"თოვლს სამი საათის განმალობაში ვთხრიდით და ზვავში ფარნას პოვნას ვცდილობდით" - ბახმაროს ტრაგედიის დეტალები
"გიორგი პატარა ნაძვის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, ფარნა ზვავში ღრმად აღმოჩნდა დამარხული"
"ბოლო დღეებში დედას გული ცუდს უგრძნობდა. ფარნას წასვლამდე დიდხანს ეხვეწა, უარი ეთქვა ლაშქრობაზე"
ფარნა ბადურაშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა. მთაში გაზრდილს, მთა ძალიან უყვარდა... დედა და ოჯახის წევრები დიდხანს ეხვეწნენ თურმე, რომ ახალი წელი მთაში კი არა, მათთან ერთად გაეტარებინა, თუმცა მათ არ დაუჯერა და მეგობრებთან ერთად საყვარელ მთებს მიაშურა. 3 იანვარს მთელმა საქართველომ გაიგო ზვავს ჩაყოლილი ახალგაზრდის ტრაგედიის ამბავი...
ბახმაროში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სამი ახალგზარდა: დავით მჭედლიშვილი, გიორგი გაგნიძე და გიორგი ნაზღაიძე ზვავიდან გამოიყვანა, მეოთხე, ფარნა ბადურაშვილი კი, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს გადარჩენილებს ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ, თუმცა "კვირის პალიტრასთან" დავით მჭედლიშვილი უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს:
- სამწუხაროდ, ჩვენთვის 2015 წელი საშინელი ტრაგედიით დაიწყო - ზვავში გამორჩეული, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი - ფარნა ბადურაშვილი დაგვეღუპა. ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" წევრები ვართ. 2014 წლის 30 დეკემბერს, ოთხკაციანი ჯგუფი ტრადიციულად ახალი წლის მთაში შესახვედრად გაემართა. მარშრუტი წრიული იყო და ადიგენის რაიონის სოფელ დერცელიდან იწყებოდა. საწყისი წერტილიდან ჯგუფი შავნაბადას იალაღებზე უნდა ასულიყო, შემდგომ ზოტის მთაზე, საიდანაც ზოტიყელის საზაფხულო დასახლებაში უნდა გადასულიყო და ხულოს რაიონის მხრიდან დაბრუნებულიყო საწყის წერტილზე. პირველი ორი დღე ლაშქრობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, ანუ მარშუტის ყველაზე მაღალი წერტილი, ზოტის მთა წარმატებით გადავლახეთ და მწყემსების ბინაში დავბანაკდით. პირველ იანვარს დილის ათის ნახევარზე ზოტიყელის იალაღებისკენ დავიძარით, ბანაკიდან 700 მეტრში ჯგუფის ორი წევრი გიორგი ნაზღაიძე და ფარნა ბადურაშვილი ზვავში მოხვდნენ, გიორგი პატარა ნაძვის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, ფარნა ზვავში ღრმად აღმოჩნდა დამარხული.
- მაშველების მოსვლამდე, ფარნა ბადურაშვილის გადარჩენა სცადეთ?
- რა თქმა უნდა, თოვლს სამი საათის განმალობაში ვთხრიდით და ფარნას პოვნას, ზვავში მისი მდებარეობის დადგენას სალაშქრო ჯოხებით ვცდილობდით, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, ვერაფერს გავხდით. გაუარესებული ამინდისა და განმეორებითი ზვავის საშიშროების გამო იძულებულები გავხდით ბანაკში დავბრუნებულიყავით. ამ ტერიტორიიდან მაშველებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამიტომ მეორე დილით ბანაკიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ზოტის მთაზე ავედით, საიდანაც 112-ს მომხდარის შესახებ ვაცნობეთ. შევძელით და ზვავის ადგილმდებარეობის ჯიპიეს კოორდინატები მივაწოდეთ, ასევე ლაშქრობის მარშრუტი. 3 იანვარს, დაახლოებით 12 საათისკენ ვერტმფრენმა ხეობაში მაშველთა 30-კაციანი ჯგუფი ჩამოსვა. მათი დახმარებით ფარნას ცხედრის პოვნა და თოვლიდან ამოყვანა მოხერხდა. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ჩვენი მდგომარეობის გადმოცემა შეიძლება. ფარნა ძლიერი, მიზანდასახული, ქვეყნის მოყვარული, ლაპარაკში მოზომილი და საქმეში თავდადებული იყო ბიჭი იყო. სპორტსმენი იყო და გეგმავდა სპორტს პროფესიონალურ დონეზე გაჰყოლოდა, თან სამხედრო კარიერაზეც ფიქრობდა.
"კვირის პალიტრა" გარდაცვლილის დას, თათია ბადურაშვილსაც დაუკავშირდა:
- ჩემი ძმა მთაში იყო გაზრდილი და მთა ძალიან უყვარდა, სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ, საზოგადოებრივ ცენტრ "აისის" წევრი გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლასშქრობებში ყოველ შაბათ-კვირას მათთან ერთად დადიოდა. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მეთაურის სტატუსი მისცეს, ანუ თავად შეეძლო ლაშქრობებზე ჯგუფს გაძღოლოდა, თუმცაბოლო ლაშქრობაზე მაინც მოსწავლედ წავიდა. ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო, თანატოლებისგან განსხვავებით "ბირჟაზე" არასოდეს მდგარა. სხვანაირად ხედავდა თავის მომავალს, დიდი გეგმები ჰქონდა... სწავლის პარალელურად, "კინგ ბოქსს" ვარჯიშობდა. წასვლამდე მითხრა, შემდეგ ლაშქრობაზე შენც წაგიყვანო. გამიხარდა და ვემზადებოდი, მაგრამ თავს ეს საშინელი ტრაგედია დაგვატყდა... ბოლო დღეებში დედას გული ცუდს უგრძნობდა. ფარნას ბოლო ლაშქრობაზე წასვლამდე დიდხანს ეხვეწა, უარი ეთქვა მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე და ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ ფარნამ არ დაუჯერა. მშობლებს არ უნდოდათ მისთვის გული ეტკინათ და როცა მიხვდნენ, თხოვნას აზრი არ ქონდა, წასვლა აღარ დაუშალეს. დღეს მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ...
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)