ტყვიები კარიკატურების საპასუხოდ - ტერაქტი, რომელმაც შეიძლება ევროპა შეცვალოს
"ახლა ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მომდევნო თავდასხმების აღკვეთაა"
"საფრანგეთის პოლიციამ და სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მეორე შეცდომა დაუშვეს."
პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo - ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი - დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან, გამოცემის მთავარი რედაქტორი და რამდენიმე კარიკატურისტი. შეიარაღებული თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც გაზეთმა "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა "ისლამური სახელმწიფოს" აბუ ბარკ ალ-ბაღდადის კარიკატურა.
საფრაგთის პოლიცია ამჟამად ეძებს დამნაშავეებს, რომლებიც საფრანგეთის ჩრდილოეთით შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით ტერორისტები შეამჩნიეს ბეზინგასამართ სადგურზე. ისინი შეიარაღებულები არიან. როგორც საფრანგეთის პოლიციამ საზოგადოებას აცნობა, ეჭვმიტანილები არიან ძმები - 34 წლის საიდ და 32 წლის შერიფ კუაშები.
მესამე ეჭვმიტანილი კი 18 წლის ჰამიდ მურადია, რომელიც ფრანგული პრესის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. CNN-ის ცნობით, შერიფ კუაში უკვე იყო ერთხელ ნასამართლევი. ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. თავდასხმა ჟურნალის რედაქციაზე 2011 წელსაც განხორციელდა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოცემამ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ჟურნალ Charlie Hebdo -ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციამ წუხელ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მანვე რადიო RTL-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა მომდევნო თავდასხმების აღკვეთაა. რა ხდება პარიზში ამჟმად და რას აპროტესტებენ ქუჩაში გასული ფრანგები? ! - გვესაუბრება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
- საშინლება დატრალდა, ვფიქრობ, მომხდარი საფრანგეთის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. უკვე დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, რომელებიც ამ ტერაქტთან არიან დაკავშირებული. ეს არის რაღაც ტერორისტული ჯგუფი, რომელიც, როგორც ჩანს, კარგა ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა, რაშიც ფრანგული საზოგადოება საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს ადანაშაულებს. კონკრეტულად ის სამი ადამიანი, ვინც ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა სამივე იდენტიფიცირებულია.
საფრანგეთში ყველგან, მივარდნილ სოფლებშც კი გზებიც გადაკეტილია, მათ ყველგან ეძებენ. აკონტროლებენ მეტროს, რკინიგზის სადგურებს და ა.შ. ყველა მედიაგამოცემას სპეციალური დაცვა დაუყენეს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამ დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას ატარებს. პარიზში და არც დანარჩენ ქვეყანაში პანიკა არ არის, მაგრამ გუშინ, ფაქტობრივად, ნახევარი საფრანგეთი გარეთ იყო გამოსული, მათ შორის იყვნენ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენლები. ეს ადამიანები ძალადობას და ტერორიზმს გმობენ და მოითხოვენ საფრანგეთის მთავრობამ საკადრისი პასუხი გასცეს მოძალადეებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გამოვიდა საფრანგეთის მთავარი მუფტი და თქვა, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს აბინძურებენ ჩვენს რელიგიას და მათ არანაერი საერთო არ აქვთ ჩვენს მაჰამადიანობასთანო. მან მოუწოდა ყველას, დაგმონ ნებისმიერი სახის ტერორიზმი. ფაქტია, რომ საფრანგეთის პოლიციამ და სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მეორე შეცდომა დაუშვეს. პირველი იყო 2011 წელს, როდესაც "ალქაიდას" წარმომადგენლმა ტულუზაში 11 ადამიანი მოკლა. მეორე, უკვე "შარლი ებდოს" ჟურნალისტების მკვლელობაა, აქაც 11 ადამიანია მკვდარი, მათ შორის არის საფრანგეთის 4 ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი კარიკატურისტი. ფრანგები მოითხოვენ, საფრანგეთის პოლიციამ გასცეს კითხვას პასუხი, თუ რატო მოხდა ეს ფაქტი და რატომ არ მიაქცია პოლიციამ ერთი კვირის წინ რედაქციაში შესულ მუქარის ზარებს?!
- ტერორისტები საკმაოდ ადვილად შევიდნენ შენობაში, თუნდაც 2011 წლის შემტხვევის გამო, რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული?
- დიახ, მათ საკმაოდ მარტივად შეაღწიეს რედაქციაში. ყველამ ნახა ის საშინელი კადრები, თუ როგორ დახვრიტეს დაცვის თანამშრომელი, სხვათა შორის ის ბიჭი აღმოჩნდა ალჟირული წარმოშობის ფრანგი, რომელიც მუსულმანი იყო. ერთ-ერთი დაღუპული ჟურნალისტიც მუსულმანია, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ ადამიანებისთვის რელიგიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ 2011 წლის შემთხვევა ახსენეთ, როდესაც ფანატიკოსმა ტერორისტებმა მოლოტოვის კოქტეილებით დაწვეს ამ გამოცემის რედაქცია, რის შემდეგაც თითქოს უფრო უსაფრთხო შენობაში გადავიდნენ. ეს ფაქტი, ამას დამატებული ამჟამინდელი მუქარის ზარები, საოცარია, რომ პოლიციამ მაინც არ მიიღო შესაბამისი ზომები. სწორედ ამიტომ არის აღშფოთებული ფრანგული საზოგადოება. როგორ გამორჩათ საფრანგეთის სპეცსამსახურებს ეს ფაქტი?!
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)