"ეს ომია, რომელშიც ყურებამდე ვართ ჩაფლული" - კვირის პალიტრა

"ეს ომია, რომელშიც ყურებამდე ვართ ჩაფლული"

"ისლამური ტერორი იმდენად ჩამორჩენილია, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებს."

"სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს"

გთავაზობთ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შეფასებებს:

მარიო ვარგას ლიოსა, პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში: "მოვუწოდებ პოლიტიკოსებსა და მთავრობებს, ფარ-ხმალი არ დაყარონ და ნუ იქნებიან პასიურნი იმ ტერორისტების მიმართ, რომლებსაც მილიარდერები აფინანსებენ.

ისლამური ტერორი იმდენად ჩამორჩენილია, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებს. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მისი მთავარი მსხვერპლი არა ებრაელები და ქრისტიანები, არამედ თავად მაჰმადიანები არიან. ამიტომ კეთილგონიერები და სამართლიანები უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ დამნაშავე რიგითი მაჰმადიანია".

სალმან რუშდი, წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი მწერალი, ესეისტი, 2011 წელს წიგნის "სატანური ლექსების" გამო "ალ-ქაიდას" მთავარ სამიზნეთა სიაში მოხვდა: "რელიგიურმა ტოტალიტარიზმმა ისლამის მომაკვდინებელი მუტაცია განაპირობა, რისი მომსწრეც პარიზში გავხდით. მე "შარლი ებდოს" გვერდში ვდგავარ, როგორც ყველა სხვა, რათა დავიცვა ხელოვნება - სატირა, რომელიც ყოველთვის იყო ძალა, მიმართული თავისუფლების და ტირანიის, სიცრუისა და სიბრიყვის წინააღმდეგ".

უმბერტო ეკო, იტალიელი კულტუროლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი: "ეს ომია, ომის ახალი სახე, რომელშიც ყურებამდე ვართ ჩაფლული. ეს ახალი, მაგრამ ამავე დროს ისეთივე ომია, როგორიც ჩემს ბავშვობაში, როდესაც ყოველდღე შიშში ვცხოვრობდით - გვეშინოდა, რომ ერთ დღესაც უეცრად ციდან ბომბები ჩამოცვივდებოდა.

თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს ამ ყველაფრის მაჰმადიანებთან გაიგივება, ისევე როგორც არ იქნებოდა სწორი, ქრისტიანობა რომ ჩეზარე ბორჯიას მეთოდებთან გაგვეიგივებინა. აი, "ისლამურ სახელმწიფოს" რაც შეეხება, აქ ყველაფერი აშკარაა - ეს ნაციზმის ახალი სახეა, რომლის აპოკალიფსური მისია მსოფლიოს დაპყრობაა".

გოგი ქავთარაძე, პარლამენტარი: "საფრანგეთში ტერორიზმმა პიკს მიაღწია. ფრანგულ გამოცემაზე თავდასხმა აღმაშფოთებელია... ახლა მთავარია, მთელი მსოფლიო ამ ძალას ეფექტურად დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერაქტების სერია გაგრძელდება. ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალითაა შესაძლებელი, ყველა პროგრესულმა ქვეყანამ ტერორიზმს მწვავე პასუხი უნდა გასცეს. თუ საჭიროა, უმკაცრესი სანქციებიც უნდა დაწესდეს".

ბესო დუღაშვილი, კარიკატურისტი: "ტერაქტი, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია, მაგრამ თავად კარიკატურისტების დამოკიდებულებაც ამაზრზენი იყო. არ შეიძლება კარიკატურა დახატო ადამიანის სულიერ ფასეულობებზე. ამას წინათ ვნახე, ჩონჩხი დაუხატავთ მინაწერით, - როგორც იქნა, ჯექსონი გათეთრდაო... ლიბერალებმა მაშინ თავი გამოიდეს, ეს როგორ შეიძლებაო და ქრისტესა და მუჰამედის კარიკატურის დახატვა შეიძლებოდა?! თუ ჯექსონის ნახატში ფერადკანიანების მიმართ გამოხატული დამოკიდებულება არ იყო მისაღები, ქრისტესა და მუჰამედის კარიკატურა ჩვეულებრივი მოვლენა იყო?.. ამით ხომ რამდენიმე მილიონი ადამიანის რწმენას დაასხეს ლაფი. შარჟი, რომელიც ადამიანის სულიერ სიწმინდეს ცუდად ეხება, ამორალურია...

შარჟი ადამიანში ღიმილს უნდა იწვევდეს, შინაგანი ცენზი უნდა ჰქონდეს, რათა მანკიერებები სატირის ჟანრში ამხილოს. ეს კარიკატურები ცალსახა და მაპროვოცირებელი იყო".

გია ბუღაძე, მხატვარი: "რაც მოხდა, საშინელებაა. ხელოვნების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კარიკატურას დიდი პოლიტიკური ძვრებიც კი გამოუწვევია, მათ შორის - საფრანგეთშიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარიკატურა სერიოზული კულტურული მოვლენაა. ამბობენ, რომ ამ კარიკატურებით რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს, თუმცა, მე მივიჩნევ, რომ რელიგია სწორედ მაშინ შეურაცხყვეს, როდესაც რწმენის სახელით ხალხი დახოცეს. არც ერთი რელიგია არ მოუწოდებს მრევლს ძალადობისაკენ, ეს მხოლოდ ფანატიკოსთა მცდარი წარმოდგენებია".

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: "გაუგებარია, ცივილიზებულ სამყაროს მსგავსი სახიფათო ძალის ჩამოყალიბება როგორ გამორჩა. ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი ვიღაცებმა დაუშვეს კიდეც. ფრანგულმა გამოცემამ უდანაშაულო მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. ეს ცეცხლთან თამაში იყო, რითაც მთელ მსოფლიოს შეუქმნეს საფრთხე. მეტიც, მათ ქმედებებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ბუნებრივია, ადამიანის კვლას არაფერი ამართლებს. ეს რელიგიური ტერორიზმია, რომელსაც მსოფლიომ თავისი უგუნური თუ პოლიტიკური თამაშებით ხელი შეუწყო. ტერორისტები ციდან ხომ არ ჩამოფრინდნენ? ე. ი. მათ იარაღი დიდი სახელმწიფოებიდან მოსდით. კონიუნქტურულმა თამაშებმა ეს ნაყოფი გამოიღო და დღეს მასთან საბრძოლველად ძალების მობილიზებაა საჭირო. ცალ-ცალკე სახელმწიფოები უძლურნი იქნებიან".