თბილისის ომი - სისხლიანი კლოუნადა
გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" ხუთტომეულის - "ჩვენი ეპოქა" I ტომიდან
"შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ"
"თბილისის ომს მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე. სხვა ნიშნებითაც, ეს იყო უცნაური და განსხვავებული ომი. მახსოვს, ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექი რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან შვეულმფრენი გამოჩნდა, რომელზეც ვეებერთელა ავზი იყო ჩამოკიდებული. ავზი იმხელა იყო, რომ ხალხმა მაშინვე რაღაც სისულელეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვიღაცამ თქვა, – ალბათ, ვერელების "ვერტალიოტიაო", ვიღაც იქვე შეეკამათა კიდეც, – ვერელებისა კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და "რულთან" ბუბა კიკაბიძე ზისო. შვეულმფრენის შტურვალს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (ის ავზი პარლამენტსა და პირველი სკოლის შუა ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან როგორც მერე გავიგეთ, საწვავით იყო სავსე და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, თუმცა, მსხვერპლი უამისოდაც დიდი იყო, რაც მთავარია, ომი წაგებული ჰქონდა ორივე მხარეს, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ)".
დათო ტურაშვილი,
"იყო და არა იყო რა"
1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს.
"28 დეკემბერს კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბიდან დაეხმარნენ, ამჯერად ტელეანძის ასაღებად. ბრძოლაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული საბჭოთა ჯარისკაცი. საერთოდ, თბილისის ომი შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა არმიის უკანასკნელ ოპერაციად, რადგან 31 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები რუსეთის ჯარებად გადაკეთდა".
სპარტაკ ჟიდკოვი, "მცირე იმპერიის ნახტომი"
"ქართულ ეროვნულ მოძრაობას ხელები სისხლით აქვს მოსვრილი და საეჭვოა, რომ მან ოდესმე ამ სისხლის ჩამობანა შეძლოს".
აკაკი ბაქრაძე, სატელევიზიო გამოსვლიდან,
1992 წლის იანვარი
1991 წლის 27 დეკემბერს ორთაჭალის საგამოძიებო იზოლატორში ხანძარი გაჩნდა. იმავე საღამოს ოპოზიციამ შეძლო ციხიდან ჯაბა იოსელიანის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოლიტიკოსებთან ერთად იზოლატორი ასამდე მხედრიონელმა და მათთან ერთად სხვადასხვა ჯურის დამნაშავემაც დატოვეს.
27 დეკემბერს შეიარაღებული ოპოზიციის რიგებში რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, ხოლო "მხედრიონი" 28 დეკემბრიდან ჩაერთო კონფლიქტში.
"1991 წლის 27 დეკემბერს მთავრობის სახლის წინ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მე და ჯონი ფირცხალაიშვილი წავედით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელ გენერალ ბეპაევთან (გენერალი პატრიკეევი მაშინ შვებულებაში იყო). ბეპაევს პროტესტი განვუცხადეთ რუსი სამხედრო მოსამსახურეების პუტჩში მონაწილეობის გამო და რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა მოვთხოვეთ. ბეპაევი ყურადღებით გვისმენდა, შემდეგ მშვიდად გვიპასუხა, – ეს გადაწყვეტილება ჩემმა მთავარსარდალმა, ბორის ელცინმა მიიღო. მესმის, რომ ესენი (ამბოხებულები) კრიმინალური ბანდები არიან (ზუსტად მაშინ შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი დივიზიის მეთაური ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მძიმედ იყო დაჭრილი), მაგრამ მე მაქვს ბრძანება, დავეხმარო პუტჩისტებს, როგორც თქვენ ეძახითო".
ვიქტორ დომუხოვსკი
(უზენაესი საბჭოს წევრი), ვარშავა, 2001 წ.
