"ბინას ერთი ქირაობს და იქ 10 სული სახლდება" - როგორია უცხოელების ქართული ყოფა
"ჩემს ქვეყანაში ადვილი არ არის ცხოვრება, მოსახლეობის უმეტესობა ძალიან გაჭირვებულია, ბევრმა
წერა-კითხვაც არ იცის"
საღამოობით, როცა შვილთან ერთად უბანში ვსეირნობ, უცხოელ მეზობლებს ხშირად ვხვდები. ენის ბარიერი ხელს გვიშლის, რომ ერთმანეთს გავესაუბროთ, ამიტომ მხოლოდ ღიმილსა და გამარჯობას ვჯერდებით... თუ ფული გაქვს, განვითარებად ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება იოლია. ალბათ, ესეც განაპირობებს უცხოელების ლტოლვას ჩვენი ქვეყნისკენ.
მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩამოსული ჩემი ნორვეგიელი კოლეგა საქართველომ ისე აღაფრთოვანა, რომ მითხრა, ასეთი იაფი ქვეყანა არ მინახავს, არსადაც არ ვაპირებ წასვლასო. რუსთაველის გამზირზე ბინა იქირავა და წლების მანძილზე ცხოვრობდა, უცხოურ გამოცემებს აწვდიდა საქართველოს შესახებ სტატიებს და პარალელურად, ჩვენი ქვეყნის კულტურას ეცნობოდა.
შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორია უცხოელების ქართული ყოფა, რომელ უბნებში და რა ფასად ქირაობენ ბინებს, როგორია ჩვენი მოქალაქეების მათდამი დამოკიდებულება.
ყიდვა-გაყიდვის სააგენტოს მენეჯერი: - უცხოელი გასარემონტებელ ბინას არ იქირავებს. ძვირს იმიტომ იხდის, რომ შესაბამის პირობებს ითხოვს. კარგი გადამხდელიც არის. ბინა 200, 300, 500 დოლარადაც გამიქირავებია. ცენტრში უფრო ძვირია - საბურთალოზე ერთ უცხოელს ვაქირავებინე ბინა თვეში 5 000 ლარად.
ხშირად ბინას ერთი ქირაობს და იქ, მინიმუმ, 10 სული მაინც სახლდება. ასე ძირითადად ინდოელები ან ჩინელები იქცევიან, საწოლი არც უნდათ, იატაკზე სძინავთ.
ხატია სისაური, ბახტრიონის ქუჩის მცხოვრები: - გგონიათ, უცხოელებისთვის ადვილია მცირე ბიზნესის წამოწყება? ერთი ცოლ-ქმარი ეგვიპტიდან ომს გამოექცა, იქ სახლი გაყიდეს და საქართველოში ბიზნესის წამოწყება სცადეს - სურსათის მაღაზია გახსნეს. ბახტრიონზე ნაქირავებ ბინაში 700 ლარს იხდიდნენ. ბიზნესი ვერ ააწყვეს და მაღაზიაც დახურეს.
ეკატერინე მოლოდინაშვილი: - მოსახლეობის ნაწილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღიზიანებს. რატომ გვავიწყდება, რომ ათასობით ქართველი უცხოეთში სამუშაოდ არის წასული? მოეწონებათ, მასპინძელ ქვეყნებში ზიზღითა და აგრესიით რომ ხვდებოდნენ?!
ნატა გოგიშვილი:”- სოფლად მიწებს ეგენი ყიდულობენ, ქალაქში კი, ალბათ, იაფ მუშახელად ითვლებიან და ამიტომ, საითაც გაიხედავ, ჩინელები ან ინდოელები გზებს აგებენ, ან რაღაცას აშენებენ...
ინდოელი რახიტ მატუნი მეოთხე წელია, თბილისში ცხოვრობს. ხალხმრავალ ქუჩაზე ინდური ქსოვილების მაღაზია აქვს გახსნილი, გამყიდველი, დამლაგებელი და მომმარაგებელიც თვითონ არის. მხოლოდ ბუღალტერი ჰყავს ქართველი. მირიანმა ინგლისური კარგად იცის, ამიტომ რახიტთან მუშაობა არ უჭირს, მეუბნება, რომ შეფი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. მირიანის დახმარებით რახიტ მატუნის გავესაუბრე:
- როდესაც საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე, ბევრი რამ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ. ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია. ბევრი ფული არ მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, იმით პატარა მაღაზია გავხსენი. ერთხანს მეგობართან ვცხოვრობდი; ის მსხვილ კომპიუტერულ კომპანიაში დიდი ხანია, მუშაობს და ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. ყველა ახალჩამოსულს ეხმარება. ზოგჯერ მის ბინაში იმდენი კაცი იყრის თავს, რომ დასაწოლი იატაკზეც კი არ არის. ჩემს ქვეყანაში ადვილი არ არის ცხოვრება, მოსახლეობის უმეტესობა ძალიან გაჭირვებულია, ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის. ერთი-ორი წელი თუ ვიმუშავე, იმდენი მექნება, რომ პატარა ბიზნესი ჩემს ქვეყანაში წამოვიწყო - სულ უცხოეთში ხომ არ ვიქნები!..
ნიგერიელი სტუდენტი ბრაიანი საქართველოში ორ წელზე მეტია ცხოვრობს: - უნივერსიტეტში ინგლისურენოვან ჯგუფში ვარ. ახალმა კანონმა პრობლემა შემიქმნა, 90 დღის შემდეგ ქვეყნის დატოვებამ მომიწია.
საბუთების მოსაწესრიგებლად ბევრი ვიწვალე, ერთი თვე დამჭირდა. როდესაც გვხედავენ, რომ უცხოელები ვართ, ზოგიერთი ჩვენს მოტყუებას ცდილობს. განსაკუთრებით ტაქსისტებზე ვარ გაბრაზებული, ორმაგს გვახდევინებენ. ახლა აქაური ფასები უკვე ვიცი, ქართულად საუბარიც ვისწავლე და ადვილად აღარ ვტყუვდები.
"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რა შემთხვევაში ეუბნებიან უარს ქვეყანაში შემოსვლაზე.
ნინო გიორგობიანი, შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი: - ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს უცხოელისგან მესაზღვრე კონტროლიორისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გასაუბრებისას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, აქტიურია ნარკოტრაფიკის კომპონენტი და სხვ.
გიორგი გოგიშვილი, მიგრაციის ცენტრის დირექტორი: - 2014 წელს ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კონტროლი გამკაცრდა, თუმცა, კონკრეტული ეჭვი თუ არ გაჩნდა, მკაცრი შემოწმება სისტემატურად არ ხდება. აეროპორტში არ არის ისეთი მედპერსონალი, რომ უცხოეთიდან შემოსულები საშიშ დაავადებებზე შეამოწმოს... ექსპერტების თქმით, რისკჯგუფებს მუსლიმანური, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნები მიეკუთვნებიან.
ფიქციური ქორწინება ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად
ხშირად უცხოელები საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად აპრობირებულ ხერხს, ფიქციურ ქორწინებას მიმართავენ. რა ბერკეტი აქვს საქართველოს ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, კომენტარისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის (ყოფნის ვადის) შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ფიქციური ქორწინება, რაც გულისხმობს, რომ თუ უცხოელმა საქართველოში ბინადრობიის ნებართვა მოიპოვა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების საფუძველზე და შემდგომში დადგინდა, რომ ქორწინება ფიქციურია, სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეუწყდება ბინადრობის ნებართვა. ფიქციური ქორწინების დადასტურების უფლებამოსილება საქართველოში მხოლოდ სასამართლოს აქვს, შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია ბინადრობის ნებართვის გაუქმება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.”
სალომე გოგოხია