არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! -" როგორ გახდა ბატონი კეზერაშვილი მილიარდერი?!" - კვირის პალიტრა

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! -" როგორ გახდა ბატონი კეზერაშვილი მილიარდერი?!"

"იმ ფაქტმა, რომ სამართლიანობის დამკვიდრებისათვის მებრძოლი ადამიანი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, აჩვენა, რომ მარგინალიზაციით პრობლემა არც გვარდება და არც იმალება."

"თუ ვინმემ იცის, რა თანხები იქნება საჭირო კანონიერი მფლობელებისთვის ქონების დასაბრუნებლად, მითხრას, რა დააჯამა - რას რა მიუმატა?!"

ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იური ვაზაგაშვილის არაადამიანურმა მკვლელობამ გამარგინალებული სამართლიანობის რეალური სახის შემზარავი სურათი დაგვანახა. პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დამნაშავეები გამოავლინა. ამავდროულად, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის გახსნა დაანონსდა, რომლის პრეზენტაციაც თებერვალში იგეგმება. ახალი დეპარტამენტის მიზანი საგამოძიებო ორგანოში შესული იმ ათასობით განცხადების შესწავლა და სწრაფი რეაგირება იქნება, რომელიც მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე, ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტებს ეხება. თუმცა მანამდე იყო კოჰაბიტაცია, საზოგადოებისთვის მოქალაქეობრივი კულტურის დაწუნება და მიმტევებლობისკენ მოწოდება. ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართალი უმაღლეს ღირებულებად ვერ აქცია, რადგან ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა გამორჩა. ვისთვის უნდა მიეტევებინა საზოგადოებას. ამ კითხვაზე პასუხის პოვნის შემდგომ, იქნებ, მიტევებაც არ ყოფილიყო რთული... იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ; იმ ფაქტმა, რომ სამართლიანობის დამკვიდრებისათვის მებრძოლი ადამიანი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, აჩვენა, რომ მარგინალიზაციით პრობლემა არც გვარდება და არც იმალება. ყინულმა ლღვობა დაიწყო, მაგრამ კითხვა, ტრაგედიის გარეშე რატომ ვერ გახდა შესაძლებელი პრიორიტეტების სწორად დალაგება და რამდენად შესაძლებელია წართმეული ქონების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება ამ ქონების რამდენჯერმე გაყიდვის პირობებში, კვლავ კითხვად რჩება.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: თითქმის მთელი საქართველო დგას იმ პასუხგაუცემელი კითხვის წინაშე, თუ რამ შეუშალა ხელი "ქართულ ოცნებას", დროულად გადაედგა ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და არ მომხდარიყო ამ მოთხოვნის მარგინალიზაცია. მით უფრო, როცა მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ საზოგადოება ამ პრობლემის მოუგვარებლობის პატიებას ვერ შეძლებდა. ერთ-ერთი სავარაუდო ფსიქოლოგიური ფაქტორი, რამაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაფერხა, არის ის, რომ "ქართულ ოცნებას", თითქმის ყველა მიმართულებით უჭირდა და უჭირს გაბედული ნაბიჯების გადადგმა. ეს გაუბედაობა, ნაწილობრივ, ალბათ, ახსნას ექვემდებარება, მაგრამ ახსნა გამოსავალი არ არის. ერთ ფაქტს გავიხსენებ. როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა და პირველი პირი გახდა, ე.წ. რეფორმატორების ჯგუფი მას ხშირად საყვედურობდა იმის თაობაზე, რომ ის დამნაშავეებით იყო გარემოცული და კორუფციას ყურადღებას არ აქცევდა. შევარდნაძე მათ პასუხობდა,_ ეგ საქმე არ გამოვა, ვინაიდან ვისაც დამნაშავეთა დაჭერა ევალება, ისინიც დასაჭერები არიანო. ამ ფაქტორს არ გამოვრიცხავ "ქართული ოცნების" პასიურობის ერთგვარ გამართლებასთან მიმართებაშიც. იმდენად ტოტალური იყო დანაშაული სააკაშვილის პერიოდში, რომ სამართლის ძებნა მთელი სახელმწიფო ვერტიკალის პასუხისგებაში მიცემას გამოიწვევდა და შემსრულებელი აღარავინ დარჩებოდა. ამის გამკეთებელი "ოცნება" არ აღმოჩნდა. მაგრამ სიფრთხილემ დამატებითი პრობლემები არ უნდა შექმნას და მოსახლეობის უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს. ზომიერების გრძნობა სიფრთხილესა და ინიციატივას შორის აუცილებლად საპოვნელია. ამ გრძნობის უქონლობა (რაც გამოუცდელობის შედეგია), არის გაუბედაობის ძირითადი მიზეზი.

