"როგორ შეიძლება, გამსახურდიას წიგნს, ციხეში ხალხის გამაუპატიურებელ ახალაიას, "შედევრი" შეადარო?!" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება, გამსახურდიას წიგნს, ციხეში ხალხის გამაუპატიურებელ ახალაიას, "შედევრი" შეადარო?!"

"მე არ ვარ ბატონი ზვიადის ამ ნაშრომით აღფრთოვანებული. ის ერთგვარი "ტრაქტატია", რომელშიც "ნამტნავად პატრიოტულად" და ამბიციურადაა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და ფუნქცია."

"ბაჩო ახლაიას წიგნს აქვს პერსპექტივა, რომ რომ თითოეული ქართველისთვის სახელმძღვანელოდ და სამაგიდო წიგნად იქცეს"

თბილისში, სახვითი ხელოვნების მუზეუმის მშენებარე შენობაზე მიმაგრებულ ხარაჩოზე "თავისუფალი ზონის" წევრებმა ორი ბანერი "მომავალ წელს სოხუმში" და ამჟამად პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წიგნის სათაური "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" გამოაკრეს. ბანერის გამოკვრის შემდეგ სახვითი ხელოვნების მუზეუმთან საპატრულო პოლიცია მივიდა, თუმცა არანაირი ზომები არ მიუღიათ. მშენებარე შენობის ხარაჩოზე "თავისუფალი ზონის" წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სანტა კლაუსის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი და ახალაიას წიგნს კითხულობდნენ. ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიებში ბაჩო ახალაიას წიგნი - "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" გამოჩნდა, რომელიც ზოგიერთმა საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წიგნს - "საქართველოს სულიერი მისია" შეადარა.

ამ წიგნზე კომენტარი კომენტარი სანდრო ბრეგაძეს ვთხოვეთ, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი გახლდათ:

- როგორც გავიგე, ვიღაც-ვიღაცეები ამ წიგნს ზვიად გამსახურდიას "სულიერ მისიას" ადარებენ. ეს დაუშვებელია, როგორ შეიძლება გამსახურდიას წიგნი ციხეში ხალხის გამაუპატიურებელ ახალაიას "შედევრს" შეადარო?!. ადამიანებმა, ვინც იციან ზვიადის შემოქმედება, კარგად უწყიან ზვიადის უსაზღვრო განათლების შესახებ და ეჭვიც არ ეპარებათ მის მაღალ ინტელექტში და როცა ამ ყველაფერს ციხის უფროსის ინტელექტს ადარებ ეს მინიმუმ მკრეხელობაა. ვფიქრობ, ადამიანები, ვინც ასეთ შედარებას ახდენენ სულიერად ავადმყოფები არიან. მათ აუცილებლად უნდა იმკურნალონ შესაბამის ადგილას. მე ნანახი მაქვს ჯაბა იოსელიანის "სამი განზომილება" და შინაარსიდან გამომდინარე, ამ წიგნს უფრო შევადარებდი და ვფიქრობ, უფრო მართებული იქნებოდა, ვინაიდან ისიც დამნაშავე იყო და ესეც დამნაშავეა, თუმცა ჯაბამ ამ წიგნში თავის ცოდვების შესახებ ღიად ისლაპარაკა და ბევრ ადამიანს ხელიც დაადო და რუსეთთან პირდაპირ კავშირში ამხილა, მათ შორის თენგიზ კიტოვანსა და თენგიზ სიგუას. არა მგონია, ახალაიას ამ წიგნში რაიმე მსგავსი გაეცხადებინოს ან სინანულის გრძნობა ჰქონდეს. - ამ წიგნს რამდენიმე ისტორიკოსმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა...

- დარწმუნებული ვარ რომ ბატონმა ახალაიამ ნორმალურად წერა-კითხვაც კი არ იცის და საერთოდ, ეს წიგნი არის კი მის მიერ დაწერილი?! რაც შეეხება ისტორიკოსების შეფასებას, ვერაფერს გეტყვით, რადგან წიგნი არ წამიკითახავ და არც მომავალში ვაპირებ მის წაკითხვაზე დროის დაკარგვას.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაიას წიგნის ერთ-ერთი ფარული თანაავტორი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირია, რომელსაც დავუკავშირდით:

- ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ ბაჩო ახალაიამ პატიმრობაში წიგნი დაწერა, კიდევ უფრო მესიამოვნა, როდესაც წავიკითხე წიგნის სათაური: "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი". ეს არის შეძახილი-მოწოდება, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ქართველმა. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ სოხუმისა და აფხაზეთის იერუსალიმთან სიმბოლურად დაკავშირება, არაა ბაჩო ახალაიას "ექსკლუზივი". ამგვარმა ფრაზამ პირველად გაიჟღერა 1996 წელს აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობაზე. წიგნში მოცემულია საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენების საკმაოდ კვალიფიციური ანალიზი. ავტორი ამჟღავნებს წიგნიერებას. წიგნში მოცემული პოლიტიკური პროცესების (მათ შორის ბაჩო ახალაიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის) ავტორისეული ხედვა, შეიძლება ზოგჯერ სუბიექტურიცაა, თუმცა ზომიერად პოლიტიზირებული. ერთადერთი რაც ბაჩოს დავუწუნე, ესაა მისი მიდგომა აფხაზების მიმართ; ის ზედმეტად მკაცრია. მისთვის, ფაქტობრივად, ყველა აფხაზი მოღალატე და სეპარატისტია. ეს მიდგომა არაა ჩემთვის მისაღები. მას ზოგიერთი ზვიად გამსახურდიას "სულიერ მისიას" ადარებს, მე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს. მე არ ვარ ბატონი ზვიადის ამ ნაშრომით აღფრთოვანებული. ის ერთგვარი "ტრაქტატია", რომელშიც "ნამტნავად პატრიოტულად" და ამბიციურადაა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და ფუნქცია. გარდა ამისა, ზვიად გამსახურდია სულ სხვა დონის ფიგურაა. ბაჩო ახალაიას წიგნი ნამდვილად არაა (და ვერც იქნება) ასეთი ამბიციის მატარებელი, თუმცა მას აქვს პერსპექტივა, რომ რომ თითოეული ქართველისთვის სახელმძღვანელოდ და სამაგიდო წიგნად იქცეს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი ფარული თანაავტორი თქვენ ხართ.

- ეს ჭორი და სრული სისულელეა, სასაცილოდაც არ მყოფნის ეს ამბავი. ამ წიგნის არსებობა პირველად მაშინ გავიგე როცა ბაჩოს მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა დამირეკა და მთხოვა, როგორც პროფესიონალ ისტორიკოსს, აფხაზეთის უახლესი ისტორიის ერთგვარ მემატიანეს, თანაც მისი მამის - თამაზ ნადარეიშვილის ახლო მეგობარს, პრეზენტაციას დავსწრებოდი და აზრის გამომეთქვა. პრეზენტაციაზე ვთქვი, ჩემთვის ეს ნაშრომი პოლიტოლოგის საკვალიფიკაციო ნაშრომად რომ წარმოედგინათ, მას დიდი სიამოვნებით მივიჩნევდი (ემოციური შემადგენლის ჩამოცილებით) საკმაოდ მაღალი დონის სადოქტორო დისერტაციად-მეთქი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)