"მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გააჩეროს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გააჩეროს"

"ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დანაშაულს ჩადიონდნენ, დღესაც მაღალ თანამდებობზე არიან. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოსამართლეებს არ ვგულისხმობ"

"ზურას კახეთში მოკვლის საკითხი კი, პირადად მეც მაეჭვებს."

"ხელისუფლებას ჟვანიას დაჭერა რომ უნდოდა, ჯერ კიდევ 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვიცოდი, ე. ი. ჟვანიას გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე. თავად მივუტანე მასალები დავით კეზერაშვილს, რომელიც ფინანსური პოლიციის შეფი იყო, მან კი ადეიშვილი ჩააყენა საქმის კურსში." - ეს განცხადება სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორ ჭელიძემ, ჯერ კიდევ 2013 წელს გაკეთა, ის გამოძიებას სთხოვდა, რომ ჟვანიას საქმეზე დაეკითხათ. წინა ხელისუფლების მიერ ძებნილი ჭელიძე ინტერპოლის მეშვეობით დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ბევრი მიიჩნევს, რომ ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე შეიძლება ისიც იყოს.

გასული წლის სექტემბერში ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი პრემიერის საქმის გახსნა 2014 წლის დეკემბრამდე დააანონსეს, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა - საქმის ირგვლივ დღემდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ოფიციალურად კი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩნდება - რა გარემოებაში გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია და რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან ყოფილ მაღალჩინოსნებს. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ზურაბ ჟვანიას ძმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია გამოძიების გაჭიანურებაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს:

- სამწუხაროდ, ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დანაშაულს ჩადიონდნენ, დღესაც მაღალ თანამდებობზე არიან. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოსამართლეებს არ ვგულისხმობ. სხვადასხვა უწყებებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე წამყვან პოსტებს ინარჩუნებენ.

- გასულ წელს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დასასრული დააანონსეთ. დღემდე რატომ ვერ მოვისმინეთ პროკურატურისგან ოფიციალური ვერსია?

- უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოიკვეთა, რომლის დეტალებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე, არ მსურს. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ფაქტია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოძიება გაჭიანურდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი აქტიურობს.

- კი, მაგრამ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" და მითუმეტეს, ქვეყნიდან გაქცეულ მიხეილ სააკაშვილს პროკრუატურაში გამოძიების შესაფერხებლად რა ბერკეტი აქვს თუ ხელისუფლებასა და "ნაციონალებს" შორის გარიგებაზე მიანიშნებთ?

- გარიგებაზე ლაპარაკი აბსურდია, თუმცა ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გააჩეროს. უბრალოდ, ახლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ.

- ამ ფონზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. პატიმრ თეიმურაზ გვარამაძის განცხადებით, პრემიერი და რაულ უსუპოვი კახეთში მოკლეს და მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა, რომელთა შორის მოქმედი მინისტრები სახელდება. ამ ვერსიის შესახებ თქვენთვის ცნობილია?

- რა თქმა უნდა, პროკრუატურაში არაერთი ინფორმაცია შევიდა. ზურას კახეთში მოკვლის საკითხი კი, პირადად მეც მაეჭვებს.

- რატომ?

- დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ამას პროკურატურა გადაამოწმებს. მით უმეტეს, ამ ვერსიის ავტორი ცოცხალი ადამიანია და ჩვენების მიცემაზეც თანახმაა.

- კიდევ ერთი პირი, ვიქტორ ჭელიძე, რომლის საქართველოში ექსტრადიციაც ახლახან განხორციელდა, ითხოვს პროკრუატურისგან დაკითხვას, რომელიც ამტკიცებს, ზურაბ ჟვანიას თავიდან მოშორება დიდი ხნით ადრე, ფოთის პორტთან დაკავშირებით დაიგეგმაო. რატომ არ დაიკითხა ეს პიროვნება დღემდე?

- საჯაროდ ვერ გამოვიტან ინფორმაცია, რა მასალები დევს დღეს პროკურატურაში. ვიცი, რომ უამრავი მოწმეა დაკითხული და პროკურატურისგან ინფორმაციებს პერიოდულად ვიღებ. მედიაში გავრცელებულ ყველა ვერსიას პროკურატურა ამოწმებს, მათ შორის, კახეთის საკითხსაც.

- ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის წელიწადნახევრის თავზე, გაქვთ მოლოდინი რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება?

- კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ერთხელ ჩემი მოლოდინი უკვე არ გამართლდა. თუმც ცალსახად გეტყვით, სერიოზული საქმეში სერიოზული მტკიცებულებები დევს, რომელიც მისი გახსნის წინაპირობა აუცილებლად გახდება. მკვლელებიც სათანადოდ დაისჯებიან!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე