"ივანიშვილი თავიდანვე პოტენციურ კონკურენტად მთვლიდა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი თავიდანვე პოტენციურ კონკურენტად მთვლიდა"

"ქვეყანას დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი მართავს"

"საჭიროდ მივიჩნევდით პროკურატურაში რეფორმის განხორციელებას, რისი წინააღდმეგიც იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი."

"ამ ადამიანების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ივანიშვილმა საკუთარი თავი გაშიფრა, როგორც ამ პოლიტიკური თავდასხმის ორგანიზატორმა."

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ თავდაცვის სამანისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრით დავიწყეთ.

- ბატონო ირაკლი, თქვენი მინისტრობის დროს ლაპარაკობდნენ, რომ ადმინისტრაციის უფროსად იურისტი კოტე ყიფიანი იმავე პოზიციაზე დანიშნეთ, რომელიც მას 2006 წელს კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში ეკავა. ეს ირიბად ხომ არ მინიშნებს იმაზე, რომ ალასანია მინისტრობისას "ნაციონალებს" მფარველობდა? ამჟამინდელმა მინისტრმა კი მაღალ თანამდებობაზე დანიშნა პიროვნება, რომელსაც პოლიტპატიმრები წამებაში ღიად ადანაშულებენ...

- საქართველოში უნდა მივეჩვიოთ საჯარო მოხელეების პატივისცემა ისინი პოლიტიკოსები არ არიან. მათი შეცვლა ისეთი სიხშირით არ უნდა ხდებოდეს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის. ჩვენი დამოკიდებულება არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული კონკრეტული პიროვნება სხვა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდა, თუ - არა. თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, თუ ადამიანი კონკრეტულ დანაშაულშია მხილებული, ბუნებრივია ამისთვის მტკიცებულებები უნდა არსებობდეს. რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მიმაჩნია, რომ ეს სამინისტროსთვის დამაზიანებელია. ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის თავდაცვის სტრუქტურა გამორჩეული და ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვის ერთ - ერთი ყველაზე დიდი გარანტია. ამიტომ, ასე ნაკადით თავდაცის სამინისტროდან საჯარო მოხელეების გაშვება, ამ სისტემის დემორალიზაციას მოახდენს. ამასთანავე, სამხედრო მოხელეებში უსამართლობისა და იმედგაცრუების გრძნობას გამოიწვევს. ერთ-ერთი მიღწევა, რითიც ვამაყობ არის ის, რომ ამ სისტემის სრული დეპოლიტიზაცია მოვახდინეთ. თუმცა, მსგავსი დამოკიდებულებები ამ სასიკეთო ძვრებს, პირიქით შეატრიალებს, რაც გულდასაწყვეტია.

- ეს რისი ბრალია?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამოკვეთილი ოპონენტი ვიყავი, ამ უწყებაში მისვლისას შევინარჩუნე ის კადრები, რომლებსაც სისტემისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. იგივე ყიფიანი, რომელზეც თქვენ მკითხეთ, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა, მანამდეც მსახურობდა ჯარში, ამიტომ დავტოვე.

- რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ეს ადამიანები ირაკლი ალასანიას შეეწირნენ თუ დანაშაული მართლაც მოხდა?

- ეს ადამიანები არასწორ პოლიტიკურ თამაშს შეეწირნენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პარტიის, კონკრეტულად კი ჩემს წინააღმდეგ დაიწყო. ბუნებრივია, ეს დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ივანიშვილის დამოკიდებულება თავდაცვის მინისტრის მიმართ ყოველთვის ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან იყო. ამ ადამიანების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ივანიშვილმა საკუთარი თავი გაშიფრა, როგორც ამ პოლიტიკური თავდასხმის ორგანიზატორმა. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული პირები ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები არიან. ამ ადამიანების უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პროკურატურის მოთხოვნამ - 2 თვით სასამართლო პროცესი გადაწიონ, მათი უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პროკურატურას მტკიცებულებები და გამოკვეთილი მოტივი არ აქვს. სწორედ ამიტომ ცდილობენ დროის გაჭიანურებას. თუმცა, ადრე თუ გვიან სასამართლო პროცესი გაიმართება და გამოაშკარავდება, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანას დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი მართავს, რომელსაც პროკურატურა პოლიტიკური დიქტატის ქვეშ ჰყავს. რაც საზოგადოების თვალში ხელისუფლების იმიჯს ლახავს. პრაქტიკულად, მთელი საქართველო მოვიარე და ვხედავ საზოგადოების განწყობას. მათ ქვეყნის მართვის ასეთი სტილი არ მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს და შემდეგ არჩევნებამდე სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს ან საერთოდ არ ჩაერიოს პოლიტიკურ აქტივობებში.

- მაინც რატომ გახდით მისთვის ასეთი მიუღებელი?