29 დეკემბერს ბესო ქუთათელაძე ოპოზიციის მხარეზე გადავიდა. ტელეანძის დამცველი ფიქრობდა, რომ ამდენი სისხლის ღვრა და წინააღმდეგობა უკვე უაზრობა იყო.
მეცნიერებათა აკადემიის შენობაში კი სიგუას, კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის შეთანხმებით, სამხედრო საბჭო დაფუძნდა. სამხედრო საბჭომ თენგიზ სიგუას დროებითი მთავრობის შექმნა დაავალა.
რუსთაველის გამზირზე ომი კვლავ გრძელდებოდა, ქალაქის კინოთეატრები კი საახალწლო კინოჩვენებებისთვის ემზადებოდნენ. 31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მთელი დღე მოკლელულიანი ქვემეხები გუგუნებდნენ. გვიან ღამით სროლა თითქოს მიწყნარდა კიდეც.
3 იანვარს დიდუბის მეტროსთან რამდენიმეათასკაციანი მიტინგი გაიმართა. მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა 5 ახალგაზრდა და დაიჭრა 25 კაცი.
სამხედრო საბჭომ გამსახურდიას ხელშეუხებლობისა და თბილისის უვნებლად დატოვების პირობა მისცა. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით, ზვიად გამსახურდიამ მთავრობის სასახლე დატოვა.
როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
"მთავრობის სასახლიდან რომ გამოვედით, ჯერ გათენებულიც არ იყო. ისევ ბნელოდა. ავტობუსში ჩავსხედით, რომელიც ხალხით ისე იყო გაჭედილი, განძრევაც არ შეიძლებოდა. ჩემ გვერდით დეპუტატი ირინე ტალიაშვილი იჯდა".
ნემო ბურჭულაძე
(უზენაესი საბჭოს წევრი)
ჯაბა იოსელიანმა მოგვიანებით აღიარა, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისთვის ცეცხლის გახსნა დიდი შეცდომა იყო.
"ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები, უსაფრთხოდ დატოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო! იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები იყვნენ, პრეზიდენტს თავი რომ დავანებოთ".
ჯაბა იოსელიანი
"დაცხრილულ ავტობუსში თითზე ჩამოსათვლელნი გადავრჩით. როგორც იყო, იქიდან ჩამოვედით და იქვე ახლოს, სარდაფს შევაფარეთ თავი. ალბათ, 7-ის ნახევარი იქნებოდა, რომ შეიარაღებული ახალგაზრდები შემოიჭრნენ. მე, ნემო ბურჭულაძე, ტარიელ გელანტია და ბორის კალანდია დაგვაპატიმრეს და წაგვიყვანეს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში, სადაც
პუტჩის მოთავენი იყვნენ".
ირინე ტალიაშვილი
(უზენაესი საბჭოს წევრი)
დევნილი პრეზიდენტი თავშესაფრის იმედით აზერბაიჯანში გადავიდა. თუმცა, პრეზიდენტმა მუთალიბოვმა, "მეზობლების" განაწყენების შიშით, მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, სომხეთში გადასულიყო.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები სამხედრო საბჭოს სომხეთში მყოფ ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებას სთხოვდნენ, გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრა დევნილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ზვიად გამსახურდია სოხუმიდან ჩაფრენილი თვითმფრინავით გროზნოში გაფრინდა...
1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და "ტირანზე" გამარჯვება იზეიმა.
სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომი.
იმავე დღეს, 7 იანვარს, მთავრობის სასახლიდან გასული გამსახურდიას 30-მდე გვარდიელი ზუგდიდში, შინ ბრუნდებოდა. ნატახტართან მათ ავტობუსს კიტოვანის გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსში მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე გადარჩა.
თბილისის ომი დასრულდა, თუმცა, არ დასრულებულა სამოქალაქო დაპირისპირება... საქართველო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. შემდეგ დატრიალებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა გამსახურდიას სიტყვები:
„მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი – ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.
ზვიად გამსახურდია,
1991 წლის 8 ოქტომბერი