ოპერაცია "სააღდგომო ბატკანი" - როგორ ჩაიგდო ხელში სახელმწიფომ ფიროსმანის ნახატი
სკანდალური ექსკლუზივი
"ეს რურუას შეკვეთილი საქმეა, მისი დავალება მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შეასრულეს"
"ეს საქმე უნიკალური და უპრეცედენტოა - ისე წაართვეს ალანიას ქონება, ბრალიც არ წაუყენებიათ მისთვის"
რამდენიმე წელია ალანიების ოჯახი სამართალს უშედეგოდ ეძებს. წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც გაიმარჯვებდა სიმართლე, მაგრამ ასე არ მოხდა. უწყებიდან უწყებაში საჩივრებს წერდა პოლიციის პოლკოვნიკი დამიანე ალანია და ფიროსმანის ნახატის, "სააღდგომო ბატკნის" დაბრუნებას ითხოვდა. 85 წლის მოხუცი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სამართალი ვერ იპოვა. არადა, 40 წელი ძალოვან სტრუქტურებში იმუშავა. აქედან 20 წელი თბილისის შს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო. პროფესიით იურისტი, ბიბლიოფილი გახლდათ. მან გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს თორმეტი ათასზე მეტი წიგნი და პერიოდიკა აჩუქა. მისი ვაჟი, ნუგზარ ალანია, ცდილობს მამისთვის წართმეული ნივთი დაიბრუნოს.
ნუგზარ ალანია: - მამამ 2001 წლის 17 მარტს ქაშუეთთან მდებარე ანტიკვარულ სალონ „"ორიენტში"“ 35.000 დოლარად ნიკო ფიროსმანაშვილის "მელა" და "სააღდგომო ბატკანი" შეიძინა (23 ათასი დოლარი იქვე გადაიხადა, დარჩენილი თანხა კი მეორე დღეს მიიტანა). ორივეს შეძენა დადასტურებულია დოკუმენტით. შესყიდვამდე სურათს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, აჩვენა მხატვარ-რესტავრატორს, ცხონებულ თენგიზ მირზაშვილს. 2009 წლის 9 სექტემბერს მამამ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მიმართა განცხადებით, რომ "სააღდგომო ბატკნის" ნამდვილობა დაედასტურებინათ და დასკვნა გაეცათ. თავად მივიტანე სურათი კულტურის სამინისტროში. დავურთე ყველანაირი დოკუმენტი: ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების გამგის წერილი; ხელოვანების დასკვნა; ნიკო ფიროსმანაშვილის უცნობი სურათების გამოფენის ბუკლეტი; სურათის საფასურის გადახდის ქვითარი და ფოტოები. მამამ "მელა" 2003 წელს გაასხვისა, "სააღდგომო ბატკანი" კი შინ გვქონდა... სამინისტროში განხილვას არ დამასწრეს, ოთახიდან კამათის ხმა გამოდიოდა. ბოლოს ერთმა პასუხისმგებელმა პირმა მითხრა, კომისიამ იმსჯელა, ეს არ არის ფიროსმანის ტილოო. მამას ეს რომ ვუთხარი, მითხრა, არც მაინტერესებს მათი დასკვნაო. ნამდვილობაში დარწმუნებული იყო. სახელმწიფო ექსპერტიზას იმიტომ ატარებდა, უნდოდა, ნივთი გაეყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ საქართველოში დარჩენილიყო. გასხვისებული "მელა" საზღვარგარეთ გაიტანეს. ამიტომ აპირებდა, ხელშეკრულებით გაეყიდა "სააღდგომო ბატკანი". მართალია, კულტურის სამინისტროში არ დაუდასტურეს ნამდვილობა, მაგრამ მიხვდნენ, მამა შეეცდებოდა, კერძო ექსპერტებისგან მიეღო დასკვნა. მის ტელეფონსაც უსმენდნენ.