"მკვლელობა ”საქმის მცოდნის" შესრულებულია" - რომელმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ შეიწირა იური ვაზაგაშვილი - კვირის პალიტრა

"მკვლელობა ”საქმის მცოდნის" შესრულებულია" - რომელმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ შეიწირა იური ვაზაგაშვილი

"შესაძლოა, შემსრულებელი სასაფლაოზე როგორც ჭირისუფალი ისე მივიდა, რამდენიმე სასაფლაო დაათვალიერა და ბოლოს ზურა ვაზაგაშვილის საფლავთანაც გაჩერდა"

"ასაფეთქებულები მოწყობილობის დისტანციურად მართვა პრობლემას არ წარმოდგენს. ეს მობილურითაც შესაძლებელია."

რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობის მსხვერპლი გახდა იური ვაზაგაშვილი და ვინ შეასრულოა მკვლელობა -პროფესიონალმა თუ მოყვარულმა, ამის გარკვევას ჟურნალ ”არსენალის" მთავარ რედაქტორთან ირაკლი ალადაშვილთან შევეცადეთ:

- სანამ კრიმინალისტები სამუშაოებს არ დაასრულებენ და სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება, ვარაუდებით ლაპარაკი ძნელია. თუმცა ფაქტია, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა.გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასაფლაოზე დამლაგებელი დილით იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ჩადეს. არსებობს ორი ვერსია: შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა მექანიკური იყო ან დისტანციურად ამოქმედდა, ანუ ვიღაც ამ პროცესს შორიდან აკვირდებოდა.

- ანუ შემსრულებელი ახლოს იყო და ბომბის ასამოქმედებლად სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის გამოჩენას ელოდებოდა?

- თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, ასაფეთქებულები მოწყობილობის დისტანციურად მართვა პრობლემას არ წარმოდგენს. ეს მობილურითაც შესაძლებელია.

- და ვის აქვს დღეს მსგავსი ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობასთან წვდომა?

- ასაფეთქებელი მოწობილობის დამზადება, სამწუხაროდ, დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. არც ქარხნული ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობის შოვნაა დღეს პრობლემა. 20 წელიწადზე მეტია საქართველო ომებშია ჩართული, შესაბამისად, კუსტარულად ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, სხვადასხვა ქვედანაყოფებში მსახურებისას, შეისწავლა.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელობა არაპროფესიონალმა ქილერმა შეასრულა?

- არაპროფესიონალი ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ადგილზე დათვალიერების შემდეგ გამოჩნდება მკვლელობა რამდენად პროფესიონალურად შესრულდა. არაპროფესიონალის მონაწილეობას გამოვრიცხავ, რადგან ამ მოწყობილობის ადგილზე ჩადებასაც ცოდნა ჭირდება.

- კიდევ ერთი დეტალი – მომხდარიდან ორასიოდე მეტრში რუსული საგუშაგოა, ამის გამო მიმდებარე ტერიტორიას ქართველი სამართალდამცავები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ...

- სასაფლაოს პატრულის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ხომ ვერ უთვალთვალებდნენ... შესაძლოა, შემსრულებელი სასაფლაოზე როგორც ჭირისუფალი ისე მივიდა, რამდენიმე სასაფლაო დაათვალიერა და ბოლოს ზურა ვაზაგაშვილის საფლავთანაც გაჩერდა. ასეთ ვითარებაში ასაფეთქებელი მოწყობლობის ჩადება პრობლემას არ წარმოადგენს. ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებშიც კი, მანქანების ქვეშ ისე ამაგრებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომ ვერავინ ამჩნევთ.

”კვირის პალიტრა" ზაზა ალთუნაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრების თხოვნით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების პროცესს დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა:

- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია დეტალურად დავათვალიერეთ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ იური ვაზაგაშვილი ქარხნული წარმოების საბრძოლო დანიშნულების მასალის აფეთქების შედეგად დაიღუპა. დეტალების ერთობლიობით, მალე აღვადგენთ სურათს, რა მოხდა რეალურად ზურა ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან. ასაფეთქებელი ზუსტ მოდელს ვერ დავასახელებ, ამით გამოძიებას ხელს შევუშლი.

- ამ მოწყობილობის ამოღების შემდეგ მფლობელის ვინაობის დადგენა რამდენად შესაძლებელია?

- ჩვეულებრივ მოქალაქეს არც სამხედრო იარაღთან წვდომის უფლება აქვს. ასეთი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვა კანონმდებლობით დასჯადია. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ინციდენტის დაგეგმვას პროფესიონალური გამოცდილება სჭირდება, მაგრამ ფაქტია, მკვლელობა მინიმუმ ”საქმის მცოდნის" შესრულებულია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვით)