვახსოვდით არასდროს. მარტო მაშინ მოდიან, როცა არჩევნებია. თქვენც, ჟურნალისტებსაც მაშინ გახსენდებით, როდესაც ვხმაურობთ. იცხოვრეთ, აბა, ჩვენსავით წვალებით და ნახავთ როგორ ილაპარაკებთ ქართულ მიწაზე და ქართველობაზე. საბჭოთა კავშირი დროს ყველაფერი თავის ადგილზე იყო, არც ჩვენ ვგრძნობდით თავს უცხოდ. ისე დაწერეს თითქოს, ჩვენ რუსეთის მიერ საქართველოს დაპრყობა გვინდა, არ არის ასე, ჩვენ არ გვინდა რუსების შემოსვლა, რუსეთში ადვილად გასვლა გვინდა, რისთვისაც ეს გზა დაგვეხმარება.

ჩემი სამივე ძმა რუსეთშია და იქიდან გვეხმარებიან. რომ არა ისინი, აქამდე შიმშილით დავიხოცებოდით. რუსეთმა გადაგვარჩინა. ამიტომ არ არის ჩვენთვის ოკუპანტი.

ომი და უბედურება ეს წინა ხელისუფლების ბრალი იყო, თორემ ახლა რატომ არ გვეომებიან?..

გისო ჩალანაოვა, სოფელ სარუსოს მკვიდრი:

- წლების განმავლობაში რუსეთი გვაჭმევდა, თქვენ კი ოკუპანტს ეძახით. ამიტომაც არ გვირიგდება... აქ თავისას არავის გავატანინებთ. ეს ჩვენი მიწაა, დაბადებიდან აქ ჩვენ ვცხოვრობთ და შორიდან მოსული ვერ გვასწავლის რა ჯობია და რა - არა.

- აქციაზე იძახდით, რუსები ვართო...

- დიახ, ეგ გაბრაზებულ გულზე ვთქვით, მაგრამ თუ საჭირო გახდა კიდევ ვიტყვით. და არავის შემოვუშვებთ აქციის ჩასატარებლად, ეს გზა უნდა გაკეთდეს, რათა ხალხმაც ამოუსუნთქოს და ქვეყანამაც. რუსეთი ჩვენს გადასარჩენად ერთადერთი შანსია.

ყველა რუსეთში გარბის. ვინც ჯერ არ წასულა, აწი, აპირებს წასვლას. ზოგი ლეგალურადაა, ზოგიც ჩუმად, მაგრამ პურის ფულს იქიდან გვიგზავნიან. მიმოსვლა არ უნდა ჭირდეს, უბრალო ხალხმა რა დააშავა?! შვილებთან წავალ და იქ ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ გავბედეთ და ვთქვით, მაგრამ იცით, რამდენს უნდა რუსეთთან ახლო ურთიერთობა?.. არ ამბობენ, ეშენიათ და იმიტომ...

დარია ამაზონოვი:

- სოფელ საცხენეში ვცხვრობ. ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ. ეს ჩვენი სამშობლოა, მაგრამ რუსეთში მყოფი შვილები და ქმარი მარჩენენ. მენატრებიან ისინი, 7 წელია არცერთი არ მინახავს... რა დაშავდება იმით, თუ მათ წელიწადში ერთხელ ვნახავთ. ამისთვის მხოლოდ გზაა საჭირო და ამის გაკეთების უფლებას ვიღაცები არ გვაძლევენ. მტერია რუსეთიო, ვინ გაიხადა მტრად?..

- რუსეთის წარწერიანი და ნამგლისა და უროს გამოსახულებიანი მაისურები საიდან მოიტანეთ?

- მაისურები მოგვცეს, ვინ მოგვცა, მაგას რა მნიშვნელობა?! ასე უფრო კარგად ვიტყოდით ჩვენს სათქმელს... ჩვენ გვინდა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა, ჩვენ არსად წავალთ.

ავარიელი ვარ. მაგრამ ქართველიც. აქ დავიბდე და გავიზარდე და მინდა, რომ ჩემმაა შვილებმა აქაურობა არ დაივიწყონ. გზა რომ გაკეთდება უფრო ხშრიად ჩამოვლენ, ჩვენც ჩავალთ. ამიტომ მინდა რუსეთი, მინდა რუსეთ-საქართველოს გზა აშენდეს, რადგან რუსეთი ყველაფერში დამეხმარება. ტყუილად გვეჩხუბებიან, ის ვიღაცები, გზა მაინც გაკეთდება და დავისვენებთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)