ჩამო, ბატკო, და ჩამოიტანე "პივა"!..
დიდი ამბები მოხდა ამ ერთ კვირაში... ყველაზე ხმაურიანი, ცხადია, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმის გახსნაა (მკვლელობის - სწორედ ასეთი კვალიფიკაცია მისცა პროკურატურამ 2006 წელს მომხდარ ტრაგედიას).
რა დასამალია და, ეჭვის თავლით ვუყურებ ხოლმე სისხლის სამართლის იმ საქმეებზე წაყენებულ ბრალდებებსა თუ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც "პოლიტიკის სუნი ასდის", მაგრამ ახლა, ამ საქმეზე, რატომღაც, სრული ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც პროკურატურამ წარმოადგინა, ან უფრო უარესად (კიდევ მეტი ადამიანის - "გამპრავებელ-ჩამფარცხავების" შესაძლო დაკავებას ვგულისხმობ).
ყოჩაღ პროკურატურას - კარგია დამნაშავეების დაჭერა, მაგრამ თქვე დალოცვილებო, სანამ შვილის საფლავს არ დააკლეს ის ცხონებული, არ შეიძლებოდა, რომ განძრეულიყავით?!
ბენზინი გაიაფდა. ესეც ძალიან კარგია. მაგრამ ხომ გახსოვთ პოეტის ნათქვამი: "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!" - ეგრეა აქაც: ჩვენ უფრო იაფი გვინდა!
აი, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა: მაქსიმუმ ლარ-ნახევარი უნდა ღირდეს ბენზინი, ნავთობის მსოფლიო ფასმა 56%-თ დაიკლო, საქართველოში კი მხოლოდ 20%-ით გაიაფდა ბენზინი და 1.75 ლარი ღირსო. ხვალეო (ე.ი. 4-ში ანუ თქვენთვის უკვე გუშინ) "რედისონთან" შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთო!
რა გაღლიცინებს მერეო? - იქნებ იკითხოთ. რა და, მთელი თვეა, ლარ-ნახევრად ვასხამ ბენზინს და ერთიც არ დაუკვნესია ჩემს მანქანას. ასე რომ, იმ ხუთი მსხვილი კომპანიის გარდა, პატარ-პატარა ავტოგასამართი სადგურებიც არსებობს, ჯონდის ვენაცვალე; შეიარეთ, ჩაასხით საწვავი - მცირე ბიზნესსაც ხელს შეუწყობთ და საკუთარ ჯიბესაც.
ოღონდ რა არის, იცით? რა და, ჩემი ინტრიგანობა-პროვოკატორობის ბრალია ალბათ, რომ ასე მგონია: მოპროტესტეებმა ძალიან კარგადაც იციან, ბენზინი რომ გაიაფდა, მაგრამ ეს აქცია მაინც საჭიროა: 3-ში დააანონსებენ, 4-ში აქციას გამართავენ და 5-ში "გაგვახარებენ" - გაჭრა ჩვენმა მცდელობამ, გაიაფდაო!
კარგი კაცია ჯონდი ბაღათურია და კარგი იქნება, თუ რაც მართლა გასაპროტესტებელია, იმას გააპროტესტებს: კომერციული სტრუქტურებისათვის ბუნებრივი აირის 20%-იან გაძვირებას. და კიდევ იმას, რომ ამ გაზის შემომტანიც, გამნაწილებელიც და გამყიდველიც ერთი კომპანია - "სოკარი" გახლავთ და ჩემთვის პირადად თითქმის სულერთია, "გაზპრომის" ყმები ვიქნებით თუ "სოკარისა"...
სხვათა შორის, "სამართლიანობის აღდგენა", მე თუ მკითხვათ, ასეთი მახინჯი ვალდებულება-ხელშეკრულებების გადახედვასაც უნდა გულისხმობდეს.
არ მითხრათ ახლა, რას გადაეკიდე ამ ჯონდისო?! კი არ გადავეკიდე, ოპოზიციის არსებობა მომენატრა, ოპოზიციისა, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ხელისუფლებას "შეუჩიჩხინებს" და ამიტომ ვგულშემატკივრობ. აბა, რა ვქნა, "გავ-ნაც-დე"?!
რა მაგის პასუხია და, ლუკაშენკო ჩამოდის თურმე! ახლა მართლა გვერდით გადავდოთ შაყირი და მაიმუნობა და ხელისუფლებას მინდა ვთხოვო სიტუაციის ახსნა. სიტუაცია კი ასეთია: უკრაინის ხელისუფლება, ფაქტობრივად, დემარშს დემარშზე უწყობს საქართველოს - ჩვენი ნამინისტრალ-ნაპარლამენტარების გამინისტრება-გამრჩეველობიდან დაწყებული და ამჟამინდელი მინისტრებიდან ყველაზე უკეთესის (ჩემი აზრით, რასაკვირველია) ფაქტობრივად მასხარად აგდებით - თეა წულუკიანს ვგულისხმობ, რომელმაც უკრაინელ კოლეგას ყველა ფორმისა და ნორმის დაცვით უმასპინძლა აქ და ახლა კი საპასუხო ვიზიტი ვერ ხერხდება - თურმე ნუ იტყვით და, იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს სამგზის მცდელობის მიუხედავად, იქაურ მინისტრს ვერ მოუცლია წულუკიანის მისაღებად!!! ამ დროს საქართველო "ბრაზდება" უკრაინაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში დასავლეთის პარტნიორად და ოკუპანტთან გმირულად მებრძოლად აღიქმება (და ასეც არის) და დარტყმულ ლუკაშენკოს უძმაკაცდება!
იიფ! ბარემ კიმ ჩენ ირიც ჩამოიყვანეთ და მერე პუტინიც გვიკადრებს ალბათ...
P.S. ისე, მაინც რა არის ადამიანი - ძალიან ძნელია საკუთარ ამქვეყნიურ, მერკანტილურ ინტერესებზე მაღლა დადგომა... აი, ხომ ვუწოდე ლუკაშენკოს დარტყმული და ხომ გავაკრიტიკე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის "გაცივება", არა?
მაგრამ ჩემი "სიგლახე" უნდა ვაღიარო: ამწუთას წავიკითხე, ლუდი უკვე ძვირდებაო და გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემმა მეგობარმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რომელიც "დინამოს" ახლდა ბელორუსში, იქაური ლუდი ჩამომიტანა. მშვენიერი რამ იყო და უიაფესი - ჩვენსაზე სამჯერ იაფი ღირებულა!
რა ვიცი, რა ვიცი... ეს ლუკაშენკო იმ თავის ქვეყანაში კი მოსწონთ, ძმაო, ლუდიც იაფია და ყველაფერიც, ჩამოვიდეს, რა მოხდა მერე?..
ჩამო, ბატკო, ჩამოდი და ჩამოგვიტანე "პივა"!..