ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-4, 2010)

ოთხი თვე ამაოდ ელოდა პარიზში ნიკო ბური თანამეინახეებს მოგზაურობის გასაგრძელებლად, შემდეგ კი მოთმინების ძაფი გაუწყდა და მარტოს მოუწია გამგზავრებამ სამხრეთ აფრიკაში. ალექსანდრიაში ჩასვლისთანავე შეიტყო - ძლიერ, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისის იმპერიას ომი გამოუცხადებია სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხისთვის - ბურებისთვის... ამტკიცებდნენ, ინგლისელებს ამერიკელებიც დაეხმარებიანო და აძაგებდნენ როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს - თავისუფლების მოყვარული ბურები მონებად სურთ აქციონ, ხოლო მათი ქვეყანა კი კოლონიადო. ამბობდნენ, ყველა პატიოსან მოხალისეს ბურები უყოყმანოდ იღებენ თავის რიგებშიო და, ჩინებულმა მსროლელმა და უშიშარმა ნიკო ბაგრატიონმა გულში ღრმად ამოიჭრა სურვილი - დახმარებოდა თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა... გზა, რომელსაც ნებაყოფლობით დაადგა ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელი, ტრანსვაალის რესპუბლიკის დედაქალაქისკენ, პრეტორიისკენ მიდიოდა...

KvirisPalitra.Geიოჰანესბურგი ძლიერ მომეწონა. სავსებით კეთილმოწყობილი ქალაქია. აქ არსებობს ბურჟუაზიული ქალაქის ყველა ატრიბუტი - ბანკი, ბირჟა, მაღაზიები. მაღაზიები სავსე იყო მაშინ ინგლისური საქონლით. ტრანსვაალის ბაზრები ინგლისელებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამას ურიგდებოდნენ ბურები, მაგრამ როცა ინგლისელებმა დააპირეს მათი ეროვნული ღირსების შელახვა და მთელი რესპუბლიკის უბრალო კოლონიად გადაქცევა, ბურებმა მყისვე აისხეს იარაღი და მოძალადეებს მრისხანედ წინ გადაუდგნენ.

ცივილიზებული ბარბაროსებისაგან კრიუგერის ქვეყანას დიდი საფრთხე ელოდა. ბურების შემართული იარაღი თუ ვერ გაიმარჯვებდა, რესპუბლიკა დაიღუპებოდა.

ეს კარგად იცოდა მოხუცმა პრეზიდენტმა, ამიტომ არ სცილდებოდა თავის ჯარს და ამხნევებდა მას.

დიახ, ინგლისელები ემუქრებოდნენ ბურების რესპუბლიკას, მათ თავისუფლებას.

ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავი იყო ინგლისის ისტორიისათვის. ინგლისის კაპიტალისტები მუდამ იმით იყვნენ გართულნი, რომ ყოველგვარ ახალს ებრძოდნენ, თავისუფალ ხალხს თავისუფლებას ართმევდნენ და თავიანთ მონებად ხდიდნენ.

იმ ლიუციფერებისაგან დიდი ხანია მოსვენება არა აქვს კაცობრიობას. განსაკუთრებით ისინი აღმოსავლეთში ეწევიან პოლიტიკურ ავანტიურას, აგრესიას და სადაც კი ფეხს დაადგამენ, ყველგან ცრემლისა და სისხლის ტბებს აყენებენ.

ინგლისის ყველა მთავრობა, მიუხედავად მათი მრწამსისა, ერთმანეთს ჰგავს და ერთიმეორის გზას აგრძელებს სხვა ხალხების დასამონებლად, მათი დოვლათისა და განძის ხელში ჩასაგდებად.

ისინი უსულგულონი და პირწავარდნილი მაკიაველები არიან სხვების მიმართ.

მაგონდება ერთი ამბავი:

ბალკანეთის ომის დროს, რუსეთის ერთ-ერთმა მეფისწულმა ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მიმართა თხოვნით, ინგლისი დახმარებოდა ბალკანეთს.