ამას დაემატა ისიც, რომ სამართლიანობის აღდგენის პირობით მოსულმა ხელისუფლებამ საზოგადოებას მიმტევებლობისკენ მოუწოდა წინასწარ ნიადაგის მომზადების გარეშე. შეუძლებელია, ეს მოწოდება უარყოფით კონტექსტში მოიაზრებოდეს, მაგრამ საქმე იმ დონემდე უნდა მიეყვანათ, რომ თვითონ ხალხს გასჩენოდა მიტევების სურვილი. ხალხის პოზიცია უნდა გამხდარიყო დამნაშავეთა მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება. მათ კი მენტორული ტონით გადაწყვიტეს ხელისუფლების მაღალი ტრიბუნიდან ადამიანების განცდებისთვის მიმართულების შეცვლა. ქართულმა ოცნებამ გვიან, მაგრამ, მაინც გააცნობიერა, რომ დამნაშავის მიმართ შენდობა არ არის იმის გარანტი, რომ ის დანაშაულს აღარ ჩაიდენს. ვფიქრობ, იმ კონცეფციის სიმცდარე, რომ შევუნდოთ და გამოსწორდებიან, მეტისმეტად სისხლიანად თვალსაჩინო აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. იური ვაზაგაშვილის ტრაგედია ის ბოლო წვეთი გამოდგა, რომელმაც საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო. ამ ტრაგედიაში ყველა ის შეცდომა განსხეულდა, რომელიც, ამ ხნის განმავლობაში, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით "ოცნებამ" დაუშვა. ამიტომ დიდი გამოცდის დრო დაუდგა "ქართულ ოცნებას", რათა ეს არ გახდეს მათი პოლიტიკური კარიერის დასასრულის საწინდარი...

რამდენად რეალური და შესაძლებელია წინა ხელისუფლების დროს იძულებით ჩამორთმეული ქონების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება, ექსპერტები მიიჩნევენ, ეს რთული, ხანგრძლივი და ძვირი პროცესი იქნება.

სანდრო თვალჭრელიძე:

- წართმეული ქონების უკან დაბრუნების პრობლემა ჩილეშიც არსებობდა და 22 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. ჩვენთან 10 წელი მაინც დასჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. ეს ურთულესი პროცესი იქნება იმიტომ, რომ ქონება რამდენჯერმე გასხვისდა. რამდენჯერმე გაყიდულს კი ძალიან ფაქიზი და სწორი სამართლებრივი მიდგომა სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, ლაპარაკია მრავალმილიარდიან თანხებზე. ეს რომ ასე არ იყოს, სხვანაირად როგორ გახდა ბატონი კეზერაშვილი მილიარდერი?!

ემზარ ჯგერენაია: ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ თებერვლიდან დაიწყება საქმის განხილვა; კონკრეტულ მექანიზმებზე, ქონების დაბრუნება-არდაბრუნებაზე ჯერ ლაპარაკი არ ყოფილა. რაც შეეხება თანხებს, სავარაუდოდ, მილიარდზე მეტი თანხა იქნება საჭირო, მაგრამ დღეს კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი მკითხაობას ჰგავს. ყველაფერი მას მერე გამოჩნდება, როდესაც მექანიზმი როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი კუთხით გამოიკვეთება. თუ ვინმემ იცის, რა თანხები იქნება საჭირო კანონიერი მფლობელებისთვის ქონების დასაბრუნებლად, მითხრას, რა დააჯამა - რას რა მიუმატა?!

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)