"რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?!" - ვინ აიძულებს იტალიელ დირიჟორს წავიდეს საქართველოდან
"საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს გულსა და გონებაში, იმ ქართველების მსგავსად, რომლებიც ახლა ქვეყანაში არ არიან, მაგრამ უყვართ სამშობლო და ენატრებათ."
"კულტურის სამინისტროში ვერავინ ვნახე, რომელმაც ოპერის შესახებ რაიმე იცის. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ ისინი ოპერაზე ზრუნვას"
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩანომ თეატრის დატოვება გადაწყვიტა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა და დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსა და თეატრს შორის თანამშრომლობის საკითხებზეც ილაპარაკა. "ჯანლუკა მარჩიანოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა კონტრაქტის პირობები, კერძოდ ჰონორარის რაოდენობა და უფლებამოსილებები. მან თეატრის ადმინისტრაციას მოსთხოვა კონტრაქტში ისეთი უფლებების ასახვა, რაც თეატრების შესახებ კანონის თანახმად სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივაა". - აცხადებს დავით კინწურაშვილი. ჩვენთან ინტერვიუში ჯანლუკა მარჩიანომ დეტალურად ილაპარაკა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს თბილისის ოპერის თეატრს.
- საქართველოში ჩამოვედი, რადგან მჯეროდა იმ პროექტს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო საოპერო ცენტრად აქცევდა. მიიჩნევა, რომ ქართული საოპერო სკოლა წამყვანია მსოფლიოში და მომიხაროდა აქ ჩამოსვლა. ჩამოვედი 2010 წელს, როდესაც საქართველო პროგრესის მაგალითი იყო. სამწუხაროდ, ახლა დიდი და ღრმა სტაგნაციაა. დიდი შეცდომაა ახალი კანონი თეატრის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკალური ხელმძღვანელიც ხდება. თქვენ გქონდათ შესანიშნავი კანონი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებით იყო შემუშავებული. დღეს საქართველოში შეუძლებლია გეგმის წინასწარ დაწერა - ყველაფერი 1-2 თვით ადრე იგეგმება, ხოლო სერიოზული მსოფლიო დაწესებულებები ყველაფერს მინიმუმ 1-2 წლით ადრე გეგმავენ. დღემდე არ ვიცი, როდის იხსნება სეზონი თეატრში. თეატრში ძალზე დაკნინდა კონცერტმაისტერის უფლებები.
- კულტურის მინისტრს არ შეხვდით?
- ვცადე, თუმცა ამის შანსი არაფრით მომეცა. მინისტრთან შეხვედრა უკიდურესად რთულია. კულტურის სამინისტროში ვერავინ ვნახე, რომელმაც ოპერის შესახებ რაიმე იცის. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ ისინი ოპერაზე ზრუნვას. პაატა ბურჭულაძის კონცერტზე ვიდირიჟორებ და ეს იქნება ჩემი დამშვიდობება საქართველოსთან. საქართველო დარჩება ჩემს გულსა და გონებაში, იმ ქართველების მსგავსად, რომლებიც ახლა ქვეყანაში არ არიან, მაგრამ უყვართ სამშობლო და ენატრებათ.
- ოპერის თეატრის ხელმძღვანელმა – დავით კინწურაშვილმა ბრალდებები წამოგიყენათ, რას უპასუხებდით მას?
- სამხატვრო ხელმძღვანელის სიტყვები, თითქოს მე არ შემიძლია თბილისში 2-3 დღეზე მეტად გაჩერება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი გრაფიკის მიხედვით, თეატრში მთელი იანვარი შემეძლო მუშაობა, ასევე: 27 მარტიდან 3 მაისამდე, 19 ივლისიდან 13 სექტემბრამდე და 16 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე. ეს კი სრულიად საკმარისი დროა მთავარი დირიჟორისთვის, რადგან არაა აუცილებელი, ის მუდმივად თეატრში იმყოფებოდეს. რაც შეეხება შემოთავაზებებს: შემომთავაზეს ერთწლიანი კონტრაქტი ყველანაირი უფლებების გარეშე, რომელიც საერთოდ არაფრით განსხვავდებოდა სხვა დირიჟორების კონტრაქტისაგან, რადგან უნდა ვყოფილიყავი სამხატვრო ხელმძღვანელის, მფარველთა საბჭოს, სამხატვრო საბჭოს და სამხატვრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში, თანაც ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე. ხოლო მეორე შემოთავაზება ითვალისწინებდა წლის განმავლობაში რამდენიმე მოკლევადიან კონტრაქტს (რა თქმა უნდა, კვლავ უფლებების გარეშე), თითოეულ წარმოდგენაში მიღებული ანაზღაურებით. გადავწყვიტე მოლაპარაკებებში ჩამერთო ჩემი აგენტი, რადგან ვალდებული ვარ კონტრაქტი და მიწვევა მასთან განვიხილო და შევათანხმო. მან თეატრს შესთავაზა იმასთან შედარებით ნაკლები ანაზღაურება (3000 ევრო), რასაც საერთოდ წარმოადგენს ჩემი ჰონორარი (4000 ევრო), ოღონდ იმ შემთხვევაში თუ წელიწადში 10-ზე მეტ წარმოდგენაში მიმიწვევდნენ. კინწურაშვილის შემოთავაზება იყო 1500 ევრო (რომელსაც კარიერის დასაწყისშიც კი არ ვიღებდი), მაგრამ მე მივიღე ეს შემოთავაზება, რადგან მინდოდა თბილისში კვლავ ჩამოსვლა.
