"ვის რაში სჭირდება მეგრული ტელევიზია?!" - რუსეთის კიდევ ერთი მზაკვრობა
"რას ემსახურება მეგრული ენის ასე განვითარება? მეგრელები ისედაც ლაპარაკობენ მეგრულად, სულ არ არის საჭირო მეგრული ტელევიზია ფუნქციონირებდეს, რადგან ეს არის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გამოვლინება და არ ემსახურება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს."
2007 წელს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა იმჟამად, როგორც ჩანს, ეს პროექტი ვერ განხორციელდა, ან იმ ეტაპზე ამ აშკარად რუსული გეგმის ხორცშესხმა, საჭიროდ არ მიიჩნიეს. გასული წლის მიწურულს ეს საკითხი ისევ გააქტიურდა. რამდენიმე დღის წინ კი გალის რაიონის დე ფაქტო გამგებლის, თემურ ნადარაიას ცნობით, ახალი ტელეარხი ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე კეთდება, მისი სტუდია გალის ფოსტის შენობაში განთავსდება, მაუწყებლობა კი აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე იქნება. ასევე ითქვა, რომ ახალი არხის სიგნალი, აფხაზეთთან ერთად, მთელს დასავლეთ საქართველოს მოიცავს. გალში ტელემაუწყებლობის დაწყებას პირველი მარტიდან გეგმავენ.
ამ საკითხზე დავუკავშირდით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და მისი აზრით დავინტერესდით:
- დავაზუსტებ ინფორმაციას, მზაკვრულად კეთდება აფხაზურ-რუსულ-მეგრული ტელევიზია, რომელიც მიზნად ისახავს ცნობილი პოლიტიკის "გათიშე და იბატონე" განხორციელებას. რუსეთის ცარიზმიდან დაწყებული, დღემდე ეს პოლიტიკა ტარდებადა და ტარდება. აშკარაა, რომ ეს მოსკოვის ინიციატივით კეთდება, შესაბამისად ეს შემოთავაზება აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელია. მინდა გალელებს ვთხოვო, ვისაც მიესვლება გალში მომუშავე ჩინოვნიკებთან, მივიდნენ და დაუსვან კითხვა, რას ემსახურება ე.წ. მეგრული ტელევიზიის შექმნა, არ ჯობია ამაზე დასახარჯი სახსრები მივმართოთ აფხაზური ენის სწავლებისა და აფხაზური მწერლობის განვითარებისკენ. ამ კითხვას თუ დასვამენ, მათ არ ემუქრება არავითარი რეპრესიები. ამას ვლაპარაკობ როგორც გალელი, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს გალში, მაგრამ ზუსტად ვიცი იქ არსებული მდგომარეობა.
ეს ფაქტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას რომ უწყობდეს ხელს, ყველა კმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უვარგისი ჩანაფიქრი, პროვოკაცია, რომელსაც თავად აფხაზებიც და გალის მაცხოვრებლებიც წამოეგებიან. ვის რაში სჭირდება მეგრული ტელევიზია?! ვინ უნდა უყუროს ამ ტელევიზიას, ან რაზე უნდა ილაპარაკონ, რას ემსახურება ეს ფაქტი, რას ემსახურება მეგრული ენის ასე განვითარება? მეგრელები ისედაც ლაპარაკობენ მეგრულად, სულ არ არის საჭირო მეგრული ტელევიზია ფუნქციონირებდეს, რადგან ეს არის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გამოვლინება და არ ემსახურება, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს. ეს პოლიტიკა არც აფხაზებს და არც რუსებს არ გადმოადგებათ.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?
- არ მგონია ამის გამო ვინმემ ომი დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ იქნება სასიამოვნო, როდესაც ქართველები ერთიანობისთვს იბრძვიან, ამ დროს გალში მეგრული ტელევიზია ფუნქციონირებდეს. ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მოვახმარო აფხაზური ენის განვითარებასა და პოპულარიზაციას, და უმჯობესი იქნება თუ ამ საქმეში მოგვეხმარებიან, იმის მაგივრად, რომ რუსული პოლიტიკის განვითარებას შეუწყონ ხელი.
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)