"ლელას 9 200 დოლარი ჰქონდა შეგროვილი, ეს ფულია წაღებულიო"- ძარცვა და მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!
"ალბათ საწყალმა ქალმა ვიღაცასთან თქვა, - ბინას ვგირაობ და ფული სახლში მაქვსო, იმან კიდევ ვიღაცას უთხრა და ასე გაიგეს ყაჩაღებმა. აბა, ისე ვის დაესიზმრებოდა, რომ მაგ ქალს სახლში ამდენი ფული ჰქონდა?!"
"რამდენჯერმე ვამოწმებ დაკეტილია, თუ – არა, მეშინია, არავინ შემომივარდეს და მაგ ქალის დღეში არ ჩამაგდოს"
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიაშვილის ქუჩაზე, ნაქირავ ბინაში მეუღლემ ლელა ავლოხაშვილი გარდაცვლილი იპოვა. ქალბატონი ამავე ქუჩის სიახლოვეს მდებარე ბაზრობასთან ბანანებით ვაჭრობდა. როგორც მისი მეზობლები ამბობენ, მას გარე ვაჭრობის ადგილას ბანანი დილაობით ყუთებით მოჰქონდა და დაღამებამდე ჰყიდდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა გაგუდეს, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს. ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების გამო მოვაჭრეები გაოგნებას ვერ მალავენ.
რევაზ ხარშილაძე, გარემოვაჭრე:
- რომ გავიგე, ლელას გარდაცვალების ამბავი, ვერაფრით დავიჯერე. ახალგაზრდა ქალი იყო, ამბობდა, - 43 წლის ვარო… ფიზიკურად ძლიერი ქალი იყო. საწყალი სიცივესა და სიცხეში, ყოველ დღე ქუჩაში იდგა ლუკმა-პურის საშოვნელად. ხშირად მიფიქრია, ნეტა რა გაძლება აქვს-მეთქი! ზოგჯერ ბანანის გარდა სხვა ხილსაც შეისყიდიდა ხოლმე გლეხებისაგან და გვიანობამდე ყიდდა. მაგრად წვალობდა. ბოლო ხანს ხშირად ამბობდა, დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობ, ქირა როდემდე უნდა ვიხადო, ბინის დაგირავება მინდა და ეგება ფული როგორმე შევაგროვოო. ამბობენ, რომ კიდეც მოახერხა რაღაც თანხის თავმოყრა და ამიტომ მოკლეს, მე როგორც გავიგე, გაგუდეს და ფული წაიღეს.
- რომელი რაიონიდან იყო?
- ლტოლვილი იყო, თუ არ ვცდები, ცხინვალიდან; ეროვნებით, ოსი იყო, ლაპარაკისას ზოგჯერ ოსურადაც კი უქცევდა. ამბობდა, ძალიან ბევრი ვიწვალე, ორჯონიკიძეშიც კი ვცხოვრობდი, მაგრამ იქაურობას ვერ შევეგუე და ისევ უკან დავბრუნდიო… პირველ ქმართან გაშორებული იყო. ისიც უთქვამს, გათხოვებაშიც არ გამიმართლა, ქმარს გავშორდი, ავირიე-დავირიე, შვილებიც ცალკე ცხოვრობენო… მეორეჯერ იყო გათხოვილი…ეს მეორე ქმარი აზერბაიჯანელი ჰყავდა და ნაქირავებ ბინაში მაგასთან ერთად ცხოვრობდა, სწორედ მაგ კაცმა ნახა ეგ საცოდავი გაგუდული…
ლამარა ო; ლელა ავლოხაშვილის მეზობელი:
- მაგ ქალს ხშირად ვერ ვხედავდი, რადგან სულ სამუშაოდ იყო გასული, საწყალი სულ ბანანის ყუთებს დაათრევდა.
- გარდაცვლილის მეუღლე სახლში ხშირად არ იყო?
- მაგათ ბინაში საერთოდ შუქი გვიან ინთებოდა ხოლმე. კაცი არავისთან კონტაქტობდა კიბეებზეც სულ თავდაღუნული ადიოდა, - ბინა მეორე სართულზე ჰქონდათ დაქირავებული. ისე, არ ჩხუბობდნენ, მაგათი ბინიდან ხმამაღალი ლაპარაკი არ გამიგონია. იმიტომ გამიკვირდა, ამ კაცის ყვირილი რომ გავიგონე, - მიშველეთო! ბინაში ავედით, უბედური ქალი იატაკზე გარდაცვლილი ეგდო. კაცი ქორწილში ყოფილა წასული და სახლში დილით დაბრუნებულა. სახლში რომ შევიდა, ცოლი ამისთანა საშინელ დღეში დახვდა…
- გარდაცვლილის მეუღლე რა მიზეზით ხსნიდა ამ ამბავს?
- ამბობდა, ბინის დაგირავება გვინდოდა, ლელას 9200 დოლარი ჰქონდა შეგროვილი, ეს ფულია წაღებული და ლელას ბეჭდებიო. ალბათ საწყალმა ქალმა ვიღაცასთან თქვა, - ბინას ვგირაობ და ფული სახლში მაქვსო, იმან კიდევ ვიღაცას უთხრა და ასე გაიგეს ყაჩაღებმა. აბა, ისე ვის დაესიზმრებოდა, რომ მაგ ქალს სახლში ამდენი ფული ჰქონდა?! ბანანებით მოვაჭრის სახლში ამდენ ფულს ვინ დაუწყებს ძებნას.
- გარდაცვლილ ქალბატონს ძალადობის კვალი ეტყობოდა?
- მეზობლებს არ გვინახავს, ვერ გავბედეთ ნახვა. არც ამ ქალის შვილები გამოჩენილან, რომ დედაზე რამე ეთქვათ. მარტო მოვაჭრეები მოვიდნენ და ერთმა თქვა, - დავხედე ცალი ლოყა ძალიან გაწითლებული აქვს, ალბათ ვიღაცამ დაარტყაო. მეორემ კიდევ, - შეიძლება არავის დაურტყამს, საცოდავს ასთმა ჰქონდა, იმას რომ ნახა თავისი მთელი ნაშრომი ყაჩაღებს მიჰქონდათ, შეიძლება სული შეეხუთა და გარდაიცვალაო. ასეა თუ ისე, ცუდი დრო დადგა, ადრე სახლს არც ვკეტავდი, ახლა კიდევ კარს შემოვიკეტავ თუ არა, რამდენჯერმე ვამოწმებ დაკეტილია, თუ – არა, მეშინია, არავინ შემომივარდეს და მაგ ქალის დღეში არ ჩამაგდოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ,ძარცვა დადასტურდება, თუმცა სამართალდამცავები ამ ეტაპზე ამ კვალიფიკაციაზე თავს იკავებენ. შსს-ს პრესცენტრის განცხადებით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზები გამოძიებისა და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)