როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო ძეხვის შეძენა
"ყველა პროდუქტს ინდივიდუალური შენახვის ვადა აქვს. შეუფუთავი სახით მოხარშული ძეხვეული კონსერვანტების დამატების გარეშე ინახება 5-7 დღე, შებოლილი ძეხვეული ინახება 15-30 დღე სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას."
"საინტერესოა მომჭკნარი ზედაპირის თემაც, დაუშვებელია ასეთი ზედაპირის არსებობა მოხარშულ ძეხვეულში, თუმცა ეს ნიშანი მოხარშულ-შებოლილი და ნედლადშებოლილი პროდუქციისთვის მახასიათებელი თავისებურებაა."
დღეს, თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და დინამიური რიტმის გათვალისწინებით, ადამიანების უმრავლესობა არჩევანს ისეთ საკვებზე ვაკეთებთ, რომლის მომზადებაზეც დიდ დროს არ დავკარგავთ. შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგენილი ძეხვეულის, სოსისების, შებოლილი შაშხების ფართო ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გვიიოლებს ცხოვრებას და ამასთან ერთად, დროის დაზოგვაშიც გვეხმარება.
თუმცა, საქართველოში ხშირად გვხდება უხარისხო, კუსტარულად დამზადებული, ან სულაც სავაჭრო ობიექტის პერსონალის უყურადღებობის გამო ვადაგასული ძეხვეული, რისი შემჩნევაც ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით არც ისე ადვილია. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ძველი და ახალი, ხარისხიანი და უხარისხო სოსისი თუ ძეხვი, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მათი შენახვისას - ამის თაობაზე კომპანია "ნიკორას" ტექნოლოგი, ნანა პერტენავა გვესაუბრება.
- ქალბატონო ნანა, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო ძეხვეული?
- როდესაც ძეხვეულის ხარისხიანობაზე ვსაუბრობთ, მომხმარებლისთვის გარეგნულად მისი გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია. პირველი, რაც თვალშისაცემია, ხარისხიანი ძეხვეული უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის მშრალი ზედაპირით, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი საღებავის ფერი და არ იყოს დაობებული. ეს ის მახასიათებლებია, რომლის შემჩნევაც ვიზუალურად შესაძლებელია.
- როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ დაძველებულ ძეხვეულთან გვაქვს საქმე?
- თუ ძეხვეული არის მუქი ფერის, შემხმარი ზედაპირით, ლორწოვანი გარსით, აქვს არასასიამოვნო მომჟავო სუნი, ეს ნიშნები მეტყველებს პროდუქტის სიძველეზე. პროდუქციას ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები - ზოგიერთი სახეობის გარდა (ნედლად შებოლილი ობიანი ძეხვეული); საინტერესოა მომჭკნარი ზედაპირის თემაც, დაუშვებელია ასეთი ზედაპირის არსებობა მოხარშულ ძეხვეულში, თუმცა ეს ნიშანი მოხარშულ-შებოლილი და ნედლადშებოლილი პროდუქციისთვის მახასიათებელი თავისებურებაა.
- საშუალოდ რამდენი ხანია ძეხვეულს შენახვის ვადა?
- ყველა პროდუქტს ინდივიდუალური შენახვის ვადა აქვს. შეუფუთავი სახით მოხარშული ძეხვეული კონსერვანტების დამატების გარეშე ინახება 5-7 დღე, შებოლილი ძეხვეული ინახება 15-30 დღე სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას.
რაც შეეხება შეფუთულ პროდუქციას, მათი შენავის ვადები დამოკიდებულია ვაკუუმ და დაცულ ატმოსფერული შეფუთვაზე. აღნიშნული მეთოდები ზრდის პროდუქციის შენახვის ვადებს. დაცულ შეფუთვაში არსებული ატმოსფერო უზრუნველყობს პროდუქტის უსაფრთხო შენახვას, საგემოვნო თვისებების, ხარისხისა და არომატის შენარჩუნებას. პროდუქტი უფრო დაცულია დაბინძურებისაგან და შესაბამისად, ხარისხის გაცილებით სტაბილურია.
- რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი ძეხვეული?
- მომხმარებელი უნდა მოერიდოს ძეხვეულის ქუჩაში შეძენას. ხშირია შემთხვევები, როცა ქუჩაში გამოტანილ ძეხვეულზე შენახვის ვადა მითითებულია 3-6 თვე, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, თუ საქმე ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს. ამას გარდა, ქუჩაში ჰიგიენის ნორმების და პროდუქტის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა პრაქტიკულად გამორიცხულია.