"გავთიშე ტელეფონი და ქეიფი განვაგრძე" - როგორ შეხვდნენ რეჟისორები „ოსკარზე“ წარდგენის ამბავს
ქართული კინემატოგრაფი მსოფლიო კინოეკრანებზე ბრუნდება
"ცერემონიალს ლოს-ანჯელესიდან პირდაპირ ეთერში ვუყურებდი და ლამის შოკში ჩავვარდი"
ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის ჩამონათვალში მოხვდა ორი ქართული ფილმი - გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები", "ოსკარის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიამ 83 უცხოენოვანი ფილმიდან 9 ფილმი შეარჩია, რომელთაგან უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ხუთი ნომინანტი შეირჩევა. "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი.ზაზა ურუშაძე: - ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები", კონკურსებზე ესტონურმა მხარემ წარადგინა, - მან ამ ფილმის გადაღებაზე მეტი ფინანსები გაიღო და კონკურსებზე წარდგენის უფლებაც მას აქვს. ფილმში ასახული ტკივილი და განცდები ორივე მხარეს გვეკუთვნის - აფხაზეთში ესტონური სოფლებიც ისევე დაიცალა ხალხისგან, როგორც ჩვენი, ქართული, ამიტომაც დამიკვეთეს ამ ფილმის გადაღება. ნამდვილად არ ველოდი, რომ "მანდარინები" "ოქროს გლობუსის" 5 ნომინანტთა შორის მოხვდებოდა. ამ კონკურსს ჰოლივუდში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს და მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმს ანიჭებს... ცერემონიალს ლოს-ანჯელესიდან პირდაპირ ეთერში ვუყურებდი და ლამის შოკში ჩავვარდი - მსოფლიოს უამრავი ბრწყინვალე ფილმი და რეჟისორი დარჩა ამ ნომინაციის გარეშე.
იმ ღამეს არ მეძინა... ამ უზარმაზარ სცენაზე ქართული გვარის გამოცხადება ჩემს კი არა, ყველა ქართული გვარის სიმბოლოდ მივიჩნიე.
- ამ ნიშნით "მანდარინებთან" ერთად "ოსკარზე" გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულის" წარდგენაც უნდა გაგხარებოდათ...
- აბა, რა!.. ნაკლები მნიშვნელობა აქვს გამარჯვებულის დასახელებას, ვთვლი, რომ აქ, ამ სფეროში საქართველომ უკვე გაიმარჯვა... "ოსკარზე" წარდგენას თითქმის ველოდი - "ოქროს გლობუსის" პრეტენდენტები აქ ხშირად ხვდებიან; მაგრამ ეს მარტო ჩემი გამარჯვება კი რა, ქართული კინოს გამარჯვებაა, ქართული ნიჭის წარმატებაა და იმიტომაც არის უფრო მეტად სასიხარულო!
გიორგი ოვაშვილი: - ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, - ხელოვნებას, რომელსაც სადმე აღიარებენ, ერთი კაცი ვერ შექმნის, თუ მას არ აქვს საფუძველი. ქართველი რეჟისორების ფილმების ფესვები ქართული კინოფენომენია, რომელსაც ათეული წლების წინ აღიარებდა მსოფლიო.
- ამ დროს, ბევრი ამბობდა, რომ ქართული კინო მოკვდა.
- მე ასე არ ვთვლი... რაც შეეხება "ოსკარზე" წარდგენას, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. ჩემმა გერმანელმა პროდიუსერმა რომ დამირეკა, რაღაცას ლუღლუღებდა. შემეშინდა, მეგონა, რაღაც უბედურება ხდებოდა. მერე როგორღაც გამაგებინა, "ოსკარზე" წარგადგინესო.
- ამის შემდეგ რა გააკეთე?
- არაფერი. გავთიშე ტელეფონი და ქეიფი განვაგრძე.
- ანუ თქვენი გერმანელი პროდიუსერი თქვენზე მეტად ემოციური ყოფილა?
- ემოციებს გადაღებისას ვხარჯავ და არასოდეს ველი, რომ გავიმარჯვებ.
ეს პირადად ჩემი გამარჯვება არ არის, საქართველოს გამარჯვებაა. არ ვიცი, "ოსკარზე" ვინ გავა, მაგრამ მიხარაია, როცა ქართული კინოს წარმატებით გახარებულებს ვხედავ!
ეთერ ერაძე