ნათია ფანჯიკიძე: ზოგიერთს მაშინ ვეპასუხები, როცა იმას კადრულობენ, რაც, მეგონა, რომ საქართველში უკვე დასრულდა
"ყველაფერზე თანხმობა ერთგულება სულაც არ არის"
"ახალი წელი მოდის და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი ბედი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული"
სარეაბლიტაციო ცენტრ "კამარაში" იმ დროს მივედით, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე პაციენტებთან მუშაობდა. ჩვენი რესპოდენტი დღის ძირითად ნაწილს აქ ატარებს. მის სამყაროში საათზე მეტ ხანს დავყავი.
ნათია ფანჯიკიძე:
- ცენტრში მუდმივად 30 პაციენტი გვყავს, რადგან დაფინანსება მწირია და მეტს ვერ გავწვდებით. წინასაახალწლოდ ბედნიერი და მშვიდი ვარ, რადგან თითოეული პაციენტი ბევრად უკეთ არის. ნარკოდამოკიდებული ადამიანები ჩვენთან ძალიან ბევრია, შესაბამისად, ჩანასახოვნად ალაგ-ალაგ გახსნილი სარეაბილიტაციო ცენტრები საკმარისი არ არის. ჯერჯერობით, ჩვენი საქმიანობით ისევ არავინ დაინტერესებულა. მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობით თუ არ ინტერესდებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ინტერესდებიან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ბედით. საქართველოში ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. გახარებული ვარ იმის გამო, რომ პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობთ, "კამარაში" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული პატიმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ ჩვენს ცენტრში არსებული ყველა თერაპიული მომსახურება. ასევე შვეიცარიულმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსა, რომლის ფარგლებში არტ-კაფეს გავხსნით, სადაც ჩვენი პაციენტები იმუშავებენ და შემოსავალი გაუჩნდებათ.
- ახალ წელი მოახლოვდა, ამ დღესთან შესახვედრად ოჯახში როგორ ემზადებით?
- ტრადიციულად. განსაკუთრებული არაფერი. აუცილებლად ვამზადებ გოზინაყს. მარხვაა და ბევრს არაფერს გავაკეთებ. ჩემი გოგონა სულ მთხოვდა, რომ შინ ცოცხალი ნაძვის ხე დაგვედგა, - წიწვების სუნი მიყვარს, ნუ გაქვს ეს ხელოვნური ნაძვის ხეო. თუმცა, არასდროს ვდგამდი, რადგან მცენარეები ძალიან მიყვარს და ვერ წარმომიდგენია ხე როგორ უნდა გადავაგდო. თუმცა, წელს ქოთნით კავკასიური ნაძვი შევიძინეთ. ისეთი საყვარელია, სულ ვკოცნეთ. ჯერ აივანზეა, ახალ წელს შინ შემოვიყვანთ. სამი წელი ქოთანში გაძლებს, მერე უკვე მიწაში გადავრგავთ.
- ახალ წელს შინ ხვდებით?
- ირაკლის საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ახალი წელი მარტოს მაქვს გატარებული. ირაკლი ახალ წელს ხან საზღვრისპირა ქალაქში, ხან ჯარში ხვდებოდა. შვილები უკვე იმ ასაკში არიან, როცა მეგობრების წრეში ურჩევნიათ გართობა. თუმცა, წელს ყველა ერთად ვხვდებით და ძალიან კარგია. ალბათ, შვილები მერე თავიანთ მეგობრებთან გაიქცევიან. ახალი წლის დახვედრა ჩემს სახლში მიყვარს, ყვავილებში, მათ მარტოს ხომ არ დავტოვებ? (ი ღიმის). მეორე დღეს დედასთან მივდივარ, თუმცა, ახალი წლის ღამეს ჩემთვის ყოფნა მიყვარს.
- ბატონი ირაკლის მინისტრად ყოფნისას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვალშისაცემი იყო თქვენი აქტიურობა, იგივე სოციალური ქსელის საშუალებით თქვენს აზრს საკმაოდ თამამად აფიქსირებდით, ამის გამო თქვენს მეუღლეს უხერხულობა ხომ არ ექმნებოდა? თავად რამეს გეუბნებოდათ?
- არ მიმაჩნია, რომ ჩემი რომელიმე განცხადება მტრული იყო, თანაც ვფიქრობ, რომ ყველაფერზე თანხმობა ერთგულება სულაც არ არის. არა მგონია პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდე, ზოგიერთს ძირითადად მაშინ ვეპასუხები, როცა პოლიტიკას სცდებიან და იმას კადრულობენ, რაც, მეგონა, საქართველში უკვე დასრულდა, რისთვისაც წინა მთავრობას ვებრძოდით. მე ირაკლის სათქმელს არ ვამბობ. სიმართლე გითხრათ, ხმას ვიღებ მხოლოდ დაღლილობის შეგრძნებისგან, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დადგეს დრო, რომ სამშობლოში თავს დევნილად არ ვგრძნობდე, თან აბსოლუტურად დაუმსახურებლად. ამ მდგომარეობას მეტი იუმორით ვუყურებ. ვცდილობ, ვიხუმრო და ამავდროულად, გამოვხატო ის, რაც არ მომწონს. რაზეც ვერ ვიხუმრებ და რაც ძალიან, მაწუხობს არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი სრულიად უდანაშულოდ ზის ციხეში. ეს ადამიანები ახალ წელს შინ ვერ ხვდებიან. მხოლოდ იმიტომ, რომ არიან ამ მასკარადის ნაწილი, რა მასკარადის დადგმაც დასჭირდათ იმისთვის, რომ ირაკლისთვის ევნოთ. ეს ძალიან ძნელია. იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას არ გამოცდით. ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ოჯახებზე, საშინელ სტრესში არიან.
- თქვენი ვაჟი რიგითი ჯარისკაცია, როგორც შერისხული მინისტრის შვილის მიმართ, ჯარში მისი ყოფა ხომ არ შეიცვალა?
- არა, ამას ნამდვილად ვერ ვაკადრებ მოქმედ მინისტრს. ჩემი შვილი ისე მსახურობს, როგორც მსახურობდა.
- როგორც ფსიქოლოგმა შეაფასეთ ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა...
- ჩემი აზრით, ქვეყნაში ვითარება აპათიურია. ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ადამიანებს ყოფითი პრობლემები დარჩათ. თავის მხრივ, სტრესულად მოქმედებს რეგიონში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა. შეიძლება ჩვენ ამაზე არ ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენს არაცნობიერში ღრმად არის დალექილი; იგივე რაც 2008 წელს მოხდა. შესაბამისად, ფარული პანიკური განცდა, რომ საფრთხე ძალიან ახლოს არის, არსებობს. ამას ემატება პირადი პრობლემები. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რა დალევს ადამიანების გაჭირვებას. აქედან გამომდინარე, უფრო არაადეკვატური იქნებოდა ხალხში ჟრიამული და მხიარული განწყობა, რომ იყოს. ამ ფონზე მთავრობაშიც არასტაბილური და გაუგებარი სიტუაციაა. რასაკვირველია, ესეც ადამიანებზე მოქმედებს, ხალხს აბნევს. ვეღარ ხვდებიან ვინ საით მიდის, რა ხდება და რა კეთდება მათი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის... არა უშავს, ახალი წელი მოდის და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი ბედი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული... როგორ ადამიანს მოქნილი გონება აქვს და ყოველთვის შეუძლია აღმოაჩინოს პოზიტიური დასაყრდენები, დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ...
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)