"11 შვილით ღია ცის ქვეშ დარჩენა მემუქრება" - რატომ დააპირა თავის დაწვა მრავალშვილიანმა დედამ - კვირის პალიტრა

"11 შვილით ღია ცის ქვეშ დარჩენა მემუქრება" - რატომ დააპირა თავის დაწვა მრავალშვილიანმა დედამ

"გუბაზ სანიკიძემ ჩემი სახლი რომ ნახა, კაცმა ლამის იტირა, - აქ როგორ ცხოვრობთ და როგორ მოგიხსნეს დახმარებაო."

"ქუთაისი საშინელ დღეშია - წლებია 3-4 კაცი ვერ იყოფს ამ ქალაქს და ბეღლის ვირთებივით ხრავენ."

ამ ორიოდე დღის წინ, ქუთაისში, მერიის შენობასთან მრვალშვილიანი დედა თავის დაწვით იმუქრებოდა. როგორც მარინა დახუნდარიძე ამბობს, მას ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაპირდა, თუმცა დაპირება კვლავ დაპირებად რჩება. რამ აიძულა 11 შვილის დედა ასეთ უკიდურეს ზომისთვის მიემართა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 46 წელი ქუთაისის მერიაში ვიმუშავე, შეიძლება ითქვას ამ შენობაში დავბერდი. გასული წლის პირველ დეკემბერს შემიწყვიტეს ხელშეკრულება და დავრჩი უმუშევარი. ქალაქის მერს მივწერე და ვთხოვე, იქნებ როგორმე დამასაქმოთ-მეთქი, რადგან 11 ობოლს ვზრდი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვიყავი. ჩემი უმუშევარდ დატოვება ამ ბავშვების დაღუპვას ნიშნავს, რადგან ბანკიდან მაქვს სესხი გამოტანილი, რის სანაცვლოდაც სახლი მაქვს ჩადებული, თუ უმუშევარდ ვიქნები, ბუნებრივია, ვერ დავფარავ სესხს და ბინას ბანკი წაიღებს, ანუ 11 შვილით ღია ცის ქვეშ დარჩენა მემუქრება.

- ბრძანეთ, რომ 11 შვილის დედა ხართ, ამჟამად რა არის თქვენი საარსებო წყარო?

- ერთადერთი სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნენს. ამაზე გუბაზ სანიკიძეს შევჩივლე, მოვიდა, ჩემი სახლი რომ ნახა კაცმა ლამის იტირა, - აქ როგორ ცხოვრობთ და თქვენ როგორ მოგიხსნეს დახმარებაო. ვის არ მიმართა, მათ შორის მინისტრ სერგეენკოს, მაგრამ არ აღმიდგინეს დახმარება. ამ ცოტა ხნის წინ იძულებული გავხდი, მივსულიყავი პარლამენტთან და პარლამენატრებისთვის მეთხოვა დამელაპარაკეთ-მეთქი, მაგრამ ყურადღებაც არავინც მომაქცია, მერე ბენზინი რომ გადავისხი, გამოცვივდნენ და მიმიღეს, აუცილებელია ადამიანმა თავი დაიწვა, ვინმემ ყურადღება რომ მოგაქციოს?! უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ, რომ არა მეზობლები, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. ჩემი უფროსი შვილი 26 წლისაა, მომდევნოებიც არ არიან პატარები, არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ, მაგრამ ქუთაისში რთულია სამუშაოს პოვნა, თანაც რომ იციან, ჩემი შვილები არიან, მგონი, იმიტომაც არ ასაქმებენ. ქუთაისი საშინელ დღეშია - ამ ქალაქს წლებია 3-4 კაცი ვერ იყოფს და ბეღლის ვირთხებივით ხრავენ. ყველაფერი წამართვეს, ერთადერთი პური მომქონდა უფასო სასადილოდან და მაგის უფლებაც წამართვეს.

- ქალბატნო მარინა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, რომ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" მთავარი სპეციალისტის ადგილი შემოგთავაზეს და თქვენ უარი ითქვით....

- კი, მას მერე, თავის დაწვა დავაპირე, ქუთაისის მერმა შემომთავაზა ადგილი დასუფთავების სამსახურში. ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მოვრჩი შიმშილობას და ვიწყებ მუშაობას-მეთქი, მაგრამ ვიდრე სამსახურში გავიდოდი, გამოვიდა ზვიად ჯავახია და განაცხადა, მარინა დახუნდარიძე უარს ამბობს სამსახურზეო, არადა, თანხმობა მქონდა მიცემული. იმ ადგილზე, ვითომ მე რომ უნდა მემუშავა, 6 შვილის დედა დანიშნეს. ამჟამად ისევ უმუშევარი ვარ... პროტესტს არ შევწყვეტ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს. ეს თუ უშველის ჩემს შვილებს, ნამდვილად არ მეშინია ამის გაკეთება. ასეთია გაჭირვებული ადამიანის ბედი ამ ქვეყანაში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)