5 წლის განმავლობაში ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა არსებითი, მთავარი პრობლემა! ჩემი ხელფასი დასაწყისისათვის 5000 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით 4000, შემდეგ 3000, ბოლოს კი 2240-ს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ვიქნებოდი მუსიკალური ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი და მონაწილეობას მივიღებდი თეატრის განვითარების სტრატეგიულ საკითხებში, რისი უფლებაც ამჟამად, სამწუხაროდ, აღარ გამაჩნია. ყველა ეს ფაქტი დოკუმენტურად მაქვს შენახული წერილების სახით და ა.შ. აქვე, რადგან ხელფასზე და საერთოდ ანაზღაურებაზე ვლაპარაკობთ, მეც დავსვამ კითხვას: - დღესდღეობით სამხატვრო ხელმძღვანელი ითავსებს დირიჟორის თანამდებობასაც, რომელიც შტატში არსებულ დირიჟორთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია და რადგან საერთოდ აღარ არსებობს მთავარი დირიჟორის შტატი, გამოდის, რომ ის იკავებს ამ ადგილს ხელფასის მიხედვითაც და ეს მაშინ, როდესაც დანიშვნის დღიდან დღემდე, ანუ 9 თვის განმავლობაში, სამხატვრო ხელმძღვანელს არ გაუმართავს არცერთი წარმოდგენა, არ ჩაუტარებია არცერთი კონცერტი ოპერის თეატრის ორკესტრთან ერთად. ოპერის ორკესტრთან შეხვედრისას მე ავღნიშნე, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებ დარჩენას, თუ ეს პირობები შესრულდება. ორკესტრის კოლეგიამ მიმართა კიდეც ამის შესახებ ხელმძღვანელს, მაგრამ მისგან მე ვერ ვხედავ ამის სურვილს და მცდელობას... ასევე, უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ის მოლაპარაკება, რომელიც ჩემსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის იმართებოდა შემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად იშლებოდა მისი მხრიდან. დაგეგმარების პრობლემა, რომელიც ყოველთვიურად იცვლება ძალიან ხელისშემშლელია, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვა ყველა შეთავაზებაზე მომიწევს უარის თქმა საზღვარგარეთ. მაშინ მე უნდა ველოდო მხოლოდ თბილისის ოპერის თეატრში მიმდინარე მოვლენებს და ცვლილებებს. მაგალითად, ვიცოდი,რომ თეატრის გახსნა ამ წლის აპრილში იგეგმებოდა, ამიტომ წინასწარ მთელი აპრილი გავითავისულე. სამწუხაროდ, გახსნა გადაიდო სავარაუდოდ ოქტომბრისთვის, როდესაც მე უკვე მთელი ეს თვე დაგეგმილი მაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეატრი და მისი ხელმძღვანელობა გახსნას მთავარ დირიჟორთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე აპირებდა! გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ორკესტრის მუსიკოსებთან დაკავშირებით, მე არ შემითანხმეს, მხოლოდ პოსტფაქტუმ შემატყობინეს, რაც რა თქმა უნდა, გავაპროტესტე.
- თქვენზე ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების მხარდამჭერი იყავით და ხდება ეს ყველაფერი?
- მე ასე არ მგონია, რა შუაშია მომწონდა თუ - არა მიხეილ სააკაშვილი?! ეს უფრო უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით სტაგნაციაა. როდესაც ჩამოვედი სულ სხვანაირად იყოს საქმე, ახლა კი - სულ სხვა სურათია. იმჟამად თეატრებს შესახებ შესანიშნავი კანონი გქონდათ და გამორჩეული კულტურის მინისტრიც გყავდათ.
- ნიკა რურუას გულისხმობთ?
- დიახ! ოპერას ჰყავადა ასევე გამორჩეულად კარგი მმართველი – დათო საყვარელიძე.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)