"თავი მთლიანად დაჩეხილი ჰქონდა, არ ვიცი, ასე სასტიკად ვინ გაიმეტა" – მკვლელობა ვაზისუბანში - კვირის პალიტრა

"თავი მთლიანად დაჩეხილი ჰქონდა, არ ვიცი, ასე სასტიკად ვინ გაიმეტა" – მკვლელობა ვაზისუბანში

"გასულ წელს, აგვისტოშიც ვიღაც დაესხა თავს"

"ამბობენ, რომ მკვლელი პოლიციის თანამშრომელია და უკვე დააკავეს. ისიც ითქვა, რომ თავდამსხმელი მას წილს სთხოვდა."

"თავი მთლიანად დაჩეხილი ჰქონდა... სახე საერთოდ არ უჩანდა. ნეტა სულ არ მენახა. როდესაც ხმაურზე გამოვედით, ლიფტთან სისხლის გუბე იდგა. არ ვიცი, ასე სასტიკად ვინ გაიმეტა, ან სახლის სადარბაზოში ისეთი დრო როგორ შეარჩია, რომ კაციშვილმა ვერაფერი ნახა. ზოგმა თქვა, შელაპარაკება მოუვიდათო, მაგრამ არ იყო ისეთი სუსტი ბიჭი კობა, რომ ერთი დარტყმით წაექცია და გონი დაეკარგვინებინა. ეტყობა, წაქცევის შემდეგაც ურტყა თავში. ამბობენ, ბლაგვი საგანი ჰქონდა მკვლელსო, კონკრეტულად, რა – არ ვიცი. კობას ნაწყენი არავის არავის უნახავს და რა დაუშავა ასეთი, არ ვიცით." - ამბობს კობა აღლემაშვილის ოჯახის ახლობელი...

ვაზისუბანში მოკლულ 31 წლის კობა აღლემაშვილს, ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ეგონათ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. შემთხვევა, დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მოხდა და როგორც მეზობლები ამბობენ, ხმაური არ გაუგიათ.

მარი, კობა აღლემაშვილის ოჯახის ახლობელი:

- არც გასროლის ხმა გაგვიგია და არც ხმაური. შემდეგ ვიღაცამ ნახა კობა და ყვირილი მორთო. არ ვიცი, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუ -არა, - დავინახეთ კობა, ძირს იწვა და თავიდან სისხლი სდიოდა... ეს არ გავდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას... მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ გვიანი იყო.

- რამდენიმე ხნის წინაც ყოფილა მასზე თავდასხმის შემთხვევა...

- დიახ, გასულ წელს, აგვისტოშიც ვიღაც დაესხა თავს. როგორც ვიცი, პოლიციაში საქმე აღძრული იყო, მაგრამ ვერაფერი გაირკვა. მაშინ, თავდამსხმელი ზუსტად იგივე დროს, იგივე ადგილას ჩაუსაფრდა, თავში ასევე ბლაგვი საგანი ჩაარტყა და გათიშა. მაშინ ყელიდან ოქროს ჯაჭვი მოგლიჯა და მიიმალა. მეზობელმა მაშინაც შემთხვევით იპოვა და გადარჩა. მაშინ ისიც კი ითქვა, ალბათ მანიაკია ვიღაცაო... მაშინ საცოდავი ბიჭი იმდენად მძიმედ იყო, რომ ერთი თვე რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გადარჩა. თავადაც გაოცებული იყო, კონფლიქტი არავისთან არ მქონია და ვინ არის და რა უნდა ჩემგან, წარმოდგენა არ მაქვსო.

- რამდენი ხანია თქვენს მეზობლად ცხოვრობს?

- დიდი ხანია. აქ არ დაბადებულა, თორემ ჩვენს უბანში გაიზარდა. ძალიან მეოჯახე ბიჭი იყო.

- ოჯახი ჰყავს?

- დიახ, მეუღლე და ორი წლის გოგონა ჰყავს. ყველაფერი რაც აქვს, პატიოსანი შრომით მოიპოვა. მაგის განაწყენებული კაცი არავის უნახავს.

მეზობლების თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მეშვეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

- ითქვა, რომ ეჭვმიტანილი პატრულის თანამშრომელია. საიდან გაჩნდა ეს ვერსია?

- დიახ, ასე ითქვა, არავის გაუგია, რომ მან მე ამას ვერც დავადასუტრებ და ვერც უარვყოფ. საქმე ის არის, არავის გაუგია მას ვინმესთან დაპირისპირება ჰქონოდა, არათუ პოლიციელთან... ოჯახის წევრებისგან გავრცელდა ეს ვერსია, ამბობენ, რომ მკვლელი პოლიციის თანამშრომელია და უკვე დააკავეს. ისიც ითქვა, რომ თავდამსხმელი მას წილს სთხოვდა.

- რის წილს, სად მუშაობდა დაღუპული?

- კობას, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა, - ავტოსამრეცხაო, სადგომი და იქვე კაფესაც ამუშავებდა. ამ დროისთვის ავტოსამრეცხაო დაკეტეს... წვალობდა, ოჯახისთვის არაფერი რომ არაფერი მოეკლოთ. გადარეული ვართ ყველანი. საწყალი ბიჭი, ნორმალურ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ ვინ აცალა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)