რა წამალმა არგო ღარიბაშვილს და ვინ არის ქოსატყუილა - კვირის პალიტრა

რა წამალმა არგო ღარიბაშვილს და ვინ არის ქოსატყუილა

ძვირი ფასი

მას შემდეგ, რაც საყდრისში ფაქტობრივად დასაცავი აღარაფერია, საქართველოს ხელისუფლებას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც დასავლეთი უდგება პუტინს უკრაინის საკითხში, ანუ ეს ქმედება რაც შეიძლება ძვირი უნდა დავუსვათ, ძვირი ფასი უნდა გადავახდევინოთ, რათა სხვა დროს ანალოგიური ვანდალიზმის ჩადენის სურვილი აღარ გაუჩნდეს. მოკლედ, დამნაშავეების დასჯა უნდა მოვითხოვოთ, თან უმკაცრესად. ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხი მოეკითხება. წინა ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნების გასამართლებას მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ ახალ ხელისუფლებაში აღარავის გაუჩნდეს დანაშაულის ჩადენის სურვილი, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ჭკუას მაინც ვერ სწავლობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, ვინმე ნიკოლოზ ანთიძე, ამ დღეებში ისე ირონიულად იცინოდა ხალხის პროტესტზე, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, არავინ დასჯის. არადა, ჯერ კიდევ 2011 წელს ასევე ეცინებოდათ ოპოზიციის მუქარაზე, დაისჯებითო, ვანო მერაბიშვილს თუ გიგი უგულავას, მაგრამ ახლა სად არიან, ბატონმა ანთიძემ ჩემზე უკეთ უნდა იცოდეს. ხელისუფლებაში მუდმივად ვინ ყოფილა?! ახლა თუ არა, მერე ყველას მაინც მოეკითხება!

აქ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ საყდრისი აუცილებლად უნიკალური იყო-მეთქი, მაგრამ, ვიდრე მეცნიერები დაობდნენ, რა უფლება ჰქონდა კულტურის სამინისტროს, აფეთქების უფლება მიეცა?! რა უფლება ჰქონდათ, ასე პარტიზანულად ემოქმედათ, ერთ დღეში მიეღოთ გადაწყვეტილება და სასწრაფოდ აეფეთქებინათ, რომ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონოდა?! სამინისტრო ამბობს, ჩვენ აფეთქების ბრძანება არ გაგვიცია, უბრალოდ, სტატუსი მოვუხსენითო. ესეც მორიგი ცინიზმი. ვითომ ერთი და იგივე არ იყოს! ხომ ცხადია, რომ სამინისტრო და კომპანია შეთანხმებულად მოქმედებდნენ?! გადაწყვიტეს, რაც იქნება, იქნება, ერთ შეტევას გავუძლებთ, მერე ყველას დაავიწყდება, მოდი, სასწრაფოდ მოვათავოთ ეს საქმეო. არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლებას ასეთი უპრეცედენტო თავხედობა არ უნდა შერჩეს!

არგო წამალმა?!

ღარიბაშვილზე აშკარად კარგად იმოქმედა ცუდი წრის ჩამოშორებამ. ყოველ შემთხვევაში, წინა კვირას კარგი ინიციატივებით გამოვიდა: ჯერ ბენზინის ფასები მოიკითხა, ასე ძვირი რატომაა, შეისწავლეთ და მომახსენეთო (ვითომ ეს ორი წელი იაფი ღირდა!), მერე პროკურატურის რეფორმა ჩავატაროთო (ვითომ აქამდე ამის საჭიროება არ იყო), მანამდე შსს-ს რეფორმაც დააანონსა. ახლა მთავარია, კარგ ინიციატივებს რეალური შედეგიც მოჰყვეს და მხოლოდ კარგ ინიციატივებად არ დარჩეს. რეფორმისთვის მზადყოფნა საქმის ნახევარია. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს. როგორ? არასამთავრობოები ამბობენ, მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დანიშნოს და არა პრემიერმაო, პარლამენტს კი კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოსო. კი მაგრამ, პარლამენტში ხომ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს? ანუ რა გამოვა: ამ უფლებას ღარიბაშვილს ჩამოვართმევთ და საგანელიძეს გადავცემთ? პრეზიდენტი არ წარადგენს ცუდ კანდიდატურასო, არ წარადგენს და ჩაუგდებენ! თან ეს ახლაა პრეზიდენტი მმართველ გუნდთან დაპირისპირებული, თორემ შემდეგი შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი. კანონს ერთი დღისთვის ხომ არ ვიღებთ? მაშინ რა შეიცვლება? პროკურატურის რეფორმის პროექტს ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის არასამთავრობოც წერსო. როგორც გავიგე, მის ვარიანტში პრემიერი წარუდგენს პარლამენტს პროკურორის კანდიდატურას, ანუ თუ დღეს მხოლოდ ღარიბაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, მერე ღარიბაშვილი და საგანელიძე ერთად მიიღებენ. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრა იქნება?

ამიტომ ვამბობ: ინიცირება კარგია, მაგრამ განხორციელება უფრო საშური. როგორ დასრულდება ეს რეფორმები, ეს არის მთავარი და სწორედ მაშინ გამოჩნდება, სწორად უწამლეს თუ არა ღარიბაშვილს.

ქოსატყუილა

დიდი ხანია, მიშაზე არ დამიწერია და აჰა, ისევ უნდა გავიხსენო. წინა კვირას ისეთი ამბები დაატრიალა, ლამის თავად ჩაიბარა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენმა ხელისუფლებამ სანამ არ გაიგო, რომ იქ მიშა მიდიოდა, მანამდე ვერ მოიფიქრა, რომ წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა გაეგზავნა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მიშა რომ დაინახეს, მერე შემოირტყეს ხელი თავში, დაფაცურდნენ და აფრინეს მარგველაშვილი. თორემ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, იქ მარტო მიშა რომ გამოჭიმულიყო. ისედაც ხომ გაიძახის, მთელი ეს ასოცირება ჩვენი რეფორმების დამსახურებააო და მერე გენახათ ქულების ჩაწერა. მოკლედ, ეს მთავრობა ისევ მიშას ჯიბრზე თუ მოიქცევა სწორად.

მიშა კი როგორ იქცევა? ისევ ისე, როგორც ადრე! აგრძელებს ზღაპრების მოყოლას.  ახლაც მშვიდად მოჰყვა: ერთ-ერთ აეროპორტში აღმოვაჩინე, თურმე ჩემთვის საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებიათ, თუმცა, ამან არ დამაბრკოლა, მითხრეს, რას იზამთ, ასეთი მთავრობა გყავთ დღესო და გამომიშვეს. ეს დღეებია, მინდა ამოვხსნა და ვერ მივხვდი, ეს ყველაფერი ვინ უთხრა, მესაზღვრემ? ნეტავ რომელ ქვეყანაში იპოვა მესაზღვრე პოლიტიკური განცხადებებით, ჰა?! თან ჩვენს რეალობაში ასე გარკვეული?! ბოლოს ისიც გაირკვა, რომ თურმე `საპრეზიდენტო პასპორტი" საერთოდ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დიპლომატიური და ასეთი მიშას ოთხი ჰქონია, თანაც ყველა მოქმედი. ამ ამბავს ისიც მოაყოლა, ახლა მივდივარ, ანგელა მერკელს უნდა შევხვდე, მარგველაშვილთან სალაპარაკოდ არ მცალიაო. მოკლედ, ვინ ოხერია მარგველა, როცა მელოდება ანგელაო. რაფერ გინდა, ასეთი კაცისგან რამე დაიჯერო?!