რეიტინგსშეწირულები - კვირის პალიტრა

რეიტინგსშეწირულები

იყო ასეთი ჟურნალისტი, მარი კოლვინი, რომელიც ძირითადად, კონფლიქტებს აშუქებდა და სირიის სამოქალაქო ომში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ბრიტანული გამოცემის "THE SUNDAY TIMES"-ის 56 წლის ჟურნალისტი ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მარი კოლვინი "CNN"-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის სიკვდილის კადრების ფონზე ამბობდა, რომ: "ასეთი სურათების აღწერა მნიშვნელოვანია, რომ იმ საზოგადოებამ, რომელიც აქ არ არის, იცოდეს რა ხდება. როცა არ იცი რა ხდება, კონფლიქტი შორეულია და თითქოს შენ არ გეხება.". ჟურნალისტი იმასაც ამბობდა, რომ დიდხანს იფიქრა სანამ ამ კადრების აღწერას დაიწყებდა, რადგან საქმე პატარა ბავშვს და შესაბამისად, ეთიკას ეხებოდა, მაგრამ ბოლოს, საზოგადოებრივმა სიკეთემ ყველანაირი ბარიერი გადალახა და მსოფლიომ უმძიმესი კადრები იხილა.

ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ როგორ ამბობენ ჟურნალისტები უარს კონკრეტული ადამიანების დაცვაზე , როცა ამის სანაცვლოდ საზოგადოება არანაირ სიკეთეს, არანაირ სასრგებლო და საჭირო ინფორმაციას არ იღებენ. როცა შვილმკვდარი მშობლის, ან სასოწარკვეთილი მამის ინტერვიუ მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება.

დღეს ქართული მედია არღვევს ეთიკის ნორმებს, მაგრამ ამის საფუძველი უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთის მოტანა არაა, ამის მიზეზი რეიტინგია. დღეს ფიქრობენ, რომ სასოწარკვეთილი მშობლის დანახვა უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს, ხოლო:

მეტი ადამიანი = მეტი მაყურებელი = მეტ რეიტინგს = ბევრ ფულს.

გამოდის. რომ დღეს ადამიანის უბედურება აუცილებელი ვაჭრობის საგანია. ეს ვაჭრობა გრძელდება იქამდე, სანამ საზოგადოება არ "შეთანხმდება", რომ ვაჭრობის ობიექტი "საწყალია".

სწორედ, ასეთ შემთხვევად მიმაჩნია იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მოხუცი მამა. რეიტინგმა კიდევ ერთხელ გადაწონა დემოკრატიის უმთავრესი ღირებულება - ადამიანი. მედიის "დამსახურებით", ჩვენ წინაშე აღმოჩნდა უმწეო მამა. ვინ იცის, აგრესიული ჟურნალისტის გვერდით მდგარი უმწეო მოხუცი რომ არ გვენახა ტელეეკრანიდან, ალბათ, მასაც მივაკერებდით რაიმე "იარლიყს". ჩვენ ბოროტებას ყოველთვის ბოროტებითვე ვპასუხობთ, გვიყვარს ბოლომდე დაცემული ადამიანის ნახვა. იმ ბოლომდე დაცემულის ნახვა, რომელსაც მერე ჩვენვე შევიბრალებთ და დახმარების ხელს გავუწოდებთ.

თუ რატომ ჩართეს პირდაპირ ეთერში დაკავებულის მამა, "იმედის კვირის" წამყვანის ინგა გრიგოლიას განმარტება ასეთია:

"მამა ძალით არავის ჩაურთავს,მისი სურვილი იყო,სათქმელი ეთქვა ....ხმაურიან მკვლელობას რომ აშუქებთ, იშვიათად მახსენდება რეპორტაჟი, ეჭვმიტანილის ოჯახი რომ არ ჩაგეწეროთ. სოსანაშვილის ოჯახიც თითქმის ყველამ ჩაწერა - ყველა არხმა და პირდაპირ ეთერში რომ თქვა იგივე, რაც სხვაგან რეპორტაჟებში,ამან აგაღელვათ??? ეთიკაზე მორალი საკუთარ თავებს უკითხეთ, ბევრი რამ შემიძლია შეგახსენოთ თუნდაც უახლოესი წარსულიდან მართლა არაეთიკური, ჰოდა , ნუ გამომიხვედით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები...უსაგნო ღელვას შეეშვით,განსაკუთრებით ისინი,რაფალიანცის, მკვლელი პირდაპირ ეთერში რომ დაასახელებინეთ ბერიკაშვილს... ", - წერს ინგა გრიგოლია.

ქალბატონო ინგა, იშვიათად რომ გახსენდებათ რეპორტაჟი ეჭვმიტანილის ოჯახი არ ჩაეწეროთ, მაგით ამართლებთ აკანკალებული მოხუცის, რომელსაც ლაპარაკის თავის აღარ ჰქონდა, უმძიმესი დღის ბოლოს, პირდაპირ ეთერში ჩართვას?! ან ერთის უღირსი საქციელით მეორის უღირსობა, როდის აქეთ მართლდება?! თქვენი პასუხი, - "ნუ გამომიხვედით რომის პაპზე უფრო კათოლიკეებიო", სხვა არაფერია, თუ არა თავის მართლება.