რატომ შეიგინა გალაკტიონმა "მაგდანას ლურჯას" ნახვის შემდეგ
"ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი "პორტფელით"
დიდი რეჟისორი რეზო ჩხეიძე კინოფილმ "მაგდანას ლურჯას" გადაღების ამბავს ასე იხსენებდა:
"ახალკურსდამთავრებულები ვიყავით, მე და თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯას" გადაღება რომ დავიწყეთ. მაშინდელმა სტუდიის დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა, - არ მომწონსო! მაშინ შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინა, რათა იმათ ეთქვათ, ღირდა თუ არა ამ ფილმის გადაღება. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს ქართველ მწერლებს და აჩვენეს "მაგდანას ლურჯა"...
ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი "პორტფელით". გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსადაც არ დადიოდა. სხვებიც გაოგნებული უყურებდნენ. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, - ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა კადრებს, მერე ადგა და უცებ... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა! აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოიწმინდა, ეკრანს შეხედა და: - ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, - მსგავსი არასოდესო! მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ."