"კრიტერუმებს სრულად ვაკმაყოფილებ!" - ვის შეარჩევს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად?
"არ არის სააკაშვილი ჩემი მეუღლის ნათესავი! რაც შეეხება ჩემ განცხადებებს, ხელთ მაქვს პუბლიკაციების სია, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში გამოვაქვეყნე - ამ ნაწერებში ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად ჩანს. დეტალურ ინფორმაციას ვიღებდი საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ყოველთვის მტკიოდა ის პრობლემები, რაც ჩემ ქვეყანაში ხდებოდა."
"კონსულტაციები არავისთან მქონია"
14 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა. 28 შერჩეული კანდიდატიდან პრეზიდენტს თავისი ხედვა 27-მა გააცნო. 28-ე კანდიდატი, ანა დოლიძე, საქართველოში არ იმყოფება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა შერჩეული კანდიდატი 23 თებერვლამდე უნდა დაასახელოს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტის მიერ არჩეულმა წევრებმა პრეზიდენტს ევა გოცირიძის კანდიდატურა წარუდგინეს, კულუარებში მას ხშირად ასახელებენ, როგორც თავმჯდომარეობის ყველაზე რეალურ კანდიდატს... თუმცა საზოგადოების ნაწილი, ევა გოცირიძეს, რომელიც მინდია უგრეხელიძის მეუღლეა, გარკვეულ ბრალდებებს უყენებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესსა და საკუთარ შანსებზე ევა გოცირიძე გვესაუბრება:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პირველ რიგში, პრინციპული და პირნათელი ადამიანი უნდა იყოს, რომლისთვისაც სამართლიანობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა ნამდვილ ღირებულებას წარმოადგენდეს. უზენაესი სასამართლოს მომავალმა თავმჯდომარემ სასამართლოსადმი ნდობის აღდგენაც უნდა მოაერხოს და რაც მთავარია, სისტემა პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფების გავლენებისგან დაიცვას - მოსამართლეს არ უნდა ქონდეს შიში, რომ თუ კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, "ძლეირნი ამა ქვეყნისანი" მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ვფიქრობ, ამ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარეობის კრიტერიუმებს სრულად ვაკმაყოფილებ, რადგან განვლილი ცხოვრებით სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეის ერთგულება დავამტკიცე. არასოდეს ვეგუებოდი მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებს და მიმაჩნდა, რომ სასამართლოს სამართლიან და დამოუკიდებლად ჩამოყალიბების გარანტორი, პირველ რიგში, საზოგადოება უნდა გამხდარიყო.
- სწორედ თქვენი საქმიანობა გახდა საზოაგდოების ნაწილისთვის მიუღებელი - ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში კოტე კუბლაშვილის მრჩეველი იყავით და სტრასბურგში სულხან მოლაშვილისა თუ სანდრო გირგვლიანის საქმეზე არაფერი გითქვამთ, არც ადამიანების წამება გაგიპროტესტებიათ და პარლამენტის მიერ აღიარებულ 220 პოლიტპატიმრის საქმეს შეუწუხებიხართ, პირიქით, როგორც გაჟღერდა, სტრასბურგში გარკვეულ საქმეებს აბრკოლებდით კიდეც.
- ეს მტკნარი სიცრუეა! ასეთი თანამდებობა, ზოგადად, არც არსებობს. არსებობს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ცხადდება სასამართლოში, როგორც მხარე და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ ამ თანამდებობაზე მე არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ოჯახური მდგომარეობის გამო, სტრასბურგში ვცხოვრობდი. ერთადერთი საქმიანი ურთიერთობა, რაც მქონდა სტრასბურგის სასამართლოსთან მაკავშირებს, ეს იყო კონტრაქტი, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებიდან - ინგლისურიდან და ფრანგულიდან გადაწყვეტილებების თარგმანს გულისხმობდა. ეს დავალება პირნათლად შევასრულე. არც იუსტიციის საბჭოს წევრი ვყოფილვარ და კარგი იქნება თუ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ინფორმაციას გადაამოწმებს. საქართველო 2000 წელს დავტოვე და წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, საქართველოში კი, არანაირი თანამდებობა არ მეკავა, მითუმეტეს, იუსტიციის საბჭოს წევრი არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ ვიქნებოდი, ვერც ორგანიზატორი და ვერც მონაწილე იმ რეჟიმისა, რასაც მაბრალებენ.
- ისიც ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენი მეუღლის ნათესავია. ისე, თუ საქართველოში წლების განმავლობაში არ ცხოვრობდით, რამდენად იცნობთ დღევანდელ რეალობას ან იმ პრობლემებს როგორ გაუმკლავდებით, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანანდებობაზე თქვენი დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება დაგხვდეთ?
- არ არის სააკაშვილი ჩემი მეუღლის ნათესავი! რაც შეეხება ჩემ განცხადებებს, ხელთ მაქვს პუბლიკაციების სია, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში გამოვაქვეყნე - ამ ნაწერებში ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად ჩანს. დეტალურ ინფორმაციას ვიღებდი საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ყოველთვის მტკიოდა ის პრობლემები, რაც ჩემ ქვეყანაში ხდებოდა.
- თქვენი წიგნებიც კი ეჭვქვეშ დადგა - მინდია უგრეხელიძის მეუღლეს მისი დაწერა არ გაუჭირდებოდაო. კიდევ ერთი საკითხი - რატომ დაგასახელათ საპატრიარქოს უნივერსიტეტმა კანდიდატად, როცა თქვენი მეუღლე იმავე უნივერსიტეტში კათედრის გამგეა?
- ეს იმდენად სასაცილო ბრალდებაა, რომ ვერაფერს ვიტყვი. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ წიგნები მე დავწერე, დამელაპარაკოს. რაც შეეხება ჩემი და ჩემი მეუღლის საქმიანობას, პედაგოგიური საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტს ვერასდროს წარმოშობს. ჰკითხეთ სტუდენტებს, მოსწონთ თუ არა ჩემი ლექციები.
- კულუარულად ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" საბოლოოდ, სწორედ თქვენ კანდიდატურაზე შეჯერდა. პრეზიდენტთან ან უმრავლესობის წევრებთან ამ საკითხზე კონსულტაციები გქონდათ?
- კონსულტაციები არავისთან მქონია, თუმცა პრეზიდენტის ინიციატივას პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართვის შესახებ, მივესალმები - ეს რეალურად დემოკრატიული პროცესია!
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)