იუვალ ფუქსი: "საქართველოს ე.წ. "Terror List"-ის მექანიზმი ჭირდება!" (ექსკლუზივი)
"მე მაინც მგონია, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე გაცნობიერებულიც არ აქვს, რამდენად ახლოსაა ახლო აღმოსავლეთი საქართველოსთან. სინამდვილეში ის ძალიან ახლოსაა, ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ბრიუსელი. რა თქმა უნდა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის საწინაამდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, ფაქტია, რომ სიტყვა "ახლო ამოსავლეთი" აქ არც კი ისმის და ეს საკითხი ქვეყანაში საერთოდ არ განიხილება. არადა, მისი გვერდზე გადადება უბრალოდ დაუშვებელია."
ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი იმ დიპლომატთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანტი-ტერორისტული პოლიტიკა.
სატირულ გამოცემა შარლი ებდოზე თავდასხმის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ტერორიზმის წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის აუცილებლობაში. ჩვენ ისრაელის ელჩს, იუვალ ფოქს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ, რათა მასთან ერთად გვეპასუხა მეტად მნიშვნელოვანი კითხვისთვის - "გამოაღვიძებს კი პარიზის ინციდენტი მსოფლიოს?"
- მოდით ჩვენი ინტერვიუ დავიწყოთ ახლახანს მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრით, თავდასხმაზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა მსოფლიოზე შარლი ებდოზე განხორციელებულმა თავდასხმამ?
იუვალ ფუქსი, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
- პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ პარიზის ინციდენტში არაფერია ახალი. უფრო მეტი, ეს მოსალოდნელიც იყო. მე პირადად სულაც არ ვიყავი გაკვირვებული და არც ჩემი თანამემამულეები გაუოცებია პარიზის მოვლენებს.
ტერორისტული აქტების შემდეგ ევროპაში მოვლენები, როგორც წესი, ერთი და იმავე სცენარით ვითარდება: პირველად ტერორისტულ აქტზე რეაგირებს სახელმწიფო, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს ტერორიზმის საწინაამდეგო ზომების დახვეწას; ხალხს კი ყოველ ჯერზე უჩნდება კითხვა -- არის თუ არა ეს ტერორისტული აქტი საკმარისად ხმამაღალი მოწოდება, რომ მსოფლიომ ბოლოს და ბოლოს გაიღვიძოს? შემდეგ ისმება კითხვა, საერთოდ რატომ გახდა მსოფლიოს გამოფხიზლება საჭირო, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი იმის მისახვედრად, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ აუცილებელია მას ყოველდღიურად ებრძოდე, და მის დასამარცხებლად კი ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება დაგვჭირდება.
მაგრამ გადის ერთი-ორი წელი, ცხოვრება თითქოს ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება და ეს საბრძოლო განწყობაც, ეს ძლიერი სურვილიც - ვებრძოლოთ ტერორიზმს ნელ-ნელა ქრება. ხალხიც ჩვეულ ცხოვრების რიტმს უბრუნდება და ეს მეტად აქტუალური პრობლემაც აღარავის ახსოვს... მაგრამ შემდეგ, სრულიად მოულოდნელად მსოფლიოს ხელახლა მოუწოდებენ გამოფხიზლებისკენ. ასე რომ, რა იცვლება საბოლოოდ? არც არაფერი; როგორც ამჯერად არ შეცვლილა ბევრი არაფერი. ახლახან მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტერორიზმი არის დიდი საფრთხე, რომელიც მსოფლიოს ემუქრება და რომლის წინაამდეგაც გამუდმებული ბრძოლაა საჭირო.
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ინციდენტმა კავკასიასა და საქართველოზე? განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ საქართველოში მდებარეობს პანკისის რეგიონი, რომელიც მუსლიმი ქისტებითაა დასახლებული, ათეულობით მათგანი კი უშუალოდ ISIS-ის დროშის ქვეშ იბრძვის...
– ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა და მთავრობამ ცოტა სხვა კუთხით უნდა შეხედოს ამ საკითხს და, პირველ რიგში, გაიაზროს საქართველოს გეგრაფიული მდებარეობა. მაინც სად მდებარეობს საქართველო? ის ხომ ძალიან ახლოსაა ახლო აღმოსავლეთთან.
საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებებს გამოთქვამს საზოგადოების ყველა სეგმენტი - პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების თუ მკვლევარების ჩათვლით; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე აქვს გააზრებული, რამდენად ახლოსაა ახლო აღმოსავლეთი მათ ქვეყანასთან. სინამდვილეში ის ძალიან ახლოსაა, ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ბრიუსელი. რა თქმა უნდა, ამით საქართველოს ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის საწინაამდეგოს არაფერს ვამბობ, მაგრამ, ფაქტია, რომ სიტყვა "ახლო ამოსავლეთი" აქ არც კი ისმის და ეს საკითხი ქვეყანაში საერთოდ არ განიხილება. არადა, მისი გვერდზე გადადება უბრალოდ დაუშვებელია. პოლიტიკოსები ყურადღებას, პირველ რიგში, აქცევენ ბრუსელს და ვაშინგტონს და ფიქრობენ, რომ საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, მოდის ჩრდილოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან; თუმცა არსებობს სხვა ფრონტიც, რომელიც საქართველოს სამხრეთითაა, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ სიტუაციის შეფასებით დაიწყებთ, რათა გაიგოთ, სად იმყოფებით. ერთი საკითხია ავღანეთში ტერორიზმთან საბრძოლველად ჯარების გაგზავნა და სრულიად ცალკე თემაა ტერორიზმის საფრთხის შესწავლა შენს ირგვლივ. არსებობს სათანადო ზომები, რომლებიც საფრთხის შეფასების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია და ტერორიზმს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ.
მაგალითად, 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ, ევროკავშირმა, გაეროს რეზოლუციაზე დაყრდნობით, ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმი შეიმუშავა. იმ დროიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ასევე რუსეთსა და ისრაელს, გააჩნია ე.წ. "ტერორიზმის სია," რომელიც დგინდება ქვეყნების მიერ საფრთხეთა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. საქართველოს კი ასეთი სია არ აქვს. ვფიქრობ, ეს დანაკლისი უნდა გამოსწორდეს და თითოეულმა ქართველმა თავი მეტად დაცულად უნდა იგრძნოს.
--გულახდილად რომ ვთქვათ, რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან, შეიძლება თუ არა ასეთი მექანიზმის შემოღების გამო საქართველო ტერორისტებისა და რადიკალური დაჯგუფებების სამიზნე გახდეს?
- სიის მიღების საკითხი თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული, თუმცა, პირადად მე ამის მომხრე გახლავართ. ჯერ ევროკავშირში არ ხართ, მაგრამ შეგიძლიათ, თქვენ თვითონვე დანერგოთ და გაიზიაროთ მათი პრაქტიკა. მით უმეტეს, რომ ცვლილებების განხორციელება შეგიძლიათ. შეგიძლიათ, მოარგოთ ეს თქვენს მიზნებს. ასე რომ, მე არ ვეთანხმები თქვენს არგუმენტს. ამის ასახსნელად, განგიმარტავთ, რას ნიშნავს ტერორისტების სია. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტია, და ასე გამოიყურება: თუ მე, ანუ მთავრობამ (ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) ვიცი, რომ შენ რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც ჩემს ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ, მაშინ ეს სია გარკვეულ დაბრკოლებებს შეგიქმნით. მაგალითად, საბანკო ანგარიშს ვერ გახსნით. ბინას ვერ დაიქირავებთ. შეიძლება, ქვეყანაში შემოსვლაც კი აგეკრძალოთ და ა.შ. ეს სამართლებრივი მექანიზმი სავარაუდო ტერორისტების ყოფას მნიშვნელოვნად ართულებს და საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა. პრაქტიკულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ასეთი ორგანიზაციები და ხალხი შემდეგ ცდილობს ქვეყანა დატოვოს და ეძებენ ადგილებს, სადაც ცხოვრება გაუადვილდებათ და თავსაც შედარებით უსაფრთხოდ იგრძნობენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს და მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს მეთოდი ტერორიზმთან ბრძოლაში.
იხ. სტატიის ორიგინალი - “Georgia Needs a Terror List Mechanism!” - An Exclusive Interview with Israeli Ambassador Yuval Fuchs
ვაჟა თავბერიძე