"სნეგურაჩკა" წულუკიანი, ფრთოსანი ბადაშვილი, მარგველაშვილი ქათმებით, ხადური - ციკნით..." - პოლიტიკოსები ახალ როლებში
"ხელისუფლებაში თუ იუმორის გრძნობა აქვთ, გაგებით უნდა მოეკიდონ" – რას ყვება "ბიძინას ბანქოს" ერთ-ერთი ავტორი
"არაფერი მაკავშირებს "ნაცმოძრაობასთან" გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერდი და ვუჭერ მათ დეკლარირებულ იდეებს"
ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის - კინოფილმ "მეხუთე ელემენტის" პეროსნაჟ ზორგის "ტყავში შემძვრალი" ვიცე-მერი მარგიშვილი
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ახალი გვერდი - "ბიძინას ბანქო" გაჩნდა, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იდეის ავტორთა გადავწყვეტილებით ამ ბანქოს სხვისგან ის განსხვავებს, რომ მასზე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გამოსახული. ისინი, ნელ-ნელა ხსნიან ბანქოს მასტებს, როგორც ამბობენ ბანქო უკვე დაბეჭდილია და უახლოეს მომავალში პერზენტაციასაც გვპირდებიან. ბანქოს ავტორებმა ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთი მასტი გახსნეს, ეს გახლავთ კინოფილმ "მეხუთე ელემენტის" პეროსნაჟ ზორგის "ტყავში შემძვრალი" ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი.
დავუკავშირდით ბანქოს იდეის ერთ-ერთ ავტორს (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) და ინტერვიუ ჩავწერეთ:
- ხალხს ხელისუფლების კრიტიკა, მასზე ქილიკი, გაშარჟება, დაცინვა გულს ფხანს, იმის მიუხედავად, როგორია ხელისუფლება. ვფიქრობთ, ახალი ხელისუფლება ხალხს ქილიკის საშუალებას უკვე კარგა ხანია აძლევს. ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ზოგჯერ ტაქსითაც დავდივართ და კარგად ვხედავთ, როგორ დასცინიან ამ ხელისუფლებას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ჯგუფის ერთი წევრის არაჩვეულებრივი ნიჭი გამოგვეყენებინა და მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი.
- რის მიხედვით აირჩიეთ ვის რა როლს მოარგებდით?
- ამ საკითხზე ვიდრე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებოდით, ბევრი ვიდავეთ. საბოლოოდ, მცირე კენჭისყრის მსგავსი ჩავატარეთ მასტების გამოსავლენად, რამაც შედეგი გამოიღო. თავიდანვე შევჯერდით მთავარზე: არავითარი პირადი ხასიათის მინიშნებები ან სექსუალური ნიშნის ფოტოკოლაჟი - ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომაც პერსონაჟების ფოტოკოლაჟში ვერ ნახავთ მინიშნებას პირად ცხოვრებაზე - გამონაკლისი მხოლოდ ნათესაური კავშირია. მაგალითად, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ერთერთი ნახატის მიხედვით მეფეზე, გამოსახულია მამის ყელზე ჩამოკონწიალებული ქალიშვილი - ზრდასრულ ქალიშვილზე ვამბობ, რასაკვირველია. მგონი, ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იქნება ამ კარტზე. ხადურის ხსენებაზე ბევრს გაახსენდება ციკანი, ჰოდა, კარტზეც ციკანია, ზედაც - ჩანგალი პიჯაკის გარე ჯიბეში. რა შეიძლება გაგახსენდეს შიხიაშვილზე - ალბათ, ვირთხა. ჰოდა, ეგეც ადგილზეა...
- მიხეილ სააკაშვილი ან წინ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი თუ იქნება წარმოდგენილი?
- არა, ეს "ბიძინას ბანქოა". ამიტომ აქ მხოლოდ წინა ხელისუფლების ის წარმომადგენლები მოხვდნენ, რომლებიც ბიძინას ნავში თავად გადასკუპდნენ. ნავიდან ბანქოს დასტამდე ერთი ნაბიჯია და ახლა დატკბნენ რეაქციით.
- თუ არსებობს ამგვარი ბანქოს უცხოური ანალოგები?
- გულწრფელად გეტყვით, ამ თემაზე დასრულებული გვქონდა მუშაობა და შეკვეთის დეტალებიც გარკვეული, როცა სადღაც წავიკითხე, რომ მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაურიგებიათ საახალწლო საჩუქრად "რუსეთის მტრების" ბანქო. ვნახე კიდეც ფოტოები - სააკაშვილიცაა ჰალლსტუხის ღეჭვის ეპიზოდით, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევაა. ალბათ მსოფლიოში ანალოგი სხვაც იქნება. ჩვენ ისიც გვაკმაყოფილებს, რომ საქართველოში პირველები ვართ.
- ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რა რეაქციას ელით?
- ხელისუფლებაში თუ იუმორის გრძნობა აქვთ, გაგებით უნდა მოეკიდონ. ერთი ცნობილი არაკისა არ იყოს,
ხალხი დიდი ხანია იცინის და აჯობებს, თვითირონიას მოუხმონ და ნუ იბღინძებიან....
- ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ თქვენს უკან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დგანან...
- რასაკვირველია, წინასწარ ვიცოდით, რომ ზოგიერთები ამას "ნაციონალურ მოძრაობას" მიაწერდნენ. პირადად მე არაფერი მაკავშირებს "ნაცმოძრაობასთან" გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერდი და ვუჭერ მათ დეკლარირებულ (ამას ხაზს ვუსვამ - დეკლარირებულ) იდეებს. ამ ქვეყანაში "მეოცნებეები" ყველაფერს "ნაცმოძრაობასთან" აკავშირებენ, რაც მოქმედი ხელისუფლების მხილება ან დაცინვაა.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)