სიზმარი
ნაცრისფერი სახლი
ცივი დილა იყო და თბილიც. თებერვალიც იყო და მარტიც იწყებოდა.
მან გაიღიმა, მაგრამ ჯერ კიდევ ეძინა. აშკარად რაღაც კარგი ესიზმრა. მერე გვერდზე გადაბრუნდა და ისევ გაიღიმა, სასიამოვნოდ შეიშმუშნა და გამოეღვიძა.
გამოეღვიძა და ლამაზი სიზმარიც გაქრა. სიზმარი, რომელშიც საყვარელმა ბიჭმა სიყვარული აუხსნა, გუშინდელი ნისლივით გაიფანტა.
სახლში, სადაც გოგონა ცხოვრობდა, სულ ციოდა. ნაცრისფერ, ჩაჟამულ კედლებში ყველა ოცნება იმსხვრეოდა, მარტოობაში დღეები ილეოდა.
ყველაფერს პროფესიული წარუმატებლობაც თან ერთვოდა.
იმ დღეს კი... ისევ ცივი და თან თითქოს ოდნავ თბილი დილა გათენდა.
ახლა ის უნდა ადგეს, ისაუზმოს, გაყინული და ოდნავ თბილი სახლი ცოტა მაინც გაათბოს და კიდევ ერთხელ წავიდეს სამსახურის საძებნელად მეგობართან ერთად. თუმცა არა... მას ხომ არ ჰყავს მეგობრები. არა, როგორ არ ჰყავს. უბრალოდ ბოლო დროს ყველამ დაივიწყა...
თუმცა არა, ის მგონი სულ სხვას აპირებს:
- სამსახურს აუცილებლად ვიშოვი... მალე... აი ნახავ, შენც მალე ამიხსნი სიყვარულს.
თქვა მან, გადაბრუნდა და ცოტა ხნით კიდევ დაიძინა, იმ იმედით, რომ სიზამრი ისევ გაგრძელდებოდა...
ყვითელი სახლი.
ისევ დილა იყო. გარეთ ციოდა, სახლში თბილოდა. თებერვალიც იყო და მარტიც მოდიოდა.
მან ისევ გაიღვიძა. ახლა უკვე ლამაზ სახლში გაიღვიძა, სადაც ძალიან თბილოდა. სახლი აღარ იყო ნაცრისფერი და ჩაჟამულ კედლებში აღარც ოცნებები იმსხვრეოდა. სახლი ახლა ყვითელი იყო. აქ ახლა ოცნებები სრულდებოდა.
ის გამოერკვა სიზმრიდან. საოცარია... თავისი ძველი, ნაცრისფერი სახლი ესიზმრა და ცოტა მოენატრა... ახლა ყველაფერი ჰქონდა, სამსახურიც, მეგობრებიც და თბილი სახლიც. ბავშვობის მეგობრები უყვარდა ძალიან, ის ადამიანები, რომლებიც როცა ნაცრისფერ სახლში ცხოვრობდა და არც სამსახური ჰქონდა, ძალიან ენატრებოდა...
ახლა ისაუზმებს და სამსახურში წავა. აგვიანდება, უკვე ისაუზმა. ჩაიცვა... კარი გამოიხურა და კიბეებს ჩაუყვა.
გარეთ ისევ ის ბიჭი დახვდა ყვავილებით ხელში, რომელიც ადრეც უყვარდა. ჰო, ადრეც და ახლაც. იცოდა, რომ ისიც ყვითელ სახლსა და სამსახურთან ერთად გაჩნდა. იცოდა, თუმცა ისე უყვარდა, ამაზე აღარც ფიქრობდა...
სალომე მუმლაძე