რატომ და როგორ ვიტანჯე ახალი წლის ღამეს, ანუ Happy new year!!! - კვირის პალიტრა

რატომ და როგორ ვიტანჯე ახალი წლის ღამეს, ანუ Happy new year!!!

ახალი წელი ზოგადად სიახლის სინონიმია, ახალ წელს ადამიანები ვცდილობთ, ყველაფერი განსხვავებული და ახალი გავაკეთოთ, თუმცა თბილისის მერიაში როგორც ჩანს, ტრადიციის ძალიან დიდად მოყვარული ხალხი მუშაობს, რადგან საახალწლოდ თბილისი არაფრით განსხვავდებოდა 2003 წლის ან თუნდაც 2011 წლის თბილისისაგან. უკვე ტრადიციაა საახალწლო კონცერტის ჩატარებაც და ტელეთერით  გადაცემაც (წინა წლებისგან განსხვავებით ლელა წურწუმიას არ უმღერია, რად შემოწყრნენ, არ ვიცი...) რატომ გავიმეტე თავი თვითგვემისთვის და რატომ ვუყურე ამ კონცერტს, რომლის მიმდინარეობისას ერთი კითხვა არ მასვენებდა, ეს ხალხი და მეც მათთან ერთად, საქართველოში ზეიმობდა ახალ წელს თუ ბრიტანეთში?! იმ იმედით, რომ ვიღაც მაინც იმღერებდა ქართულად, ბოლომდე შემოვრჩი ტელეეკრანს, თუმცა ფუჭი გამოდგა ჩემი მოლოდინი - ორად ორი ქართული სიმღერა მოვისმინე ( ქრისტინე იმედაძემ იმღერა "ფიფქები" და შვიდკაცამ "მრავალჟამიერი") დანარჩენად, მხოლოდ უცხოენოვანი საშობაო სიმღერები ისმოდა...

ქართული ესტრადა რომ ვარსკვალვებს ვერ წყვეტს, არავისათვის სიახლე, მაგრამ მომკალით და მაინც ჩვენი ცუდი მირჩევნია, ვიდრე კარგი უცხოური, ხოლო ჩვენი თუ იმდენად ცუდია რომ მოსასმენადაც არ ღირს მაშინ საერთოდ რა საჭიროა ამხელა ტაშფანდურის გამართვა?! მაინც მხოლოდ უცხოურ ე.წ. შლაგერებს მღერიან და ფულის ყრას არ აჯობებს ერთ დისკზე მოვაქციოთ ეს სიმღერები და გავუშვათ ეთერში. მაქსიმუმ დისკის ფული დაიხარჯოს და უკმაყოფილო მომღერლებიც აღარ იქნებიან, რომლებმაც თავი შეუარცხყოფილად იგრძნეს რადგან რეგიონში მოუწიათ სიმღერა.

ცალკე თემაა საახალწლო ნაძვის ხე და გარე განათება. ყველა რაიონულ ცენტრში დაიდგა ნაძვის ხე, მაგრამ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხედ მაინც ის მიიჩნევა, რომელიც დედაქალაქში წლებია დგამენ, ეჭვი მაქვს, ტურისტი რომ ამ ნაძვის ხეს დაინახავდა, მინიმუმ ძალიან შევეცდობოდით... 2003 წლიდან თბილისში მიწევს ყოფნა, ჰოდა მაშინაც ზუსტად ის განათება იყო რაც წელს (ან აქამდე როგორ არ გადაიწვა მიკვირს), ერთნაირ მოჟამულ ფერებში და ისიც მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. ძალიან არ მინდა როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება იგივე განათება იყოს, მაგრამ, როგორც ვატყობ, ასე იქნება. რა მაგის პასუხია და ნეტავ სად ინახავენ ამ განათებას, ან კიდევ განათების განზრახ განადგურებისათვის კანონი რამდენ წელს ითვალისწინებს?!

ისევ კონცერტს მინდა დავუბრუნდე, მაინტერესებს, მერიის მაღალჩინოსნებმა თუ უსმინეს და თუკი უსმინეს მოეწონათ საკუთარი შემოქმდება?!

სირცხვილია, ბატონებო, თან დიდი სირცხვილი, როდესაც წელიწადში ერთხელ მართავთ სახალხლო კონცერტს და თან ასეთს. თქვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს რომ ხარჯავდეთ რაც გინდათ ის გიქნიათ, მაგრამ ჩემი და ჩემი მეგობრების ფულს რომ ხარჯავთ და მერე კიდევ მადლობას ელოდებით სირცხვილია!!! ერთხელ მაინც გეკითხათ თბილისის მოქალქეებისთვის (იმ ხალხისთვის არჩევნებმადე რომ კარგად ცნობდით) ეგებ და არ უნდათ ასეთ სისულელეებში ფულის ხარჯვა.

რა ვიცი სხვა რა უნდა ვთქვა, ეჭვიც არ მეპარება რომ მომავალ წელსაც იგივე კონცერტი იქნება, იგივე მონაწილეებით და იგივე რეპერტუარით და ჩვენც, ისეთივე მორჩილებით ავიტანთ ამას როგორც წელს ავიტანეთ, მერე გარეთ გასულებს იგივე გარე განათება დაგხვდება და მაინც გაგვიხარდება, რადგან ჩვენ მცირედიც გვაკმაყოფილებს.

პ.ს. რით ვარ სხვაზე ნაკლები, მეც ავყვები ფეხის ხმას და - Happy new year!!!