"დედის მკვლელობის გამო ცოლი არ უჩივის ქმარს და სხვას რა ეკითხება?!" - რატომ მოკლა სიძემ სიდედრი
"სიდედრი რუსი იყო, მაგათ ხომ იცით, ჭკუის დარიგება ძალიან უყვართ. სიდედრის ლაპარაკზე სიძეს მოთმინება გადაეწურა, ეტყობა ხელი გაიქნა, - გავაჩერებო..."
"საცოდავი მოვასულიერეთ, სისხლი მოვწმინდეთ, აქეთ-იქით ხელი მოვკიდეთ და საკუთარი ფეხით მივიყვანეთ სასწრაფოს დახმარების მანქანასთან. საავადმყოფოში მოკვდა საწყალი..."
- "რა ამბავი ატეხეთ, რას აბოროტებთ, ამ ისედაც გაბოროტებულ კაცს, რომ მიესიეთ და აბრალებთ ყველაფერ გლახას! ნამეტანს ნუ შვრებით, თუ შეიძლება!"- პირდაპირ ასე დაიწყო ლაპარაკი სიძის მიერ მოკლული სიდედრის ახლობელმა, რომელმაც მომხდარ ინციდენტზე გავრცელებულ ინფორმაციებს ყველა მეზობლის სახელით ჭორი და ტყუილი უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით კი, ჩაქვში სიდედრის მკვლელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიდედრს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შსს-ს ინფორმაცით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებული 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოსმან ჯ. დანაშაულს აღიარებს.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლულის მეზობელ ქალბატონთან:
- ტრაგედია დატრიალდა სიძემ სიდედრი მოკლე, მაგრამ ჩაქვში ყველამ ვნახეთ როგორ განიცდიდა ეს უბედური კაცი იმას, რომ სიდედრი შემოაკვდა. თვითონ მოიყვანა მორგიდან მკვდარი სიდედრი, გააპატიოსნა და საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას, სხვებივით კი არ გაქცეულა! რომ შევუჩნდეთ და მკვლელი, ნაძირალა და უსინდისო ვუძახოთ, ვინ რას მოვიგებთ?
- პოლიციის ინფორმაციით, ის დააშაულის ადგილიდან მიიმალა...
- პოლიცია გვასწავლის მეზობლებს რა და როგორ იყო?! არ უნდოდა საწყალს სიდედრის მოკვლა, გულში არ სდებია, - შემთხვევით ხელი გააქნია და ის გაქნეული ხელი მოხდა საცოდავ ვერას. იმანაც, როგორც ჩანს, თავი ვერ შეიმაგრა, - 76 წლის წნევიანი ქალი იყო, - გადაქანდა, თავი წყლის ნიჟარას ჩამოარტყა, სისხლი ამიტომაც წამოუვიდა. უბედურმა ალბათ ბევრი სისხლი დაკარგა და მაგიტომ მოკვდა.
- შემთხვევით "გაქნეული" ხელით ადამიანი ვერ წაიქცევა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიძე ნასამართლევი იყო, ხშირად სვამდა და სიდედრთან გამუდმებით ჩხუბობდა...
- ნასამართლები შეიძლება ნემსის ქურდიც იყოს და აქლემისაც. ამ კაცს "აქლემი" არ მოუპარავს, ციხეში უბრალო რამეზე იჯდა. რომ გამოვიდა შრომა დაიწყო; ცოტას თუ სვამდა, არავის არაფერს უშავებდა.
- აგერ სიდედრს ხომ დაუშავა... დედის მკვლელობისას სად იმყოფებოდა დამნაშავის მეუღლე?
- თურქეთში იყო. წლებია უკვე თურქეთში მუშაობს და ისე არჩენს ოჯახს. ამბობს, ქმარს არ ვუჩივლებ, ხომ ვიცი დედაჩემი ძალით არ მოუკლავსო. დედის მკვლელობის გამო ცოლი არ უჩივის ქმარს და სხვას ვის რა ეკითხება?!
- მეუღლესა და სიდედრს შორის ამჯერად კამათი რის გამო დაიწყო?
- დალევის გამო. ის საცოდავი ქალი, სიდედრი რუსი იყო და მაგათ ხომ იცით, ჭკუის დარიგება ძალიან უყვართ. სიდედრის ლაპარაკზე სიძეს მოთმინება გადაეწურა და ეტყობა, ხელი გაიქნა, - გავაჩერებო. კი არ გააჩერა, მოკლა საწყალი.
- კი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფ დედას და ქმარს ქალბატონი მარტო როგორ ტოვებდა?!
- აბა, რა უნდა ექნა, ორივე კალთაზე მიეკრებინა და თან წაეყვანა? მუცელში ნაწლავები არ ჩერდებიან უჩხუბრად და სიძე-სიდედრის ჩხუბი რა გასაკვირია?! თანაც ხომ ვთქვი, საცოდავ ვერა სონოვას მეტისმეტად უყვარდა ჭკუის დარიგება!
- ქალბატონი სახლშივე გარდაიცვალა?
- არა. საცოდავი მოვასულიერეთ, სისხლი მოვწმინდეთ, აქეთ-იქით ხელი მოვკიდეთ და საკუთარი ფეხით მივიყვანეთ სასწრაფოს დახმარების მანქანასთან. საავადმყოფოში მოკვდა საწყალი...
- მკვლელ სიძეს რა ელის?
- რა უნდა ელოდეს? ამბობს, დამნაშავე ვარო და ჩასვამენ ალბათ ციხეში.
ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)