უელსის პრინცმა ეს თხოვნა გადასცა პრემიერ-მინისტრ პალმერსტონს, რომელმაც თავის მხრივ რუსეთის მეფისწულს შემდეგი უპასუხა:

"მე ბედნიერი ვარ, დაგარწმუნოთ ინგლისის ტახტის მემკვიდრის გულკეთილობაში, მაგრამ ამავე დროს გაცნობებთ, რომ თვითონ ინგლისს გული არა აქვს".

კრიუგერს სჯეროდა, რომ სიმართლე მის მხარეზე იყო, რომ ევროპის სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ და ახლაც გადაარჩენდა რესპუბლიკას.

კრიუგერს დიდი იმედი ჰქონდა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ  II-ისა, რომელსაც იგი თავის მეგობრად თვლიდა. ვილჰელმი კრიუგერს "დაეხმარა" ინგლისელებთან პირველი შეტაკების დროს და მოხუც პრეზიდენტს ეგონა, გაჭირვებაში არც ახლა დაივიწყებდა იგი. მაგრამ ამ დროს იფეთქა ბოქსიორთა აჯანყებამ ჩინეთში და მოკლეს გერმანიის ელჩი ბარონი კეტტელერი. აჯანყებულთა დახმარებით ჩინეთის ქვრივმა დედოფალმა უშუალოდ ხელში ჩაიგდო უზარმაზარი ქვეყნის მართვის სადავეები და მოინდომა ყველა უცხოელის განდევნა თავისი ქვეყნის საზღვრებიდან.

ვილჰელმისათვის ახლა ხელსაყრელი არ იყო ინგლისის გადაკიდება და თავისი ჯარი დაძრა არა კრიუგერის დასახმარებლად, არამედ ჩინეთის წინააღმდეგ - სხვა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად.

არც დანარჩენი ქვეყნები გამოეხმაურნენ კრიუგერს.

მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, კრიუგერი ვერ ასხვავებდა ინგლისთან პირველ შეტაკებას ახლანდელი ომისაგან.

ინგლისთან პირველი ომი ომი კი არ იყო, არამედ ის წარმოადგენდა ინგლისის მიერ ყაჩაღურ თავდასხმას და მას არ ჰქონდა ოფიციალური სახე. მაშინ ვილჰელმმა ბურებში გერმანიის გავლენის მოსაპოვებლად გაუწოდა ხელი კრიუგერს და გამარჯვებისთანავე გაუგზავნა მას მილოცვა, რითაც ინგლისელების აღშფოთება გამოიწვია.

ახლა კი საქმე სხვანაირად იყო.

ინგლისმა ოფიციალურად გამოუცხადა ომი ბურებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინც ბურებს დაეხმარებოდა, ის ინგლისის აშკარა მტერი ხდებოდა. ბურების გულისათვის ასეთი ნაბიჯის გადადგმას კი ყველა ერიდებოდა და არ უნდოდათ საომარ მდგომარეობაში ჩამდგარიყო მაშინ უძლეველი ინგლისის წინააღმდეგ.

1497 წელს პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ჰოლანდიის გემით მოიარა სამხრეთ აფრიკის ნაპირები. შემდეგ ამისა, იქ ჰოლანდიელებმა დააარსეს პატარა კოლონია, მალე ამ ადგილებში გადმოსახლდნენ უმიწაწყლო და ბოგანო ფრანგებიც, ხელისუფლების მიერ დევნილი და ხელისუფლებასთან შეურიგებელი ადამიანები. გადმოსახლებულთა უმრავლესობას შეადგენდნენ ჰუგენოტები (ფრანგი პროტესტანტები). ახალ მიწაზე დასახლებულებმა პირველ რიგში ხელი მიჰყვეს მიწის დამუშავებას. ამრიგად, წარმოიშვა ბორთა, ანუ ბურთა ახალი ქვეყანა.

ბურმა ფერმერებმა ერთიმეორისაგან საკმაოდ დაშორებით მოაწყვეს ხუტორული მეურნეობა. ბურები ეწეოდნენ მესაქონლეობას, მევენახეობას და მიწის დამუშავებას. ბევრმა მოაშენა სირაქლემები, რომელთა ნაკრტენები მეტად ძვირად ფასობდა ევროპაში, ამ უცნაური ფრინველების შენახვა კი იოლი იყო. ბურებს აგრეთვე ჰქონდათ ოქროს მდიდარი საბადოები.

სამხრეთის მშვენიერმა ბუნებამ, ჯანსაღმა ჰაერმა და ნოყიერმა მიწამ, განსაკუთრებით შრომის დიდმა სიყვარულმა, ბურებს საშუალება მისცა სწრაფად გაეუმჯობესებინათ თავიანთი მდგომარეობა. თითოეული ბური თავს ვალდებულად რაცხდა რესპუბლიკისათვის გაეღო განსაზღვრული წვლილი. დაგროვილი თანხებით შენდებოდა ქალაქები, გაჰყავდათ რკინიგზები, წყალსადენები და გზატკეცილები.

ბურები მუდამ დაღვრემილნი არიან, მათ სახეზე იშვიათად ნახავთ ღიმილს. ეს ნირი უთუოდ ბართლომეს ღამის შემდეგ მოსდევთ მათ. როგორც ცნობილია, ამ ღამეს თავისი დედის, ეკატერინე მედიჩის ჩაგონებით კარლ IX-მ გასცა ბრძანება, ამოეწყვიტათ ჰუგენოტები. ამავე ღამეს კათოლიკეებმა ფანჯრიდან გადააგდეს და მოკლეს სამშობლოს წინაშე დამსახურებული მოხუცი ადმირალი კოლინი, რომელიც ითვლებოდა ჰუგენოტების ერთ-ერთ მეთაურად.

ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან. ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად, რელიგიაა, რამაც, აგრეთვე, რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას უდავოდ თავისი დაღი დაასვა. მიუხედავად ამისა, მათ ჰყავდათ შესანიშნავი გენერლები, რომლებიც ბრწყინვალედ აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს.

საერთოდ კი ბურებს მტკიცე ხასიათი აქვთ და ღრმად დარწმუნებულნი არიან თავიანთ ძალაში.

XVIII საუკუნის მიწურულამდე ბურები მშვიდად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ თავიანთი პარლამენტი და ჰყავდათ არჩეული პრეზიდენტი.

მაგრამ აი, გამოჩნდნენ ინგლისელები და შექმნეს ახალი ახალშენები. ისინი პირველად დასახლდნენ ნატალში და როცა ფეხი კარგად მოიკიდეს, მოითხოვეს სხვა რესპუბლიკელებთან უფლებრივი გათანასწორება, იმავე დროს ისინი უარს ამბობდნენ, ეკისრათ სამოქალაქო ვალდებულებანი რესპუბლიკის წინაშე, კერძოდ, არ უნდოდათ სამხედრო ვალის მოხდა.

ინგლისელების ეს ყოყოჩური მოთხოვნილება ბურების პარლამენტმა უყურადღებოდ დატოვა და ისინი არ მიიღო რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეებად.

მაშინ ინგლისის მთავრობა შეეცადა ხელში ჩაეგდო ინგლისელებით დასახლებული ნატალი. დიდი ხნის დავისა და დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ, ბურები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და მათთვის მიეყიდნათ ნატალი.

ინგლისელებმა ბურებს კვლავ დაუწყეს შევიწროება. მაშინ ბურების ერთმა ნაწილმა დატოვა კაპსკის თავდაპირველი საბინადრო და პრეტორიუსის მეთაურობით გადავიდნენ მდინარე ვაალის გაღმა, დააარსეს ტრანსვაალის ახალი რესპუბლიკა და პირველ პრეზიდენტად აირჩიეს პრეტორიუსი. ბურების მეორე ნაწილმა დააარსა მეორე რესპუბლიკა ორანჟი.

ნატალზე აღმოჩენილ ალმასის დამუშავებას აწარმოებდა ინგლისური საზოგადოება სესილ როდსის მეთაურობით. სესილ როდსმა მოინდომა ხელში ჩაეგდო ტრანსვაალში აღმოჩენილი მდიდარი საბადოებიც. როცა ბურები წინ აღუდგნენ, მაშინ ინგლისელებმა მიმართეს ძალადობას, მაგრამ აჯანყებულმა ბურებმა სასტიკად დაამარცხეს ისინი. ამ გამარჯვების გამო ბურებმა თავიანთ მთავარ ქალაქს პირველი პრეზიდენტის, პრეტორიუსის პატივსაცემად დაარქვეს პრეტორია.

ბურების წინააღმდეგ ინგლისის ამ გალაშქრებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ დროს ინგლისის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ლიბერალი გლადსტონი, რომელმაც ინგლისის რეზიდენტს აფრიკაში გაუგზავნა ცნობილი დეპეშა: "ჩვენ დამნაშავე ვართ ბურებთან, დადევი ზავი". მაგრამ ეს იყო თვალთმაქცობა. ინგლისს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ფიქრი ტრანსვაალის დასაპყრობად. უცდიდნენ უფრო ხელსაყრელ პირობებს და აი, ინგლისის მთავრობამ ახლა ომი გამოუცხადა ბურებს.

ეს მოხდა 1899 წელს.

ამ ამბავმა, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დააყენა მთელი რესპუბლიკა და მოხუცი პრეზიდენტის მეთაურობით შეუდგა ომისთვის სწრაფად მზადებას.

კრიუგერი არც იოჰანესბურგში აღმოჩნდა. იგი ფრონტზე წასულიყო.

მეორე დღეს გადავწყვიტე პრეზიდენტის დაბრუნებამდე დამეთვალიერებინა მახლობელი მიდამოები და გავცნობოდი სოფლად მცხოვრებ ბურებს.

სასტუმროს პატრონმა ფრანგმა ჰუგენოტმა დაუყოვნებლივ მიშოვა ადგილობრივი ჯიშის დაბალტანიანი ცხენი და შავკანიანი გამყოლი.

მისივე დახმარებით შევიძინე რევოლვერი, მოკლელულიანი თოფი და გავემგზავრე.

მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერი იყო, საკმაოდ ცხელოდა.

ჩემი ცხენი შესანიშნავი თოხარიკი გამოდგა.

ჰაერი გაჟღენთილი იყო უცხო ყვავილთა სურნელებით.

ფართოდ გაშლილ უღრუბლო ცას კრიალი გაუდიოდა. ირგვლივ თვალს იტაცებდა ტროპიკული ტყე. ქოქოსის მაღალი, მწვანე ხეები ლურჯი ცის თაღებს წვდებოდნენ. ტყეში გაბმით ისმოდა ჭრელი ჩიტების ჟღურტული. ათასგვარი ფერის ბუმბულით შემოსილი თუთიყუშები გაოცებით მადევ-ნებდნენ თვალს.

შუადღისას მზე საოცრად გავარვარდა. გადმოვხტი ცხენიდან და ტყეში ღრმად შევედი, რომ ცოტა სული მომეთქვა.

უცებ გამოჩნდა მომცრო ტაფობი და გაოცებული შევდექი.

პატარა მაკაკები თავდავიწყებით დარბოდნენ, თითქოს თვალხუჭობანას თამაშობენო. ტაფობის განაპირას ზოგი კუდით ეკიდა ხის ტოტზე და ქანაობდა.

დაუფიქრებლად მყისვე ამოვიღე რევოლვერი და ვესროლე ერთ მაიმუნს.

დაჭრილმა საშინლად, ბავშვურად იყვირა. მიცვივდნენ სხვა მაკაკები და მომაკვდავს ზრიალით გარს შემოეხვივნენ.

თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჩემი გამყოლი კი იცინოდა.

მაშინვე გამოვედი ისევ გზაზე, რომელიც შუაგულ ტყეში იყო გაჭრილი.

კარგა ხანს ვიარეთ.

ოდნავ დაქროლა ნიავმა და გზის პირას ჩარიგებული ხეების ფოთლები ააშრიალა. ცას ახლა მწიფე ატმის ფერი გადაჰკვროდა. ყოველივე თვალის მომტაცი ფერებით იყო შემკული..

მხლებელი უკან მოდიოდა და რაღაცას ღიღინებდა.

ჩემი ცხენი უეცრად შედგა და გაქვავდა. მოულოდნელად შეჩერების გამო ლამის უნაგირიდან გადმოვვარდი. გაკვირვებულმა ირგვლივ მიმოვიხედე, არაფერი არ ჩანდა, ათრთოლებულ ცხენს დეზი ვკარი, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარი. ამ დროს წამომეწია შეშინებული გამყოლი და მან დამანახა საშინელი სურათი: ჩვენგან კარგა მოშორებით გზაზე გარდიგარდმო იწვა უზარმაზარი რუხი მახრჩობელა გველი. ბოლო - გზის ერთ ნაპირას ტყეში ჰქონდა, თავი - მეორე ნაპირის ბუჩქებში. გველს ეძინა და ეს იყო ჩვენი ხსნა. ცხენები განზე მივაბრუნეთ და ელვის სისწრაფით გავკურცხლეთ. მათ აღარ სჭირდებოდათ წაქეზება, თავისთავად მთელი სისწრაფით მიქროდნენ.

მე არა ვარ მშიშარა, მაგრამ ამ საოცრების დანახვამ თავგზა ამიბნია. ცხოველური შიშის გამო ყოველი კუნთი მითრთოდა.

გამოჩნდა განმარტოებული ფერმა და ჩვენ გიჟებივით შევაგელვეთ მასში ცხენები. ფერმის პატრონებმა თავაზიანად მიგვიღეს. ავუხსენით, რის გამოც ვიყავით ასე შეშფოთებულნი. ცოტა არ იყოს, მასპინძლებიც შეკრთნენ. შემიყვანეს ერთ მომცრო ოთახში, გამყოლი კი გარეთ დარჩა გაქაფული ცხენების მოსავლელად.

კვლავ მახრჩობელა გველი მელანდებოდა.

ბეწვზე გადავრჩით. რომ არ სძინებოდა, მის გიგანტურ ნახტომებს, რა თქმა უნდა, ვერ გავასწრებდით. ამ საშინელი ცხოველის ერთი დანახვაც კი ყოველგვარ მხეცს, მათ შორის ლომებსაც, ძრწოლას ჰგვრის.

ცოტა დავისვენე. გონს მოვეგე.

გამყოლი მოვიკითხე, იგი თურმე სამზარეულოში იყო და მადიანად შეექცეოდა სადილს.

მეც მალე მიმიწვიეს სასადილოდ.

ჩემს მასპინძელს 5 შვილი ჰყავდა, ორი მათგანი ქალი იყო, ასე 15-17 წლის. სუფთა ოთახში მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინის გვერდით ყვავილებიანი თიხის ლარნაკი იდგა.

სადილის წინ მასპინძელმა ბიბლია გაშალა და იმ დღისათვის შესაფერისი თავი წაიკითხა. მერმე უფროსმა ვაჟმა ლოცვა წარმოთქვა, რის შემდეგაც შემოვუსხედით სუფრას. საჭმელი გლეხური - მსუყე და გემრიელი იყო.

მთელმა ოჯახმა პირველი ჭიქით ჩემი სადღეგრძელო შესვა.

სადილის შემდეგ მასპინძელს ვთხოვე, ეჩვენებინა ჩემთვის თავისი მეურნეობა.

გავედით გარეთ.

დიდ, სუფთა ეზოს ირგვლივ გარს ერტყა უხეშად მოჭრილი ქვის მაღალი ღობე. ეზოს ერთ ყურეში თივის ზვინები შევნიშნე. მის მახლობდად თავლა იყო გამართული, იქვე ორთვალიანი ბოსელი იდგა, ერთ დიდ თვალში სუფთა ბაგაზე ორი ჯიშიანი ძროხა ება, მეორე თვალში ხბოებს ამწყვდევდნენ. ყველგან ყველაფერი კრიალებდა. თავლასა და ბოსელში ელექტრონი იყო გაყვანილი.

მეორე მხარეს მოწყობილი ჰქონდათ საკმაოდ დიდი ფარეხი.