"ჯერ - წაქცეულ კაცს, მერე კი მე და ჩემ შვილსაც გვესროლა" - რას ყვება ქალი, რომელსაც ქმარი თვალწინ მოუკლეს - კვირის პალიტრა

"ჯერ - წაქცეულ კაცს, მერე კი მე და ჩემ შვილსაც გვესროლა" - რას ყვება ქალი, რომელსაც ქმარი თვალწინ მოუკლეს

"ვკიოდი, რას აკეთებ-მეთქი, ის ღრიალებდა და ისევ და ისევ ისროდა. ორი ტყვია ჩემს ბიჭს მოხვდა, დაიჭრა მკვლელის სიმამრის ძმაც..."

"ჩემი გასისხლიანებული ქმარ-შვილი რომ დავინახე, ლამის გონება დავკარგე. ეს სურათი ჩემი თვალებიდან არ ამოვა."

ამ ორიოდე დღის წინ გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მკვლელობა მოხდა. მეზობელ სოფელში მცხოვრებმა 38 წლის მამაკაცმა 42 წლის კაცი საკუთარ სახლთან მოკლა, ასევე დაჭრა მისი 14 წლის ვაჟი და საკუთარი ახლობელი, რომელიც დაძაბული ვითარების დამშვიდებას ცდილობდა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სულ რაღაც 50 ლარი გახდა. ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დარიკო ცაავა, მოკლულის მეუღლე:

- ის კაცი, ვინც დამღუპა, ჩვენს მეზობელ სოფელში ცხოვრობს და სახლში მანქანის ნაწილების მაღაზია აქვს გახსნილი. ჩემი მეუღლე, მანქანების ხელოსანი იყო, პროფილაქტიკაში მუშაობდა. ერთმა ახლობელმა სთხოვა, მანქანაში გაზი უნდა ჩავაყენო და იმ კაცისგან აპარატის ყიდვაში დამეხმარე და თავდებში ჩამიდექი, რადგან თანხას მთლიანად ვერ ვაძლევ, მაგრამ თანდათან გადავუხდიო. ჩემი საწყალი ქმარიც ჩაუდგა თავდებში. ის ჩვენი ახლობელი ვალს პატიოსნად იხდიდა კიდეც, სულ რაღაც 50 ლარიღა იყო დარჩენილი... მკვლელი ხშირად ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ვალი რომ აქვს დარჩენილი, როდის მომიტანსო. ავთო ცდილობდა საქმე კარგი სიტყვით მოეგვარებინა. ეუბნებოდა, მოგიტანს, კაცო, აბა, 50 ლარის გამო ხომ არ დაიმალებაო... ჩემ ქმარს მკვლელობის დღესაც დაურეკა რამდენჯერმე, როგორც ჩანს, ემუქრებოდა. ჩემმა მეუღლემ ამბის გასარკვევად შინ მიაკითხა, მაგრამ არ დახვდა სახლში. ღამე მოვიდა ჩვენთან, ასე 12-ის ნახევარი იყო, უკვე გვეძინა - სოფელში ადრე ვიძინებთ. დაიძახა ჭიშკართან, თითქოს გულმა მიგრძნოო, ავთოს მეც გავყევი და ჩემი ბიჭიც. ის კაცი ეგრევე ჩხუბზე გადავიდა. მომეცით ჩემი ფულიო! - ყვიროდა, თან უშვერად იგინებოდა, ბოლოს ჩემს ქმარს ხელიც გაარტყა. ის უნამუსო ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ჩემი მეუღლე მასთან შედარებით სუსტი იყო, ისეთი დაარტყა, რომ წააქცია, მერე კი წაქცეულ კაცს ესროლა. ერთი მეც მესროლა, მაგრამ ამცდა. ვკიოდი, რას აკეთებ-მეთქი, ის ღრიალებდა და ისევ და ისევ ისროდა. ორი ტყვია ჩემს ბიჭს მოხვდა, დაიჭრა მკვლელის სიმამრის ძმაც...

- ეს კაცი ეჭვმიტანალს მოჰყვა?

- კი, იმას მოჰყვა, საწყალი ცდილობდა ვითარება დაემშვიდებინა, ახლა ძალიან ცუდად არის. ექიმებს უთქვამთ, მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 30 %-იაო... ასე ტყუილუბრალოდ, 50 ლარის გამო დაგვღუპა ყველანი და თავიც დაიღუპა.

- ეჭვმიტანილი ძალოვნებში მუშაობს?..

- არა, ჩვეულებრივი ადამიანია. მაღაზია ჰქონდა თავისი. თავადაც შლიდა მანქანებს და ნაწილებს ჰყიდიდა. იარაღი საიდან ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ თქვეს, გაფორმებული ჰქონია. რას ვიფიქრებდი, თუ იარაღით მოგვივარდებოდა. ვითომ მტრები ვყოფილიყავით, ამოიღო და სროლა აგვიტეხა. ამ დროს დაიჭრა ჩემი ბიჭი. ხელსა და ფეხში, ბარძაყში ტყვიამ გაუარა. ძალიან შევშინდი. რომ დავინახე ყველას გვესროდა, ჩემს შვილისკენ გავიწიე, მაგრამ გადაფარება ვერ მოვასწარი, საკუთარი თავი არ მახსოვდა. ჩემი გასისხლიანებული ქმარ-შვილი რომ დავინახე, ლამის გონება დავკარგე. ეს სურათი ჩემი თვალებიდან არ ამოვა. ჩემი საცოდავი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. შიგ გულში მოხვდა ტყვია...

- თქვენი ვაჟი როგორ არის?

- ვალერი ცოტა უკეთესად არის, მითხრეს, რომ მალე გამოწერენ. სუსტად კი არის, მაგრამ მამა უნდა დაიტიროს. ეგ ერთი შვილი მყავს და იმასაც რომ დამართნოდა, თავი მექნებოდა მოსკლავი... სანამ ჩვენ გონზე მოვიდოდით, სროლის ხმაზე მეზობლები შემოცვივდნენ და სასწრაფო გამოიძახეს. ამასობაში, ის უსუნდისო კაცი გაიქცა მიიმალა, თუმცა დააკავეს უკვე. რაც შეიძლება ბევრი წელი უნდა მიუსაჯონ, მაგის თავისუფლებაზე ყოფნა როგორ შეიძლება, ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი გააუბედუროს ჩემსავით...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)