ჯორცხენას წელიწადი - კვირის პალიტრა

ჯორცხენას წელიწადი

თხის წელი მოვიდაო თუ ცხვრისო... ერთი სიტყვით, შინაურ წყვილჩლიქოსან ცხოველზეა ლაპარაკი და იმედია, ასეთივე "შინაური", უკონფლიქტო და წყნარი წელიწადი გვექნება. თუკი ეს იმედი გამართლდა, ჯანდაბას ჩემი თავი - ნუ მექნება "პროვოკაციების" მიზეზი და, შესაბამისად, სამუშაო, სხვას ვნახავ რამეს, სამუშაო ადგილების მეტი რა არის ამ დალოცვილ ქვეყანაში...

სამუშაო ადგილებსა და დაპირებულ "ტკბილ ცხოვრებაზე" გამახსენდა: მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც "გველის წელი" მოდიოდა, "მორიგე ხუმრობად" იქცა: "ზებრის წელი" იქნებაო, ზოგი "პინგვინის წელს" ამბობდა და ზოგიც - ზვიგენისას, მაგრამ ხომ გასაგებია, რასაც გულისხმობდნენ.

რამდენად გაამართლა ამ ამბავმა, დრო გვიჩვენებს, ხოლო 2015-ს რაც შეეხება, წლის ბოლოს გადავწყვიტოთ - ცხვრისა იყო თუ თხისა. რადგან შინაურობასა და წყვილჩლიქოსნობაში მსგავსების მიუხედავად, ცხვარი მაინც ცხვარია (თუ არ გაცხარდა), ხოლო თხა - ჯიუტი, ცოტა მოსულელო და ამის გამო ხიდიდან გადავარდნილი (მეორე თავისნაირთან ერთად).

ისე, რაღაცნაირი წელი იყო - თითქოს მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული, მგარამ მაინც რაღაცნაირად ცარიელი...

არა, შარზე არ ვარ, უბრალოდ, რაღაცები ვერ გავიგე: აი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, ხომ? არ დაგაფიცებთ და არც იმას გეტყვით, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით-მეთქი, უბრალოდ, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ: თქვენ ირგვლივმყოფ ათ ადამიანს ჰკითხეთ, რა შეცვალა ამ ხელმოწერამ მათ ცხოვრებაში? პასუხი გასაგებია - თანაც ათივესი. ახლა ჰკითხეთ: რას ელიან უახლოეს მომავალში ამ ხელმოწერისგან? აქ პასუხი არ არის მთლად ცხადი, მაგრამ შვიდი თუ არა, ექვსი მაინც იმ პირველის ანალოგიური იქნება ანუ: "ვირის თავფეხი", "ბუს კვერცხები", "იხვის ტოლმა", "სამში გრძელი" ან რამე ამგვარი. ის დანარჩენი სამი-ოთხიც, ასე, გაზაფხულზე შეუერთდება ამ უმრავლესობას.

უმრავლესობაზე გამახსენდა: უმრავლესობის შემცირების წელი იყო გასული წელი და, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არ იყოს, შედეგს (დადებითს ან უარყოფითს) ჯერჯერობით ვერც ამ ამბიდან ვხედავთ. ანუ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი: რაღაცები მოხდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა-მეთქი - აჰა, წავიდნენ ალასანია და ძმანი მისნი დიდი ხმაურით "ოცნებიდან" და ორიოდე კვირაში მიჩუმდნენ. არავინ მითხრას, ბრძოლისთვის ემზადებიან, რა იცი, რას აპირებენო! რა ვიცი და, მისი უდიდებულესობა რეიტინგი ვიცი, რომელიც ხან აქ და ხან იქ, ყოველ კვირაში ქვეყნდება და ალასანიაზე მაღალი რეიტინგი უკვე მის ცოლს აქვს! ესეც შენი ყველაზე პერსპექტიული და კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა...

"დავიგრუზე"... ასე ვიცი, როცა წინაღამეს სამ ლიტრზე მეტს "იწვიმებს" ხოლმე... ნუ მომაქცევთ ყურადღებას, შობა იზეიმეთ, გილოცავთ!

აი, მე პრეზიდენტმა მომილოცა. მართლა. ოქროსფერგერბიანი კონვერტი მომიტანეს რადიოში, გამჭვირვალე იყო, არ გავხსენი, ისე წავიკითხე - გილოცავო, ძვირფასო პროვოკატოროო, კიდევ მეტი წარმატებაო სამსახურსა და ოჯახშიო... იმიტომ არ გავხსენი, რომ უკან უნდა დავუბრუნო, გაბრაზებული ვარ მაგაზე, იცის თვითონ, რატომაც. მკითხველმაც იცის, ვისაც ახსოვს ერთი კონკრეტული "პროვოკაცია", რამდენიმე თვის წინანდელი... ისე, რა ქნას მაგანაც - კარგია, რომ ამ მისალოც ბარათებზე მაინც აწერინებენ ხელს.

კარგი, ვამთავრებ, წავიდეთ, ვიქეიფოთ, შობა მოდის სამიოდე საათში (თქვენ ზეგ წაიკითხავთ ამას), გილოცავთ გულწრფელად, მიყვარხართ და მადლობელი ვარ თქვენი, მკითხველებო.

პ.ს. რა კარგად დავამთავრე - მოლოცვით, სურვილებით, მაგრამ "პროვოკატორობის ეშმაკი" რომ გაქვს კაცს შეჩენილი, რას იზამ?! ისე, ჩემი ბრალიც არ არის - ერთ-ერთ საიტზე ამწუთას ვნახე ასეთი გამოკითხვა: "თქვენი აზრით, უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში?" და 62% პასუხობს - დიახ!

ჰოდა, თხა და ცხვარი არა, ჯორცხენა არ გინდათ?! ისევ ზებრის, თუ პინგვინის, თუ ზვიგენის წელი იქნება, მგონი...

პ.პ.ს. ისე, ზებრა ჯორცხენაა თითქმის... ოღონდ ზოლიანი...