ჟვანიას საქმის რა ახალ დეტალზე ლაპარაკობს ჩაჩუას ადვოკატი
"ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი"
2005 წელს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები კვლავაც იდუმალებითაა მოცული. სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებდნენ, რომ საქმე, რომელიც უპირველესად გაიხსნებოდა ზურაბ ჟვანიას საქმე იყო, თუმცა ეს განცხადება დღემდე განცხადებად რჩება. მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, გამოძიება მარტივი არ არის, რადგან მომხდარიდან 9 წელიწადი გავიდა. "წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები - ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ."
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე საქმის აქამდე უცნობი ერთ-ერთი დეტალი გახდა ცნობილი. კერძოდ, საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას პროცესზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, გამომძიებელ კახა ჭუმბაძის დაკითხვისას, დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა ჭუმბაძემ შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა. შეგახსენებთ, კახა ჭუმბაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საგამოძიებო ჯგუფს თავდაპირველად ხელმძღვანელობდა. მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა შეკითხვით მიმართა - დაათვალიერა თუ -არა ჩანთა და ნახა თუ - არა, ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების გარეშე შეიფუთა და, აქედან გამომდინარე, არ ახსოვს, რა იდო ჩანთაში. როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ დღევადელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე აღნიშნული ჩანთის მნიშვნელობას საკუთარ დასკვნით სიტყვაში განმარტავს. რაც შეეხება ლევან ჩაჩუას, მან ამ საკითხზე საუბარი დახურულ სხდომაზე მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ჩანთის ირგვლივ კომენტარის გაკეთება არც საქმის პროკურორმა ისურვა. როგორც რევაზ ნადოიმ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოის განცახდებით, გაგუდვაზე ეჭვის არსებობის გამო ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართო პროცესზე დაკითხულმა სანიტარმა თქვა, რომ უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით, ზურაბ ჟვანიას გვამს ჩაუტარა ბალზამირება. არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ოთხსაათიანი ვიდეო სასამართლოში აჩვენონ. მომდევნო სასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ, კიდევ ორ ბრალდებულს - ჟვანიას დაცვის წევრებს: კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას დაკითხავენ.
მომზადებულია"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით