ვის უნდოდა ჟვანიას "გაფუჭება" - რას ყვებოდა ჟვანიას საქმეზე, ახლახან დაკავებული ვიქტორ ჭელიძე? - კვირის პალიტრა

ვის უნდოდა ჟვანიას "გაფუჭება" - რას ყვებოდა ჟვანიას საქმეზე, ახლახან დაკავებული ვიქტორ ჭელიძე?

"ხელისუფლებას ჟვანიას დაჭერა რომ უნდოდა, ჯერ კიდევ 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვიცოდი, ე. ი. ჟვანიას გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე. თავად მივუტანე მასალები დავით კეზერაშვილს, რომელიც ფინანსური პოლიციის შეფი იყო, მან კი ადეიშვილი ჩააყენა საქმის კურსში."

"მზად ვარ, პირზე დავადგე იმ პირებს, რომლებიც იძულებული გახდებიან, სიმართლე თქვან"

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა. მასზე სისხლის სამართლის საქმე წინა ხელისუფლების დროს აღიძრა, ის დაუსწრებლად გაასამართლეს კიდეც. ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.

"კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, პირველი რანგის კაპიტნის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის სკანდალური წერილები, რომლებშიც საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებსა და ქართველ მაღალჩინოსანთა მოღალატეობრივ პოლიტიკაზე იყო საუბარი. "ჩემი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ვამხილე არაერთი მაღალი რანგის მოხელე, ვლაპარაკობდი ბურუსით მოცულ მკვლელობებზე, შევეწინააღმდეგე საზღვაო ძალების გაუქმებას, წინასწარ გავახმაურე ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე", - ამბობს ვიქტორ ჭელიძე.

გთავაზობთ ჩვენი არქივიდან ვიქტორ ჭელიძის ინტერვიუს, რომელშიც ის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავიშირებით სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. გაჩნდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ჟვანიას საქმის თაობაზეც დაკითხონ.

ვის უნდოდა ჟვანიას "გაფუჭება"

ცხადია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე უმნიშვნელოვანესია იმ საქმეთა შორის, რომლის გადახედვა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ყოფილ მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, მაგრამ ისინი ან დუმან, ან ქვეყნიდან არიან გაქცეული. მაგალითად, თავის დროზე პარლამენტის წევრმა გოგლა ჟვანიამ ზურაბ ადეიშვილი დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის მასალების გაყალბებაში: "გარდაცვალების ინსცენირებას უშუალოდ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. იმ ბინაში საკვები, ბორჯომი, კონიაკი წინასწარ მიიტანეს. უბედური შემთხვევის დადგმაში ბარამიძე, ადეიშვილი და მერაბიშვილიც მონაწილეობდნენ. საქმის მასალების გაყალბება ადეიშვილს ევალებოდა".

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილს მთავარმა პროკურატურამ ციხის სკანდალის საქმის გაყალბებაში დასდო ბრალი. კერძოდ, მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს, ე.წ. "ბასტისა" და "ბუბუს" ადეიშვილის დავალებით აცემინეს პატიმრები, რათა მათთვის კამერით გადაეღოთ და მერე ამ საქმის "დამკვეთად" ივანიშვილი დაესახელებინათ.

არ არის გამორიცხული, ჟვანიას საქმის გაყალბებასთან შედარებით ციხის საქმე ადეიშვილისთვის მართლაც "ბასტი-ბუბუ" ყოფილიყო. საბოლოოდ, ალბათ, მან უნდა გვითხრას, იყო თუ არა ჟვანიას გარდაცვალება ინსცენირებული და თუ იყო, რატომ, ვისი ბრძანებით? შეგახსენებთ, გოგლა ჟვანიამ "კვირის პალიტრას" განუცხადა: "ზურა ან უნდა დაეჭირათ, ან უნდა მოეკლათ. ამის თაობაზე მეც და ზურასაც გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ ზურაბ ჟვანიას მოიცილებდნენ. ვინც ეს გვითხრა, ცოცხალია და საჭირო დროს ყველაფერს იტყვის".

მართალია, გოგლა ჟვანიას არ დაუზუსტებია, ინფორმატორის ვინაობა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო.

დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი და სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე "კვირის პალიტრასთან" ისევ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მოითხოვს, რომ მთავარმა პროკურატურამ ის ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მაინც დაჰკითხოს:

- რამდენი ხანია ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს, რაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის. სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ იჩენს. რასაც ვამბობ, შემიძლია დავადასტურო დოკუმენტებით ან პირზე დავადგე იმ პირებს, რომლებიც იძულებული გახდებიან, სიმართლე თქვან. ხელისუფლებას ჟვანიას დაჭერა რომ უნდოდა, ჯერ კიდევ 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვიცოდი, ე. ი. ჟვანიას გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე. თავად მივუტანე მასალები დავით კეზერაშვილს, რომელიც ფინანსური პოლიციის შეფი იყო, მან კი ადეიშვილი ჩააყენა საქმის კურსში. აბა, კეზერაშვილს პრემიერ-მინისტრის დაჭერის თავი სად ჰქონდა. თუმცა, როცა ვკითხე, მასალები რომ გქონდეს, დაიჭერთ თუ არა-მეთქი, გახარებულმა მითხრა, აბა, რას ვიზამთო და ჟვანიას შეაგინა.

იხ. სრულად