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- მამასთან 2011 წელს მოვიდა ექსპერტი, სურათის ყიდვის მსურველი გამოჩნდაო. პოტენციური ექსპერტისა და მყიდველის ჩამოსვლა 4-5 ჯერ გადაიდო. 2011 წლის 21 დეკემბერს უზნაძის ქუჩაზე ერთ-ერთი "კოლექციონერის" ოჯახში მივედით. იქ ერთი ახალგაზრდა ქალი ექსპერტად გაგვეცნო. მესამე პირიც იყო, თითქოს მყიდველი. მერე მივხვდი, ეს გათამაშებული სცენა იყო. იმ ექსპერტმა ქალმა დაადასტურა, ფიროსმანის სურათიაო. ამის მერე ნახატი წამოვიღეთ, ჩავსხედით მამას მანქანაში, საჭესთან მამას მძღოლი იჯდა, 300 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ ტერორისტებივით დაგვაკავეს. 20 პოლიციელი იყო, ტელეოპერატორიც ახლდათ. ტელეფონები ჩამოგვართვეს, ნახატიც ამოიღეს საბარგულიდან. დოკუმენტაციაც იქ იყო. საღამოს 8-ის ნახევარზე გამოგვიშვეს, სურათი დალუქეს და დაიტოვეს. ამის მერე მამაჩემის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პარალელურად, ჩემი სახლიც იჩხრიკებოდა კეკელიძის ქუჩაზე. მამაჩემის სახლიდან წიგნები და ზდანევიჩის 7 ნახატი წაიღეს. ჰკითხეს, სად შეიძინეო. ზოგიერთი ზდანევიჩის ნაჩუქარი იყო. გამომძიებელმა ჰკითხა, სად შეიძლება დავკითხოთ ზდანევიჩიო. მამამ, კუკიის სასაფლაოზეა და იქ დაჰკითხეთო. ორი კვირის შემდეგ გამომძიებელმა თამაზ პაპუაშვილმა დააბრუნა სახლიდან წაღებული ყველა სურათი და წიგნები, მაგრამ არ დაუბრუნებია "სააღდგომო ბატკანი", გვითხრა, კვლევა გრძელდებაო.
რამდენიმე დღეში გამომძიებელმა ისევ დამირეკა, ეს სურათი სახელმწიფოს უნდა აჩუქოთო. მამამ კატეგორიული უარი თქვა. 10 დღეში მამამ მითხრა, სურათი სახელმწიფოს უნდა გადავცე, რაც შეიძლება სწრაფად აცნობე გამომძიებელსო. თურმე გაიგო, რომ 4 დღით ადრე გრიბოედოვის ქუჩაზე ოჯახიდან წაიღეს ერთი ძვირად ღირებული სურათი და ოჯახი ააწიოკეს... გამომძიებელი გახარებული მოვიდა, რამდენიმებწკარიანი წერილი დააწერინა მამამ თავის დისშვილს: "მე, დამიანე ალანია, ჩემს კუთვნილებაში არსებულ ნიკო ფიროსმანაშვილის "სააღდგომო ბატკანს", რომელიც 21 დეკემბერს ჩამომართვეს შს სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებმა და ამჟამად ინახება შს სამინისტროს განკარგულებაში, გადავცემ ჩემი ქვეყნის სახელმწიფო მუზეუმს" და მოაწერა ხელი. გავიდა რამდენიმე დღე და გამომძიებელი პაპუაშვილი ისევ მირეკავს, სასწრაფოდ შემხვდითო. განცხადების შეცვლა მომთხოვა, ის წერილი თავზე დამახიესო. წერილი არ მოეწონათ, რადგან ჩუქების ბათილობის ინფორმაციას შეიცავდა (მამა იურისტი იყო და ეს წერილიც საგანგებოდ შეადგინა ორაზროვნად).
- შეცვალა ბატონმა დამიანემ განცხადება?
