მეფე საქართველოსი - დავით IV აღმაშენებელი
21-ე საუკუნის ქართველობამ კი არათუ მისი დანატოვარის მოვლა შეძლო, მისი ძეგლიც კი გააძევა თბილისის შუაგულიდან. რას ვიზამთ - ტექნიკისა და ტექნოლოგიების ზეობის ხანაში სწორედ ველოსიპედი უფრო "შეეფერება" დემოკრატიული ევროპული მიმართულების მქონე სახელმწიფოს დედაქალაქის ცენტრს, ვიდრე მეფე, რომელიც შუასაუკუნეების სიღრმიდან მოგვძახის - იდიდგორეთ და იქართველეთო. ნუთუ ასე მოგვჭრა მისმა ძახილმა ყური?!.
1125 წლის 8 თებერვალს (ძვ. ს. 24 იანვარს) გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა.
თექვსმეტი წლისა იყო, როდესაც ტახტზე ავიდა. და არა იმიტომ, რომ მამის გარდაცვალების გამო უწევდა ტახტზე ასვლა, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვეს საქართველოს გონიერმა შვილებმა და ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე დაადგეს თავს სამეფო გვირგვინი.
თექვსმეტი წლისა გახდა მეფე ქვეყნისა, რომელსაც მაშინ ნაქვეყნარი უფრო ეწოდებოდა: თურქ-სელჩუკთაგან აოხრებული და გავერანებული, მიწასთან გასწორებული და ნანგრევებად ქცეული..... გამოქვაბულებსა და ტყე-ღრეებში გახიზნული ხალხითა და ჭინჭარ და ეკალმოდებული ეზო-ფუძეებით, დანაწევრებული და სისხლისაგან დაცლილი. მეფე მხოლოდ 16 წლისა იყო, მაგრამ საოცარი გონიერებითა და თანმიმდევრობით შეუდგა დაქცეული ქვეყნის შენებას.
შინაურ მტრებს ერთგულება აიძულა, ერთგულნი კი გააერთიანა და საბრძოლველად განამზადა. შეშინებული ხალხი გაამხნევა, სამალავებიდან გამოიყვანა და საკუთარ ფუძეს დაუბრუნა. მათთან ერთად ხნავდა და თესავდა, ვარჯიშობდა და იბრძოდა. უფრო სწორად, პირველი ებმებოდა ბრძოლაში და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს. ერთი მოქნევით კვეთდა ცხენზე ამხედრებულ მებრძოლს კისრიდან უნაგირამდე: ერთხელ, ბრძოლის ველიდან გამოსულმა, სარტყელი რომ შეიხსნა, ღვარად წამოვიდა ჯავშანში დაგროვილი მტრის სისხლი.
რუის-ურბნისის კრებაზე ამხილა და განაკვეთინა ღვთისა და ეკლესიის მოღალატენი. კარგად იცოდა, რომ საქართველოსათვის ბრძოლაში ღვთის სასწაულის იმედად იყო დარჩენილი. ეს სასწაული კი არ მოხდებოდა, თუ თვითონაც და ხალხიც უფლის გზას არ დაადგებოდნენ.
ასე გარჯითა და ბრძოლით დაიბრუნა და შემოიერთა ნელ-ნელა რუსთავი, სამშვილდე, ლორე, კლდეკარი, ჰერეთი. . . ნელ-ნელა აღადგინა საქართველო თავის საზღვრებში. გაათავისუფლა და სომხებს დაუბრუნა თავიანთი უძველესი ქალაქი, ანისი. მტერი მთელი კავკასიიდან გადარეკა და ქართული სახელმწიფო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადასჭიმა.
საოცრად ნიჭიერ მხედართმთავარსა და მრისხანე მებრძოლს უზომოდ უყვარდა კითხვა და ყველგან დაჰქონდა თან სამგზავრო ბიბლიოთეკა. კარგად ხვდებოდა,რომ ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნა თუ ანიჭებს ადამიანს, ხოლო თავისუფალი ქვეყნის შენება და შენარჩუნება მხოლოდ თავისუფალ თაობას შეუძლია. ამიტომაც ნიჭიერ ახალგაზრდებს ყველანაირად უწყობდა ხელს სწავლაში, გამორჩეულებს კი საზღვარგარეთაც გზავნიდა.
იყო გელათი - მონუმენტური ქმნილება სამონასტრო კომპლექსითა და აკადემიით.
იყო დიდგორიც - ძლევა საკვირველი. რასაც მრავალსაუკუნოვანი ტყვეობიდან თბილისის გამოხსნა მოჰყვა.
იყო საოცარი ზრუნვა საკუთარ ქვეშევრდომებზე - უამრავი ქსენონი გაჭირვებულთა და სნეულთათვის. თავად ამოწმებდა ავადმყოფთათვის განკუთვნილ საჭმელსა თუ ქვეშაგებელს.
იყო საოცარი გულმოწყალება და ქველმოქმედება - ჰქონდა ქისა, რომელშიც ყოველდღე დაუთვლელად ყრიდა ფულს. სავსე ქისით გარეთ გამოსული ამ ფულს უპოვართ ურიგებდა. თუ ქისას იმ დღესვე ვერ დაცლიდა, განიცდიდა - არ შემიწყალაო დღეს ქრისტემ.
იყო საოცარი კრძალვა ხატებისა და სიწმინდეების მიმართ, საოცარი სიყვარული ღვთისა და მისი ქმნილებისა, საოცარი სინანული საკუთარი ცოდვების გამო.
1089 წელს გამეფდა.
1125 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა.
ქართველმა ხალხმა მას აღმაშენებელი უწოდა. ქართველმა ეკლესიამ იგი წმინდანთა შორის შერაცხა და ხსენებად მისი გარდაცვალების დღე დააწესა.
21-ე საუკუნის ქართველობამ კი არათუ მისი დანატოვარის მოვლა შეძლო, მისი ძეგლიც კი გააძევა თბილისის შუაგულიდან. რას ვიზამთ - ტექნიკისა და ტექნოლოგიების ზეობის ხანაში სწორედ ველოსიპედი უფრო "შეეფერება" დემოკრატიული ევროპული მიმართულების მქონე სახელმწიფოს დედაქალაქის ცენტრს, ვიდრე მეფე, რომელიც შუასაუკუნეების სიღრმიდან მოგვძახის - იდიდგორეთ და იქართველეთო. ნუთუ ასე მოგვჭრა მისმა ძახილმა ყური?!.
მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისთვის)