"ბატი ტასიკო" ჩემთვის ბევრად წარმატებული აღმოჩნდა" - ჩვენი საყვარელი მულტფილმების ანიმატორი
დავით სიხარულიძე: "ბატი ტასიკო" ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კანის ფესტივალის პრიზიორი "ჭირი"
"ბატი ტასიკოს გახმოვანება ქალბატონ მედეას ვთხოვე, უარი არ გვითხრათ და რასაც საჭიროდ ჩათვლით, იმას შევცვლით-მეთქი"
"ბაბაჯანა" საქართველოსთვის, "შინაურებისთვის" გავაკეთე. ფონად იმ ეპოქის თბილისის განწყობა დავადეთ, რაც "ოქროს ფონდის“ საშუალებით მოვახერხეთ"
ფსიქოლოგები გვირჩევენ: "ბავშვის ფსიქიკისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში მულტიპლიკაციური ფილმები დიდ როლს თამაშობს. ამიტომ, მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ, რას უყურებს თქვენი შვილი - კეთილ პერსონაჟებსა და ფერად სიუჟეტებს თუ კარგად "შეფუთულ", ძალადობის ამსახველ ანიმაციურ კადრებს, რომელიც გაუცნობიერებლად პატარის გონებაში ილექება. ბავშვების სწორად განვითარებაზე გავლენას ანიმაციური ფილმების კეთილი პერსონაჟების მოტივებზე შექმნილი სათამაშოებიც ახდენენ".
სხვათა შორის, "ბიბლუსის" მაღაზიებში ყველა თაობისთვის საყვარელი მულტფილმის "თოვლის გუნდას" კეთილი პერსონაჟი, ბალიში-თოჯინა მალე გაიყიდება, რომელიც "გუდა-გუდას" სიმღერასაც შეგისრულებთ...
როგორ იქმნებოდა საქართველოში ანიმაციური ფილმები, "კვირის პალიტრასთან" ანიმატორი დავით სიხარულიძე საუბრობს:
- 21 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემია რომ დავამთავრე და თეატრალურ უნივერსიტეტში ანიმაციის რეჟისურაზე ჩავაბარე. ვფიქრობდი, ანიმაციით დავიწყებ და მერე მხატვრულ ფილმზე გადავალ-მეთქი, მაგრამ ანიმაციამ ისე გამიტაცა, მივხვდი, ეს ჩემი საქმე იყო. იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში საინტერესო ანიმაციური ნამუშევრები იქმნებოდა, რისი ჩვენებაც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. მხოლოდ დისნეის მულტფილმების ნაწყვეტებს და რუსულ მულტფილმებს აჩვენებდნენ. სხვათა შორის, რუსული ანიმაციური სკოლა საკმაოდ ძლიერი იყო - ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ, მხოლოდ„"აბა, დამაცადესა" და "ზოლუშკას" არ ვგულისხმობ... მეორე კურსზე ვიყავი, როცა მოსკოვში "გოსფილმ ფონდში" დახურულ კინოჩვენებებზე შესვლის უფლება მოგვცეს - ამერიკულ, კანადურ და ევროპულ ანიმაციას გვაჩვენებდნენ. ამ ფილმებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- თქვენი ავტორობით პირველი ანიმაციური ფილმიც დასავლეთის გავლენით გადაიღეთ?
- ასე გამოდის. სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ დათო თაყაიშვილთან ერთად ანიმაციური ფილმი "ჭირი" შევქმენით, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი თავად გახლდით. "ჭირზე" მუშაობისას "გოსფილმიდან" დაგვირეკეს, ეს ანტისაბჭოთა ფილმია, რად გინდათ, დებიუტით მომავალს რატომ იფუჭებთო, თუმცა, კანის 37-ე საერთაშორისო ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, პატარა "პალმის რტო" ავიღეთ. ზოგი ჭირი მარგებელი აღმოჩნდა... ამ დროს ჩვენ თბილისში ვიყავით და ვქეიფობდით. მახსოვს, დირექტორი, ბატონი გურამ ბეგიაშვილი, შემოვიდა, ბიჭებო, უნდა მოგილოცოთ, კანის ფესტივალზე პატარა "პალმის რტო" აიღეთო. გავეხუმრეთ, პატარა კი არა, დიდი პალმა გვინდა-მეთქი. ამ წარმატებისთანავე საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირში მიგვიღეს.
- საქართველოში საყოველთაო აღიარება მაინც "ბატი ტასიკოს" შემდეგ მოიპოვეთ.
- მზია კეკელიძის სცენარმა მომხიბლა და „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავლის გაკეთება დავიწყე. მულტფილმი მედეა ჯაფარიძემ, დოდო აბაშიძემ, ირაკლი უჩანეიშვილმა, რუსლან მიქაბერიძემ და მარინა თბილელმა გაახმოვანეს. ქალბატონ მედეას ვთხოვე, მასალა ნახეთ, ოღონდ უარი არ გვითხრათ და რასაც საჭიროდ ჩათვლით, იმას შევცვლით-მეთქი.
სხვათა შორის, ერთმა ამბიციურმა მსახიობმა, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, განაცხადა: რა არის, ამხელა მსახიობები მულტფილმებს რომ ახმოვანებენო. რამაზ ჩხიკვაძე მიუბრუნდა და უთხრა: რას ამბობ, აბა, ბატი ბატმა გაახმოვანოსო?
თვითონ რამაზი მულტფილმებს ხშირად ახმოვანებდა. "ბატი ტასიკო" ჩემთვის ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კანის ფესტივალის პრიზიორი ფილმი„"ჭირი", რადგან დაჯილდოებაზე არ ვყოფილვარ და ისიც არ ვიცი, ჩვენს წარმომადგენელს პრიზი როგორ გადასცეს.
საქართველოში კი "ტასიკოს" გამოსვლის შემდეგ ხალხი ქუჩაში მაჩერებდა. რაც მთავარია, ამ ფილმის შემდეგ ქართულმა ფოსტამ "ტასიკოს" ესკიზით საფოსტო მარკაც დაბეჭდა.
თუ ფულის კუპიურაზე და საფოსტო მარკაზე ხარ, ესე იგი, რაღაცას წარმოადგენ...
- ლეგენდარულ მსახიობებთან მუშაობამ "ბაბაჯანაზე" მუშაობის დროსაც მოგიწიათ. რატომ გადაწყვიტეთ ანიმაციურ ფილმში ძველი თბილისის გაცოცხლება?
- ეს ანიმაციური ფილმი საქართველოსა და "შინაურებისთვის" გავაკეთე. ფონად იმ ეპოქის თბილისის განწყობა დავადეთ, რაც ოქროს ფონდის“საშუალებით მოვახერხეთ. ფონოგრამები ძველი ტელე და რადიოსპექტაკლებიდან ავიღეთ... ახლა ამ სიმდიდრეს არავინ მიგაკარებთ. ფილმში აკაკი ხორავას, ვასო გოძიაშვილის, გიორგი შავგულიძის, მიშა გელოვანის, შალვა ღამბაშიძის ნათამაშები როლებიდან ფრაზები, ძველი ქალბატონების სიმღერები ისმის. დამდგმელი მხატვარი, ისევე როგორც "ტასიკოში", მე გახლდით. გასახმოვანებლად მსახიობები მაინც დაგვჭირდა. დიდი დაკვირვება და ყური სჭირდება ფონად დადებული ხმაურის გარჩევას და მსახიობების ფრაზების ამოცნობას.
- დღევანდელ ანიმაციაზე რას ფიქრობთ?
- თანამედროვე კინემატოგრაფიის მომავალი ანიმაციასა და კომბინირებულ ანიმაციაშია. საქმის სიყვარულმა მაიძულა, დროისთვის მეც ფეხი ამეწყო და სრულმეტრაჟიანი, სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმი "გავარდნილები" გავაკეთე აკა მორჩილაძის "ცეცხლისმფრქვეველის" მიხედვით. გურიაში "გავარდნილს" ეძახდნენ კაცს, რომელიც თოფს ხელში აიღებდა და პირს ტყისკენ იზამდა. ნახევარი სოფელი გავარდნილი იყო. ასე რომ, ანიმაცია ისტორიულ ფაქტებზე შეიქმნა, მაგრამ თანამედროვე ყოფასაც ასახავს - "პრავები" და "ლევები", ვითომ პოზიცია და ოპოზიცია, ერთმანეთს მუდმივად რომ ეჭიჭყინებიან. ეს პირველი სრულმეტრაჟიანი სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმია. რაც შეეხება ქართველ ანიმატორებს, თავდაუზოგავად მუშაობენ და წარმატებასაც მიაღწიეს. ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო, თითოეულ მათგანს ვგულშემატკივრობ.
"კვირის პალიტრა" ახალგაზრდა ანიმატორს, სანდრო ქათამაშვილსაც დაუკავშირდა, რომლის "ბებომ" საერთაშორისო კონკურს "სესილიში" გაიმარჯვა:
- "ბებომდე" მულტიპლიკაციასთან შეხება არ მქონია, მხოლოდ სადიპლომო ნამუშევარი მოვამზადე უნივერსიტეტისთვის. მისი გადაღების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და მალე ფილმად გადაიქცა - პროექტი "კინოცენტრმა" დააფინანსა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ, საბოლოოდ, შრომა დაგვიფასდა და საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პროფესიონალების უმრავლესობამ ამ საქმეს ან თავი დაანება, ან სხვა სფეროში დასაქმდა.
- რამდენად ხშირად იქმნება დღეს ანიმაციური ფილმები?
- "კინოცენტრი" ანიმაციურ ფილმებს ყოველ წელს აფინანსებს, მაგრამ ძალიან მწირად.
კერძო ბიზნესი მსგავსი პროექტების დაფინანსებით დაინტერესებული არ არის. არადა, საქართველოში საავტორო ანიმაცია ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-იან წლებში, 90-იან წლებში კი მისი განვითარება შეჩერდა.
ჩვენი პროფესიით თავის რჩენა ძნელია. ამიტომ უმრავლესობა ცდილობს პოლიტიკურ ანიმაციურ სერიალებში დასაქმდეს რეგულარული შემოსავლის მისაღებად. პოლიტიკური სერიალები კი მდარე ხარისხის პროდუქციაა.
იმედია, ვითარება მალე შეიცვლება და საზოგადოებაშიც მაღალი ხარისხის ანიმაციურ ფილმებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდება.
პირველი ქართული მულტფილმი
1929 წელს კოტე მიქაბერიძემ გადაიღო უხმო ფილმი "ჩემი ბებია", რომელიც უდავოდ შედევრად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენიმე სცენაში მულტიპლიკაციურ ელემენტებს შეხვდებით, რაც იმ დროისთვის დიდი ნოვაცია, თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო. მიუხედავად ამისა, ქართული მულტიპლიკაციის დაბადების თარიღად 1935 წლის 7 ნოემბერი შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც თბილისის კინოთეატრებში პირველი ხმოვანი მულტფილმის "არგონავტების" პრემიერა შედგა. ეს გახლდათ შავ-თეთრი ფილმი არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ.
რუსუდან შელია