ფირცხალავა ნარკომოვაჭრის გადარჩენას ცდილობდა?! - ვინ იქნება ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე
"არაფერი მიხარია, იმიტომ, რომ ჩემი ქმარი მიწაშია და ამას ვერ მოესწრო"
"ჩნდება ეჭვი, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციამ აქამდეც არაერთხელ გაჟონა, რასაც შესაძლოა ემსხვერპლა კიდეც იური ვაზაგაშვილი."
სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურებიდან ინფორმაციები ისევ ჟონავს. ა.წ. 1 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა კორტების სპეცოპერაციის მონაწილე ყოფილ ძალოვნებს აკავებდა. მოსალოდნელ დაკავებაზე ფირცხალავამ და ნაკანმა განცხადებები წინასწარ გააკეთეს და თქვეს, მიმალვას არ ვაპირებთო. აქედან ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციამ აქამდეც არაერთხელ გაჟონა, რასაც შესაძლოა ემსხვერპლა კიდეც იური ვაზაგაშვილი. მართალია ფირცხალავა დაკავებას ელოდა, მაგრამ ის და მისი მეგობრები ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, ასეთ უმძიმეს ბრალდებებს თუ წაუყენებდნენ.
2 თებერვალს პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. 2006 წლის 2 მაისს მომხდარი სპეცოპერაციის დეტალები ბუნებრივია, ძველი ხელისუფლების პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულია. თუ ადრე აცხადებდნენ, რომ მოკლულები საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ახლა ყოფილი ჩინოსანის, ირაკლი ფირცხალავას პირად ინტერესზე ალაპარაკდნენ. პროკურატურის მტკიცებით, 2006 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა დაგეგმეს და განახორციელეს სპეცოპერაცია, რაც ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა.
ყველაფერი ასე დაიწყო: 2006 წლის 7 აპრილს, სოდის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა დააკავეს. პროკურატურის ინფორმახიით, ლევან ფირცხალავას ჩადენილ დანაშაულზე ინფორმაცია სამართალდამცავებს ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა, რაც ირაკლი ფირცხალავამ შეიტყო. მისთვის, როგორც მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, ამიტომ გადაწყვიტა შური ეძია ალექსანდრე ხუბულოვზე. ირაკლი ფირცხალავამ დანაშაულებრივი გეგმა შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავა. უნდა მოეწყოთ ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარი და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, "წარმატებული" სპეცოპერაციის ფორმით მოეკლა ხუბულოვი. ერთის მხრივ, ფირცხალავა შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯს დაუმკვიდრებდა.
2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით 9 საათზე, მართლაც ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ისინი ვაზაგაშვილის მანქანით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით წავიდნენ. დაახლოებით 09: 45 საათზე, ავტომანქანა საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშნის წითელ ფერზე გაჩერდა, ამ დროს შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს. ირაკლი ფირცხალავამ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანება გასცა. ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები: იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ მანქანიდან და ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანისაკენ გაემართნენ. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ხალხმრავალ ადგილას, მანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ფირცხალავას გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანაში მყოფ მგზავრებს. ზურაბ ვაზაგაშვილს სროლებისაგან თავი რომ დაეღწია შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს, რის შემდეგაც ინტენსიური სროლები მგზავრების მისამართით კვლავ გაგრძელდა. ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ცააძემ, მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი საკონტროლო გასროლებით დახოცა. ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის მანქანას 97 ტყვია მოხვდა.
ზურაბ ვაზაგაშვილს 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული; ალექსანდრე ხუბულოვს - 9; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძეს, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივი გეგმის პირველ ნაწილი ასე დასრულდა. მაგრამ საჭირო იყო ჩატარებული ოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგენდის მოგონება, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას. გამოძიებით დადგენილია, რომ არანაირი ყაჩაღობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია და ეს სცენარი შეითხზა ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით: ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, გამომძიებელმა გრიგოლ კვინიკაძემ შეადგინა ოქმი და ბონდო ფუთურიძე როგორც ეჭვმიტანილი დააკავეს, თითქოს იგი მოკლულებთან ერთად ამზადებდა ყაჩაღობას, მაშინ როდესაც არ არსებობდა ყაჩაღობის მომზადების ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ხსენებული ავტომანქანა განთავსდა ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოსდა ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკანა საქარე მინიდან ისროლეს, ტყვია კი პოლიციელის ზემოთხსენებულ ავტომანქანას მოხვდა. თუმცა, მხოლოდ მანქანის დაზიანება არასაკმარისად მიიჩნიეს შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსანათლად, აუცილებელი იყო ადამიანური მსხვერპლის არსებობაც, რის გამოც, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლევან ბეროძემ თვითდაზიანება მიიყენა მარცხენა ფეხში და ითქვა, თითქოს დაზიანება ვაზაგაშვილის მანქანასთან შეჯახებისას მიიღო. ასევე ირაკლი ფირცხალავას დავალებით შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღი, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები...
გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც "დააგვირგვინებდა" ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაზე და აღიარებდა დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 3 ივნისს, გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზარხველებთან - ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, მოხდა ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება. სინდოიანი ის სავრაუდო მოწმეა, რომლის გამოჩენის თაობაზე იური ვაზაგაშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებში ლაპარაკობდა.
კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთი ვერსიით, სოდ - ის თანამშრომლებს, რომლებმაც ფირცხალავას ძმა დააკავეს ვარკეთილში სწორედ ის ნარკომოვაჭრე უნდა აეყვანათ, რომელიც მას წამლით ამარაგებდა. იმასაც ამბობენ, ამ ნარკობარიგას ირაკლი ფირცხალავა და ძალოვანთა ერთი ჯგუფი მფარველობდა და მუშაობის უფლებას აძლევდა. ერთ- ერთი ვერსიით, 2006 მაისს სოდის ოპერაციის ფარგლებში, მას უნდა შეხვედროდა ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც პროკურატურამ იმ პირად დაასახელა, რომელმაცსოდ-ს ირაკლი ფირცხალავას ძმის თაობაზე მიაწოდა ინფორმცია. მოკლედ, სპეცოპერაცია "სოდს~ დაგეგმილი ჰქონდა. ეს შეიტყო ირაკლი ფირცხალავამ, დაასწრო დაასწრო მათ და ნარკობარიგა რომ გადაერჩინა, ამისთვის ეს ნაჩქარევი სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა. სოდის ოპერაცია მომხდარის შემდეგ ჩაიშალა. რამდენად აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, ეს ძალოვნების გასარკვევია.
ფაქტია ირაკლი ფირცხალავა ბორკილებდადებული მიიყვანეს პროკურატურაში. მისი ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებულია:
- რაც ჩვენ გავიგეთ, პროკურატურის ვარაუდია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ამას ზღაპარი ვუწოდო. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული ფირცხალავას, ამას როგორმე მოახერხებდა სპეცოპერაციის გარეშეც. თუ ეს სპეცოპერაცია შეძლო, შეძლებდა ხუბულოვის ლიკვიდაციასაც. პროკურატურის განცხადებაში ასევე საუბარია, იმაზე, რომ საკონტროლო გასროლებით მოიცილეს მოწმეები, მაგრამ იმ მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. ერთი ცოცხალია დღესაც. თუ ლიკვიდაციაზე იყო ლაპარაკი, ფუთურიძესაც მოკლავდნენ. ირაკლი ფირცხალავა თავს უდანაშაულოდ ცნობს. ის ელოდა დაკავებას, მაგრამ ეგონა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით დააკავებდნენ და არა განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ეს ყველაფერი არის პროკურატურის ვარაუდები, ამას სასამართლოზე დადასტურება სჭირდება.
რომელი მოწმეები დაუპირისპირდებიან დაკავებულ ძალოვნებს და რა მტკიცებულებები დევს საქმეში, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნობიან. სავარაუდოდ, დაკავებულთა წინააღმდეგ ჩვენებას ბუბა ფუთურიძე და ედუარდ სინდოიანიც მისცემენ. პროკურატურა შეძლებს თუ არა სასამართლოს დარწმუნებას, რომ დაკავებულებს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შეუფარდებენ თუ არა მათ პატიმრობას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას გაირკვევა.
ყოფილი ძალოვნების დაკავებაზე კომენტარი იური ვაზაგაშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ციალა შანავამ გააკეთა: "პროკურატურის ამჟამინდელ გადაწყვეტილებაში ჩემთვის ახალი არაფერი ყოფილა. მე და ჩემმა მეუღლემ 8 წელია ვიცით ვინ არიან ჩვენი შვილის მკვლელები. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი შვილი საყაჩაღოდ არ მიდიოდა. გულზე მომეშვა, რომ საზოგადოებამაც შეიტყო, რომ ზურა ყაჩაღი არ იყო. სხვა არაფერი მიხარია, იმიტომ, რომ ჩემი ქმარი მიწაშია და ამას ვერ მოესწრო."
არ არის გამორიცხული ფირცხალავას ბრალი კიდევ დაუმძიმდეს. როგორც ცნობილია, მას პატიმარი შავიძე ია მეტრეველის ლიკვიდაციის შეკვეთაშიც ადანაშაულებს. ამ საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)