- უარი თქვა შეცვლაზე. პროკურორი თენგიზ ხარებავაც მონაწილეობდა ამ საქმეში. მითხრა, სურათის არამართლზომიერ შესყიდვასთან გვაქვს საქმე და კონფისკაციას ექვემდებარება, მაგრამ არ გვინდა ამ ფორმით მოხდეს, გვინდა, გადასცეთ საჩუქრად სახელმწიფოსო. ამ გზით რომ არ გამოუვიდათ, სხვა ხერხს მიმართეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გავიგეთ, რომ საქმიდან გამოჰყვეს ცალკე ეპიზოდი იმ ქალის წინააღმდეგ, ვისგანაც 2001 წელს მამამ მართლაც შეიძინა ნივთი. მეპატრონე მზია შავლაშვილი-თოფურია მისცეს პასუხისგებაში. თითქოს მამამ 2009 წელს მიმართა თხოვნით მზიას, რომ 2001 წლით დათარიღებული ყალბი დოკუმენტი გაეცა და თითქოს ის დაეხმარა მამას დოკუმენტის გაყალბებაში. ასე გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება შავლაშვილს, გაასამართლეს და ნივთი სახელმწიფოს გადაეცა. ეს ამბავი 2013 წელს გავიგეთ. მზიას შევხვდი და მითხრა, არ იცი, რა გადავიტანეო. სამწუხაროდ, დეტალებზე არ საუბრობს.
ლადო სანიკიძე, ადვოკატი: - ეს საქმე აუცილებლად სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. უნდა მიეცნენ პასუხისგებაში ისინი, ვინც მოქმედებდა კანონის გვერდის ავლით და ბოროტად იყენებდა თანამდებობას. რაში გამოიხატა ბატონი დამიანეს დანაშაული? ვინ მოიაზრება სურათის კანონიერ მესაკუთრედ? არის თუ არა ვინმე ცნობილი დაზარალებულად ამ ნივთის დაკარგვის გამო? ვინმეს რომ შევედავოთ ნივთის უკანონოდ შეძენაზე, ჯერ ხომ უნდა დავადგინოთ პირი, ვისაც ნივთი წაართვეს, მოჰპარეს, გამოსძალეს. თუ არ არსებობს დანაშაული, ვეღარ იქნება დევნაც. მაშ, რა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერა კრიმინალურმა პოლიციამ ალანიას მანქანა და ჩამოართვა სურათი? გამომძიებელი აძალებდა, სურათი სახელმწიფოსათვის გადაეცა საჩუქრად, როგორც ეს მთელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. გამოძიებამ ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩაატარა და მიიღეს დასკვნა, რომ სურათი ნამდვილად ფიროსმანის შესრულებულია და 600 ათას ლარად შეფასდა. ამ დასკვნას ხელს ისინიც აწერენ, ადრე რომ ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს არ იყო ფიროსმანის ნახატი.
თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, სამართლიანობის აღსადგენად არაფერი შეიცვლება. არადა, ეს საქმე უნიკალური და უპრეცედენტოა, ახალი კომისიის თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნაც არ არის საჭირო, ყველაფერი აშკარაა - ისე წაართვეს ალანიას ქონება, ბრალიც არ წაუყენებიათ მისთვის. ფაქტია, დამიანე ალანიას არ ჩაუდენია დანაშაული, ნივთი ოფიციალურად 2001 წელს შეიძინა, ეს გამორიცხავს 2009 წელს შავლაშვილი-თოფურიას მიერ დანაშაულის ჩადენას. სად არის ლოგიკა, "მელა" 2003 წელს გაასხვისა და თუ 2009 წელს გააყალბა დოკუმენტი, მასში რატომ ჩაწერდა "მელას"? ეს აბსურდია. აშკარაა, ეს მაღალი თანამდებობის პირის, ყოფილ მინისტრ რურუას შეკვეთილი საქმეა, მისი დავალება შს მინისტრმა მერაბიშვილმა და იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა შეასრულეს.
თეა ხურცილავა