რა იქნება მოდური 2015 წელს, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ გავაწყოთ სუფრა? - კვირის პალიტრა

რა იქნება მოდური 2015 წელს, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ გავაწყოთ სუფრა?

"ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ნამდვილ ბეწვში იყოთ გამოწყობილი, რადგან ლურჯი თხის წელი მოდის, თხას ეს არ მოეწონება."

"ახალი წელია და ყველა ქალს უყვარს, როცა ის ბრჭყიალებს. უბრალოდ, ზედმეტი არ მოუვიდეთ, რომ ნაძვის ხის მაგივრად ბავშვებმა მათ გარშემო არ ირბინონ."

"ცხვრის (თხის) წელიწადი ძალიან ჰარმონიულია. ამ წელიწადს მოდურია მშვიდი, ჰარმონიული, დახვეწილი ქალის სილუეტი."

ყველა ქალი ცდილობს ახალ წელს განსაკუთრებით თვალისმომჭრელი იყოს. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ახალი წლის ღამეს მასიური, ბრჭყვიალა სამკაულებით მოვირთოთ. თუმცა, ხუმრობით დასძენენ, რომ ძალიან არ უნდა გადავაჭარბოთ, რომ გარშემომყოფთ ნაძვის ხეში არ ავერიოთ.

როგორც დიზაინერები ამბობენ, 2015 წელს აქტუალური იქნება ლურჯი და შაბიამნისფერი ფერები. ვინაიდან ლურჯი ცხვრის (თხის) წელიწადი მოდის, სუფრის გაწყობისას უნდა გავითვალისწინოთ რომელ საჭმელს ისურვებდა ცხვარი (თხა), როგორც ასტროლოგები ამბობენ, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აუცილებელია სუფრაზე იყოს დიდი რაოდენობით მწვანილი და ბოსტნეულისგან მომზადებული სხვადასხვაგვარი სალათა.

რას გვირჩევენ დიზაინერები, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ახალ წელს და რაზე გავაკეთოთ აქცენტი, ამ შეკითხვებით "კვირის პალიტრამ" ქართველ დიზაინერებს მიმართა.

ავთანდილი, დიზაინერი:

- ავთანდილის მოდის სახლმა მეორე ხაზისთვის რამდენიმე მოდელი სხვადასხვა სიტუაციისთვის შექმნა. ვინც ახალ წელს კლუბში ხვდება მოკლე და გაშლილი ქვედაბოლოთი შეუძლია მოიწონოს თავი, სერიოზულ რესტორანში -სჯობს გამოყვანილი სილუეტის კაბა მოირგოთ, ხოლო გუდაურში ან ბაკურიანში თუ ხვდება ახალ წელს, რა თქმა უნდა, კომბინირებულად უნდა შეარჩიოთ თქვენი ჩაცმულობა, მაგალითად, აბრეშუმის თხელი დავარდნილი ქვედაბოლო ჩაიცვათ, ზემოდან კი ვერცხლისფერი თბილი შარფები მოიხუროთ, ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ გამაშები... რაც შეეხება პირველი ხაზის კოლექციას, ქალბატონებს შევთავაზეთ მოდელები, სადაც ფეწერულად განაწილებულია სხვადასხვა ფერები. წელს აქტუალურია წითელი, შაბიამნისფერი. ასევე, გვერდი ვერ ავუარეთ ყველასთვის საყვარელ შავ ფერს. რაც შეეხება სამკაულებს, სასურველია მასიური, დიდი, რაც შეიძლება ბევრი იყოს. ახალი წელია და ყველა ქალს უყვარს, როცა ის ბრჭყიალებს. უბრალოდ, ზედმეტი არ მოუვიდეთ, რომ ნაძვის ხის მაგივრად ბავშვებმა მათ გარშემო არ ირბინონ."

თინათინ მაღალაშვილი, დიზაინერი:

- წელს მოდური მწვანე, ლურჯი ფერებია, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. თუმცა, ხშირად არის, რომ ზოდიაქოს ფერები მოდის ტენდენციას არ ემთხვევა, მაგრამ წელს ემთხვევა. ლურჯი ძალიან მოდური ფერი იქნება. ასევე, შაბიამნისფერი. ეს ძალიან ეფექტიანი ფერია. მინდა გითხრათ, რომ ეს ფერი შავგრემანსაც და ქერასაც ერთნაირად უხდება. წლების მიხედვით სარტყელის ხაზი მოძრაობს. მომავალ წელს მაღალწელიანი შარვლებია მოდაში, ასევე, მაღალწელიანი ქვედაბოლოები. ფართო განიერი შარვლები, ასევე, კოჭს ზემოთ მომდგარი შარვლები იქნება მოდაში. ამ წლის ჰიტი კვლავ დიორისეული სტილია ანუ წელზე მომდგარი ქამარი და გაშლილი ქვედაბოლოები.

- კაბის სიგრძე როგორია?

-  გვხვდება გრძელიც. ძალიან მოკლე ნაკლებად. უფრო მუხლს ქვემოთ, კონსერვატიული სიგრძის.

- ბეწვეული?

- ბეწვეული ყოველ სეზონზე მოდაშია. წელს უფრო ნატურალური ბეწვია მოდაში. ერთ ნიუანსს დავამატებ, როცა ახალი წლის ტენდენციას ვიხილავთ, იქ კატეგორიულად არის ნათქვამი, რომ ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ნამდვილ ბეწვში იყოთ გამოწყობილი, რადგან ლურჯი თხის წელი მოდის, თხას კი ეს არ მოეწონება. ძალიან საინტერესოა ღია ფერის ან შავი ფერის კაბაზე ბრჭყვიალა აქსესუარი, გამომდინარე იქიდან, რომ ასტროლოგები გვიმტკიცებენ, რომ ბრჭყვიალა აქსესუარმა უნდა დააბრმავოს თხა თუ ცხვარი.  წელს მოდაშია ძვირფასი ბიჟუტერია, მაგრამ არა მასიური. ცხვრის (თხის) წელიწადი ძალიან ჰარმონიულია. ამ წელიწადს მოდირია მშვიდი, ჰარმონიული, დახვეწილი ქალის სილუეტი. შავი და კრემისფერი არის კლასიკური ფერები, რომელიც ქალს ძალიან ელეგანტურს ხდის. წლის ტენდენცია არის აგებული იმაზე, რომ ქალი მშვიდია, გაწონასწორებული და თავის თავში დარწმუნებულია. - მას შემდეგ, რაც ქალბატონები მოირთვებიან, როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა? რა დეტალების დამატებას ურჩევდით?

- საახალწლო სუფრა ინდივიდუალურია. ზოგი ახალ წელს გარეთ ხვდება. სუფრა შეიძლება ხელსახოცებით, ბაფთებით მოვრთოთ, ეცადეთ ლურჯი ფერი ჭარბობდეს. ასევე ვურჩევ, სუფრის ფერები ნაძვის ხის ტონალობას შეუხამონ.

ანუკა ქებურია, ფეხსაცმლის დიზაინერი: - წელს აქტუალურია ლურჯი, მუქი ლურჯი, ბეჟი ფერები. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ქუსლი უფრო გასქელდა. ძალიან მოდურია შუშის ქუსლები. რაც შეეხება ცხვირის ფორმას, აქტუალურია ოთხკუთხედი, მრგვალი და წვრილი ცხვირიც. უბრალოდ, მოდური ფეხსაცმლის გრძელი ცხვირი არ არის. 2015 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე მოდურია ღია ფერის ფეხსაცმელი. აქტუალურია ე.წ. ტრაქტორები, რაც საკმაოდ კომფორტულია ფეხისთვის. ძალიან მომწონს ნაზ ზედაზე ან კაბაზე უხეში, იგივე ტრაქტორის ძირიანი "ბათინკის" შეხამება

- ანუ 12 სანტიმეტრიანი ქუსლიდან ძირს დავეშვით?

- არც თუ დიდი ხნის წინ, 12-10 სანტიმეტრიანი ქუსლი ან დაბალი ძირი იყო მოდური. ჩვენი ბებიების დროს კი მოდური იყო 5-6 სანტიმეტრიანი ძირის ქუსლები, რაც 2015 წელს ისევ მოდური ხდება. პრინციპში კომფორტულია, თანაც, როგორც ორთოპედები გვირჩევენ, 5 სანტიმეტრიანი ქუსლი ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც კარგია.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)