- ამას დრო უფრო ნათლად წარმოჩენს. რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამყარებაში ფუნდამენტალურად განსხვავებული პოზიციები აღმოგვაჩნდა, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა. ივანიშვილი ალბათ, თავიდანვე პოტენციურ კონკურენტად მთვლიდა, რისი მიზეზიც არასდროს მიმიცია. ჩვენი პარტია ყოველთვის კოალიციის ერთგული იყო, იმ მიზნების მიმართ, რაც ერთად დავისახეთ. მე მისი მადლიერი ვარ, მან 2012 წელს განხორციელებულ ცვლილებაში განუსაზღვრელი როლი ითამაშა. თუმცა, ეს არ აძლევს იმის უფლებას, რომ კულუარებიდან მართოს ქვეყანა.

- ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო დაპირებისამებრ, მესამე წელი ქვეყნისთვის ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ რთული წელი გველოდება, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დანაპირების შესრულება?

- "თავისუფალი დემოკრატები" ჩვენს მიერ მიცემული პირობის ერთგულნი ვრჩებით. გარკვეულ სფეროებზე, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა ჩვენი დანაპირები შევასრულეთ. ნატოს სამიტი წარმატებულად ჩავატარეთ, შეიარაღებული ძალები განვავითარეთ. ნატომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ბაზა იქნება, რომელსაც შეუქცევადი ხასიათი მივეცით. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდება. საჭიროდ მივიჩნევდით პროკურატურაში რეფორმის განხორციელებას, რისი წინააღდმეგიც იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი. ამ კუთხით აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა.

- ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები საკმაოდ საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება. ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავთ?

- მიზანშეწონილად მიმაჩნია პატივი ვცეთ კონსტიტუციის ვადებს და არჩევნები თავის დროზე ჩატარდეს. თუმცა, ჩვენც ვგძნობთ სამზადისს ვადამდელი არჩევნებისთვის, ხმებიც გამოდის თითქოს შემოდგომაზე შეიძლება ჩატარდეს. თუ ეკონომიურმა კრიზისმა იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ კოლაფსი გამოიწვია, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მაშინ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს არაორდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

- კარგა ხანია,რაც კულუარებში ბაქარძე-რურუა-ალასანიას შესაძლოა გაერთიანებაზე ლაპარაკობენ, რაც გასულ კვირას ნიკა რურუამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ირიბად დაადასტურა, რომ ის სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ირაკლი ალასნიასთან ურთიერთობასც არ გამორიცხავს. რას იტყვით ამაზე და მართლაც აპირებთან "ნაცინალურ მოძრაობასთან" მოკავშირეობას?

- ჩვენ ნათლად ვთქვით, არავისთან პოლიტიკურ ალიანსში შესვალს არ ვაპირებთ. არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ. მაქვს შინაგანი რწმენა, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" როგორც ხელისუფლების ალტერნატივას, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

- ანუ ეს ჭორი საფუძველს მოკლებულია და ამაზე საუბარი თქვენს და რურუას შორის არ ყოფილა?

- ამაზე საუბარი არც ყოფილა და არც იქნება.

- ივანიშვილმა თქვა, რომ ალასანია ვერ იტყვის თითქოს მის საქმეებში ვერეოდიო, თქვენ ამბობთ რომ რეალურად ის მართავს ქვეყანას, რა გამოდის?

- ჩემს საქმეში ვერ ერეოდა, რადგან დასარეკი პირი არ ჰქონდა. ინიციატივებზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან მოდიოდა, პრემიერ ღარიბაშვილისგან პასუხს ვერ ვიღებდით. დაახლოებით ათზე მეტი ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მივწერეთ გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შემოწმება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შეუძლია. არც ერთზე პასუხი არ მიმიღია, რადგან ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილს ამის ნებას მოქმედ პრემიერს არ აძლევდა. ივანიშვილი ღარიბაშვილის სახით გადაწყვეტილებებს მიბლოკავდა. ღარიბაშვილი ყველაზე სუსტი რგოლია მთავრობაში. პრაქტიკულად, ის უფუნქციოდ არის დარჩნილი.

- როგორ შეაფასებთ ე.წ. კორტების საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებებს? ასევე, ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის დაკავებას? როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ საარჩევნო დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის პროცესი ახლა რატომ დაიწყო, აქამდე ამაში ხელს რა უშლიდა?

- მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობის მიმართ სრული უნდობლობა გამაჩნია, ვთვლი, რომ ამ საქმის გამოძიება ჩვენი ერის ღირსების საკითხია. დეტალურ სპეკულაციაში ვერ შევალ. სასიხარულოა ის ცნობა, რომ ბრალდებული გამომჟღავნებულია, მაგრამ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ბრალდებამ კვალიფიციური მტკიცებულებები, ასევე მოტივი და შემკვეთის ვინაობა უნდა გამოავლინოს. ეს იქნება პასუხი საზოგადოების მოთხოვნაზე. ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯია გადადგმული. მანამდე რაიმე სახის განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სამართლიანობის პროცესის აღდგენის შესახებ, ეს აბსულუტურად დაგვიანებულია. აქამდე პროკურატურის ხელმძღვანელობაში ამ საქმეების გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ამ დაგვიანებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)