ძარცვა "ფოსტის" სახელით - როგორ შემრჩა ძვირფასი სუნამოს ნაცვლად იაფფასიანი თმის გელი
"ამანათი გავხსენი და გულს შემომეყარა, ხელში ძვირფასი სუნამოს ნაცვლად რუსულწარწერებიანი თმის მოვლის საშუალება შემრჩა!"
საქართველოს ფოსტის" მომხმარებელთა ნაწილი ორგანიზაციას მომსახურების დაბალი დონის გამო უჩივის. ამის შესახებ განცხადებებს მრავლად ნახავთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის - "საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზეც". ერთ-ერთმა დაზარალებულმა მომხმარებელმა წერილით ჩვენც მოგვმართა, რათა მოქალაქეებმა თავი დაიცვან მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან.
"2014 წლის 26 ნოემბერს, მიუნხენიდან გერმანელმა მეგობარმა დაბადების დღისთვის საჩუქრად ძვირფასი სუნამო გამომიგზავნა. დიდხანს ველოდი საჩუქრის მოსვლის შესახებ შეტყობინებას. კარგა ხნის შემდეგ თვითონ დავრეკე ფოსტაში და მითხრეს, საჩუქარი ჩამოსულია და "საქართველოს ფოსტის" კახეთის გზატკეცილზე, #21-ში მდებარე ფილიალს მიაკითხეთო.
ასეც მოვიქეცი. ოპერატორმა შემომიბღვირა, შეტყობინება თუ არ მოგსვლიათ, რატომ მოხვედითო? ავუხსენი, რომ ცენტრალური ფილიალიდან მომცეს ჩემი გზავნილის ნომერი და ვალდებული იყვნენ, პასუხი გაეცათ. აი, ნომერიც-მეთქი. დაიწყეს ამანათის ძებნა, თუმცა, ამაოდ. კარგა ხნის შემდეგ ერთ თანამშრომელს გაახსენდა, რომ უკან გასაგზავნების ყუთში ჩადო. გზავნილი თბილისში თურმე 5 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ ამის შესახებ რომ არ შემატყობინეს, ამანათის წაღება დაგვიანდა და თანამშრომელმაც უკან დასაბრუნებელ ამანათებში ჩადო.
როდესაც ვიკითხე, შეტყობინება რატომ არ მომივიდა-მეთქი, ოპერატორმა ხმა აიმაღლა, მე ჩემი სამუშაო შევასრულე, შეტყობინებაზე კი პასუხს არ ვაგებო.
ამანათი რომ გამოვართვი, რატომღაც დავეჭვდი - არ მომეწონა ამანათის ფორმა და წონა, თანაც შეფუთვა ნაწვალებს ჰგავდა. შენობიდან გამოსულმა მაშინვე გავხსენი და გულს შემომეყარა, ხელში ძვირფასი სუნამოს ნაცვლად რუსულწარწერებიანი თმის მოვლის საშუალება შემრჩა! ევროპაში რუსულენოვანი ქვეყნებისთვის დამზადებულ პროდუქციას გერმანიის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ და ჩემს მეგობარს თუ მაინცდამაინც ამ ტიპის საჩუქრის გამოგზავნა სურდა, ევროკავშირის ქვეყნებისთვის დამზადებულს იყიდდა.
უკან შევბრუნდი. როგორც კი საქმის გარკვევა ვცადე, თავს დამესხნენ, თქვენ ხომ გარეთ გახვედით და იქ გახსენით ამანათი, ჩვენ პასუხს აღარ ვაგებთო. განსაკუთრებით ის ოპერატორი აქტიურობდა, რომელიც ვალდებული იყო, ჩემთვის შეტყობინება გამოეგზავნა. დამცინა კიდეც, "ვის რაში სჭირდება თქვენი სუნამოო". მოკლედ, ამიხსნეს, რომ ჩემი პრეტენზიებით ვერაფერს გავხდებოდი, რადგან ამანათი გამოგზავნილი იყო რბილი შეფუთვით და არ იყო დაზღვეული. გამომგზავნს უნდა სცოდნოდა, რომ ძვირფასი ნივთის ამ ფორმით გამოგზავნა არ შეიძლებაო... საბედნიეროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ააწონინა "ჩემი საჩუქარი" და აღმოჩნდა, რომ გამოგზავნილის და მიღებულის წონა ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამის მიუხედავად, დანარჩენებმა ირონიულად მითხრეს, ახლა რა აზრი აქვს წონის კონტროლს, საჩუქარი გარეთ გახსენი და რომელი სიმართლის დამტკიცებას ითხოვო?
სხვა გზა არ დამრჩენოდა, დავწერე განცხადება და მოვითხოვე, ჩაეტარებინათ შიდა მოკვლევა. ცენტრალურ ფილიალშიც დავრეკე და ავუხსენი მდგომარეობა; იქიდანაც მხოლოდ იმით მანუგეშეს, ამიერიდან მომხმარებელს ბანერებს დავახვედრებთ, რათა გზავნილი ადგილზე შეამოწმონო.
მოკლედ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ ნივთი დაზღვეული არ არის, ხელმრუდ თანამშრომლებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული. ვთხოვ ყველას, ვისაც ოდესმე შესაძლოა, მოუწიოს„"საქართველოს ფოსტის" მომსახურებით სარგებლობამ: გახსენით ამანათი კამერის წინ, ფოსტის თანამშრომლის თანდასწრებით და თუ წინააღმდეგობას მაინც გაგიწევენ, ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, ნუ დაიბნევით და გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია. მე რომ მაშინ სამართალდამცველები მეხმო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა".
თამილა ლომიძე
ჩვენ საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელს, ლევან ჩიკვაიძეს დავუკავშირდით, რომელიც მცირედი კომენტარით შემოიფარგლა:
„- გზავნილში სუნამოს ნაცვლად თუ გელი დევს, ფოსტა ვერაფერს გააწყობს...