"ლარის პატრონმა რა ქნას?" - რას მოიტანს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები
რამდენად დაგვიანდა რეაგირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე მიმდინარე კვირიდან საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ამასობაში ლარმა დოლარის მიმართ 2-ლარიანი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
"გადავწყვიტეთ გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ჩვენი ჩარევა იქნება თანამიმდევრული, იმ მოცულობის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში, პროფიციტური" - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი: "ეროვნული ბანკის განხორციელებული ოპერაციების შედეგად, დეკემბერში ლარის მასა მიმოქცევაში 240 მლნ ლარით გაიზარდა. ეს უარყოფითად აისახება ლარის გაცვლით კურსზე. თუმცა ეს ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ მთავრობამ კომერციული ბანკებიდან გაიტანა საკუთარი დეპოზიტები და ამის გამო კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნათ. მაგრამ რეფინანსირების სესხები, ლიკვიდობის შესავსებად, დეკემბრის ბოლოს გაიცა, ხოლო მთავრობამ თავისი დეპოზიტები კომერციული ბანკებიდან იანვრის შუა რიცხვებში გაიტანა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - რატომ გაიზარდა დეკემბრის თვეში რეფინანსირების სესხები? ეჭვს აჩენს ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა სკანდალური განცხადებით რეალურად, ინფლაციური მოლოდინი გააღვივა.
არსებობს თავად ეროვნული ბანკის კვლევა, რომლის მიხედვითაც ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის 10%-ით ცვლილება, სამომხმარებლო ფასებს ცვლის 4%-ით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი ბოლო 1 წელიწადში თითქმის 9%-ით არის შეცვლილი.
ინფლაციური თვალსაზრისით, იანვარში არანაირი ცვლილება არ აღინიშნება. აქედან გამომდინარე, გიორგი ქადაგიძის განცხადება ინფლაციური პროცესების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ვითარების დრამატიზების მცდელობა უფროა, ვიდრე რეალობის ობიექტურად ასახვა. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ლარის გაუფასურების პროცესისგან აბსოლუტურად დისტანცირებული იყო. ინფლაციური რისკები რამდენიმე დღეში არ ჩნდება.
ეროვნულ ბანკს წინასწარ უნდა მოეხდინა ამ რისკების იდენტიფიცირება და თანდათანობით მიეღო ზომები მათი პრევენციისთვის.
გიორგი ქადაგიძემ დააანონსა, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენებს ყველა მექანიზმს პროცესის შესაჩერებლად. ეს ნიშნავს, რომ სებ-ი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთსაც, რაც არსებულ ვითარებაში სრულიად უდროო იქნება. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რის გამოც შეიზღუდება ეკონომიკის დაკრედიტება. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე".
ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო სისტემის საკითხებში: - უკეთესი იქნებოდა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და მთავრობას უფრო შეთანხმებულად, ერთ გუნდად ემუშავათ, არ ყოფილიყვნენ სხვადასხვა ხელისუფლებიდან წამოსული პირები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. პროცესი თავიდანვე ცოტა სხვაგვარად რომ წარმართულიყო, დღეს საქართველოში ასეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ დადგებოდა.
- ფიქრობთ, რომ თავის მხრივ ეროვნულ ბანკსაც შეეძლო რამე ქმედითი ზომებისთვის მიემართა ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად და ეს არ გააკეთა?
- ეროვნულმა ბანკმა თავისი პრობლემები, თავისი არასწორი ქმედებები ან უმოქმედობა, მთავრობას გადააბარა. არადა, ეროვნული ბანკი საქართველოში არის ერთადერთი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გამტარებელი და სწორედ მას აკისრია ამ პროცესების რეგულირება, მათ შორის ლარის კურსის მართვა, ინფლაციის მაჩვენებლის მართვა.
მთავრობას ინსტრუმენტი არ აქვს, რომ ზემოქმედება მოახდინოს საფინანსო სექტორზე, საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე ქვეყანაში.
- რა უნდა გაეკეთებინა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შესაჩერებლად?
- არ უნდა მიეშვა ლარის დევალვაციის პროცესი 2 თვის განმავლობაში. სავალუტო კურსი პირდაპირ არის მიბმული ამერიკულ დოლართან, ამიტომ მისი მართვა შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს. ახლა ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ამკაცრებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. საქართველოში რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არასდროს ტარდებოდა. ის, რასაც აპირებს ახლა ეროვნული ბანკი, რომ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, ფაქტობრივად, ნულოვან ეფექტს გამოიწვევს, რადგან რეფინანსირების სესხები ძირითადად ეკონომიკაში არ ხვდება. ამიტომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, თუმცა ის იმოქმედებს მსესხებლებზე, მათ ბევრად უფრო გაეზრდებათ კრედიტის მომსახურების ხარჯები.
რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას, ეროვნულ ბანკს თეორიულად შეუძლია 800 მილიონი დოლარი გამოიტანოს გასაყიდად, რადგან დანარჩენი 1,6 მილიარდი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული. ამ 800 მილიონის გამოყენებით მას შეუძლია ცოტა ხნით შეაჩეროს ლარის კურსის ვარდნა, მაგრამ თუ გაგრძელდება ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დადანაშაულება თავის უმოქმედობაში, ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა და ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამთავრობო და ეკონომიკური კრიზისი ვითარდება და ლარის კურსი კიდევ უფრო დავარდება.